ას-1040-975-2010 21 დეკემბერი, 2010 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პ. ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვ. როინიშვილი, ნ. კვანტალიანი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ ბ. ლ-ძე
მოწინააღმდეგე მხარე _ შპს “... პოლიკლინიკა”
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 29 სექტემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2010 წლის 3 თებერვალს გორის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა ბ. ლ-ძემ მოპასუხე შპს “... კლინიკის” მიმართ და მოითხოვა მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან მისი კუთვნილი ნივთების გამოთხოვა.
სარჩელის თანახმად, ბ. ლ-ძე წარმოადგენს შპს “... პოლიკლინიკის” დამფუძნებელ პარტნიორს 40%-იანი წილობრივი მონაწილეობით. შპს-ს დირექტორის ¹6 ბრძანებით შექმნილმა საინვენტარიზაციო კომისიამ 2009 წლის 5 ოქტომბერს გატეხა ბ. ლ-ძის სამუშაო ოთახი, სადაც ინახებოდა მოსარჩელის კუთვნილი 4 940 ლარის ღირებულების 78 დასახელების ნივთი. ეს ნივთები გატანილ იქნა ოთახიდან. მიუხედავად არაერთი მოთხოვნისა, ბ. ლ-ძისათვის კუთვნილი ნივთები არ დაუბრუნებიათ (ტომი 1, ს.ფ. 1-11, 97-99).
გორის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 29 მარტის გადაწყვეტილებით ბ. ლ-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
რაიონულმა სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლზე და მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით არ დასტურდებოდა, რომ სარჩელში დასახელებული ნივთები წარმოადგენდა ბ. ლ-ძის საკუთრებას და, რომ სწორედ ეს ნივთები იმყოფებოდა მოპასუხე საზოგადოების მფლობელობაში. რაიონული სასამართლოს მოსაზრებით, სარჩელში ჩამოთვლილი ნივთების მოპასუხის მიერ ფლობის დადასტურების შემთხვევაშიც, არ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი, რამდენადაც მოსარჩელემ ვერ მოახდინა იმ ნივთების ინდივიდუალიზება, რომლის ვინდიცირებასაც იგი მოითხოვდა და ვერ დაადასტურა საკუთრების უფლება მათზე (ტომი 1, ს.ფ. 103-110).
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბ. ლ-ძემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება (ტომი 1, ს.ფ. 113-121).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 29 სექტემბრის განჩინებით ბ. ლ-ძის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქმის მასალების თანახმად, აპელანტს სხდომის თაობაზე ეცნობა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, აპელანტი დანიშნულ დროს სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადებულა. მოწინააღმდეგე მხარემ _ შპს “... პოლიკლინიკის” წარმომადგენელმა აპელანტის გამოუცხადებლობის გამო მოითხოვა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილების, 229-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 275-ე მუხლის 1-ლი ნაწილის “გ” ქვეპუნქტის (რომელიც ამავე კოდექსის 372-ე მუხლის საფუძველზე გამოიყენება სააპელაციო ინსტანციით საქმის განხილვისას) შინაარსიდან გამომდინარე, სასამართლო ვალდებულია შეამოწმოს, არსებობს თუ არა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობები. უწინარესად სასამართლო უნდა დარწმუნდეს, რომ გამოუცხადებელი მხარე მოწვეული იყო საქმის განხილვაში და მას დროულად და კანონით დადგენილი წესით ეცნობა სასამართლო სხდომის დღის შესახებ. მოწვეულად ითვლება მხარე, რომელსაც სასამართლო უწყება გაეგზავნა და ჩაბარდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით. ამასთან, სასამართლო გამოცხადებული მხარის შუამდგომლობის საფუძველზე სააპელაციო საჩივარს განუხილველად დატოვებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაადგენს, რომ აპელანტისათვის სასამართლო სხდომაზე თარიღის შეტყობინების მიუხედავად, იგი სასამართლო სხდომაზე არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზე იყო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობები, კერძოდ: საქმეზე დგინდებოდა, რომ ბ. ლ-ძე კანონით დადგენილი წესით გაფრთხილებული იყო 2010 წლის 29 სექტემბრის სხდომის შესახებ; მასვე განემარტა გამოუცხადებლობის შედეგები, მაგრამ სხდომაზე იგი არ გამოცხადებულა და არც სასამართლოსათვის უცნობებია გამოუცხადებლობის მიზეზები; აპელანტის მოიწინააღმდეგე მხარე მოითხოვდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას (ტომი 2, ს.ფ. 40-42).
სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 29 სექტემბრის განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა ბ. ლ-ძემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.
კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობა განპირობებული იყო საქართველოში მისი არყოფნით. მითითებულ დროს იგი გერმანიაში იმყოფებოდა. ამის დასადასტურებლად კერძო საჩივარს თან ერთვის ბილეთის ორი ასლი, აგრეთვე, ელექტრონული ბილეთი (ტომი 2, ს.ფ. 46-48)
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ ბ. ლ-ძის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 29 სექტემბრის განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:
გასაჩივრებული განჩინებით ბ. ლ-ძის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას საფუძვლად დაედო სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 29 სექტემბრის მთავარ სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობა, რომელიც კანონით დადგენილი წესით მოწვეული იყო საქმის განხილვაში.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 29 სექტემბრის სხდომის თაობაზე აპელანტ ბ. ლ-ძეს ეცნობა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. კერძოდ, სასამართლო უწყება 2010 წლის 29 ივლისს ჩაბარდა აპელანტის მეუღლეს მარინე გიუნაშვილს (ტომი 2, ს.ფ. 34), რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74.1 მუხლის მიხედვით მიიჩნევა უწყების აპელანტისათვის ჩაბარებად.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილების თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, თუ მოპასუხე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ. ამავე კოდექსის 275-ე მუხლის 1-ლი ნაწილის “გ” ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე არ გამოცხადებულა, ხოლო მოპასუხე თანხმაა, სარჩელი განუხილველად იქნეს დატოვებული.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კანონის ზემოაღნიშნული ნორმები საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან ერთობლიობაში სრულიად ასაბუთებს ბ. ლ-ძის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების მართლზომიერებას.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სასამართლო სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების გადასინჯვა და საქმის განახლება უნდა მოხდეს იმ წესების დაცვით, რაც გათვალისწინებულია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გადასინჯვის მიმართ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.
აღნიშნული მუხლი განსაზღვრავს იმ გარემოებათა წრეს, რომელთა არსებობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს. ეს გარემოებები მითითებულია 233-ე მუხლის პირველ ნაწილში, მაგრამ ამ მუხლის ჩამონათვალი არაა ამომწურავი. გამოუცხადებელ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება, შეუძლია მიუთითოს სხვა გარემოებებზეც, რაც სასამართლო სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის მიზეზი გახდა და რომლის შესახებაც მას არ შეეძლო დროულად ეცნობებინა სასამართლოსათვის. ამასთან, კანონმდებელი ავალდებულებს მხარეს წინასწარ აცნობოს სასამართლოს სხდომაზე მისი გამოცხადების შეუძლებლობის და მიზეზის შესახებ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ასეთი შეტყობინება სხდომამდე შეუძლებელია. იმ გარემოებათა დამტკიცების ტვირთი, რომლებზეც მიუთითებს მხარე თავის საჩივარში, როგორც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე, ეკისრება მომჩივანს, ხოლო ამ გარემოებათა შეფასება იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად საპატიოა მხარის გამოუცხადებლობა – სასამართლოს უფლებამოსილებაა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს იმ გარემოებათა ჩამონათვალს, რომლებიც შეიძლება მიჩნეულ იქნეს სასამართლო პროცესზე მხარის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად. აღნიშნული ნორმის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იყოს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.
მოცემულ შემთხვევაში კერძო საჩივრის ავტორი გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას მოითხოვს იმ საფუძვლით, რომ სასამართლო პროცესზე მისი გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, კერძოდ, საქართველოში არყოფნით. აღნიშნულს საკასაციო სასამართლო ვერ მიიჩნევს მხარის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 29 სექტემბრის სხდომის დროისა და ადგილის შესახებ აპელანტს ეცნობა ჯერ კიდევ 2010 წლის 29 ივლისს, ანუ სასამართლო სხდომამდე ორი თვით ადრე. აქედან გამომდინარე, აპელანტს საკმარისი დრო ჰქონდა, რომ თავიდან აეცილებინა მისთვის არასასურველი პროცესუალური შედეგი _ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება. უპირველესად უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოდან საზღვარგარეთ გამგზავრება არ წარმოადგენს სასამართლო სხდომაზე მხარის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზს, თუ ეს არ არის გამოწვეული ავადმყოფობით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით. გარდა ამისა, აპელანტი ვალდებული იყო წინასწარ ეცნობებინა სასამართლოსათვის მისი საზღვარგარეთ გამგზავრებისა და დანიშნულ დროს სასამართლო სხდომაზე გამოცხადების შეუძლებლობის შესახებ, ამასთან, მოეთხოვა საქმის განხილვის სხვა დროისათვის გადადება, რაც მას არ გაუკეთებია. მხედველობაშია მისაღები ის გარემოებაც, რომ აპელანტს შეეძლო საქმე ეწარმოებინა წარმომადგენლის მეშვეობით, რაც ასევე არ განუხორციელებია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია, რის გამოც გასაჩივრებული განჩინება გაუქმებას არ ექვემდებარება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ბ. ლ-ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 29 სექტემბრის განჩინება.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.