საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
საქმე №17აგ-19 თბილისი
ს-ე ბ-ი, 17აგ-19 30 ივლისი, 2020 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ბ. ს-ის ინტერესების დამცველი ადვოკატების – ნ. ც-ის, ჯ. ხ-ასა და ზ. დ-ის საკასაციო საჩივრები ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 11 მარტის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 22 თებერვლის განაჩენით ბ. ს-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებიდან გადაკვალიფიცირდა ამავე მუხლის 1-ლ ნაწილზე; ბ. ს-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 2 წლით, 335-ე მუხლის მე-2 ნაწილით – 4 წლით, 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, 363-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – ჯარიმა 500 ლარი. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა მთლიანად და ბ. ს-ეს საბოლოოდ განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა – 500 ლარი, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. მსჯავრდებულს სასჯელის მოხდა დაეწყო 2006 წლის 4 ივნისიდან.
2. ამავე განაჩენით პროკურორსა და ვ. ბ-ას შორის გაფორმდა საპროცესო შეთანხმება ბრალზე.
3. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 11 ოქტომბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 27 დეკემბრის განჩინებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 11 ოქტომბრის განაჩენში შევიდა ცვლილება: „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2007 წლის 29 ნოემბრის კანონის მე-2 მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების საფუძველზე, ასევე, ამავე კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის გათვალისწინებით, მსჯავრდებულ ბ. ს-ეს გაუნახევრდა საქართველოს სსკ-ის 363-ე მუხლის 1-ლი ნაწილით ჯარიმის სახით დანიშნული სასჯელი – 500 ლარი; მასვე საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 335-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 363-ე მუხლის 1-ლი ნაწილით საბოლოოდ განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა – 250 ლარი.
5. ბ. ს-ეს მსჯავრი დაედო: მოხელის მიერ მოტყუებით, ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით პირის იძულებაში ჩვენების მიცემისათვის; მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში, რამაც ფიზიკური პირის უფლებისა და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია; ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვაში; პირადი მოტივით, დოკუმენტების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებასა და გადამალვაში.
6. 2018 წლის 2 აპრილს ბ. ს-ემ შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, კერძოდ, საქართველოს სსსკ-ის 3321-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გადასინჯვა, მისი გაუქმება და გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 11 მარტის განაჩენით ბ. ს-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 11 ოქტომბრის განაჩენსა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2007 წლის 27 დეკემბრის განჩინებაში შევიდა ცვლილება: ბ. ს-ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 335-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში; დანარჩენ ნაწილში თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 11 ოქტომბრის განაჩენი და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2007 წლის 27 დეკემბრის განჩინება დარჩა უცვლელად.
8. ადვოკატები – ნ. ც-ი, ჯ. ხ-ა და ზ. დ-ე საკასაციო საჩივრებით ითხოვენ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 11 მარტის განაჩენის ნაწილობრივ გაუქმებასა და ბ. ს-ის გამართლებას ბრალდების ყველა ეპიზოდში, შუამდგომლობაში მითითებული მოტივებით.
9. საქართველოს გენერალური პროკურატურის პროკურორი ანრი არსენიშვილი შესაგებლით ითხოვს, არ დაკმაყოფილდეს საკასაციო საჩივრების მოთხოვნები და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 25 მარტის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ ისინი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 3321-ე მუხლში მითითებულია ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის დამატებითი საფუძვლები, კერძოდ, ამ კოდექსის 310-ე მუხლში ჩამოთვლილ საფუძვლებთან ერთად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენი გადაისინჯება: „პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ და პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირთა შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 5 დეკემბრის №76-Iს დადგენილებით პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ პირად ან პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირად მიჩნეული მსჯავრდებულის მიმართ, თუ ეს განაჩენი გამოტანილია აღნიშნული დადგენილების მიღებამდე და შესაბამისი შუამდგომლობა სასამართლოს 2018 წლის პირველ ივლისამდე წარედგინება.
3. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 2012 წლის 3 ოქტომბრის №1900 რეზოლუციის (რომელიც წარმოადგენს სარეკომენდაციო ხასიათის დოკუმენტს) მე-5 მუხლზე, რომლითაც ასამბლეა მოუწოდებს ევროსაბჭოს წევრი სახელმწიფოების შესაბამის სახელისუფლებო ორგანოებს, გადააფასონ ყველა სავარაუდო პოლიტიკური პატიმრის საქმე რეზოლუციით განსაზღვრული კრიტერიუმების გათვალისწინებით და გაათავისუფლონ ისინი ან ხელახლა განიხილონ მათი საქმეები.
4. საქართველოს პარლამენტმა, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის 2012 წლის პირველი ნოემბრის სხდომაზე (ოქმი №-) შექმნილი, პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ და პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირთა საკითხების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის მიერ შესწავლილი მასალების საფუძველზე წარდგენილი, პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ და პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირთა სიების შესაბამისად, იხელმძღვანელა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 2012 წლის 3 ოქტომბრის №1900 რეზოლუციის მე-3 პუნქტის a, c, d და e ქვეპუნქტებით და 2012 წლის 5 დეკემბერს მიიღო „პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ და პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირთა შესახებ“ №76-Iს დადგენილება, რომლის მე-2 მუხლის თანახმად, პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირებად მიჩნეულ იქნენ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის 2012 წლის 30 ნოემბრის სხდომაზე (ოქმი №-) დამტკიცებულ, პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირთა სიაში დასახელებული პირები (დანართი №2), მათ შორის სიის 171-ე ნომერი - ბ. ს-ე, ხოლო ამავე დადგენილების მე-3 მუხლის მიხედვით, საქართველოს პარლამენტს დაევალა ამ დადგენილების პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრულ პირთათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლების ან/და სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობის სამართლებრივი მექანიზმების უმოკლეს ვადაში შექმნა, რაც განხორციელდა კიდეც, კერძოდ:
· „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის 22-ე მუხლის საფუძველზე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლდა პირი, რომელსაც აღნიშნული დადგენილებით მინიჭებული აქვს პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული ან პოლიტიკური ნიშნით სისხლისსამართლებრივად დევნილის სტატუსი;
· ხოლო სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობის სამართლებრივი მექანიზმი გაიწერა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის 25-ე მუხლში, რომლის თანახმად, ყველა პირს, რომელზეც გავრცელდება ამ კანონის მოქმედება, უფლება აქვს, ისარგებლოს თავისი სისხლის სამართლის საქმის სამართლიანი სასამართლოს მიერ განხილვის უფლებით.
5. ამასთან, აღნიშნულ პირთა დარღვეული უფლების აღსადგენად ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო კანონიერ ძალაში შესული განაჩენების გადასინჯვის საფუძვლების გაფართოებისა და ამ გზით პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ და დევნილ პირთა სამართლებრივი რეაბილიტაციის ხელშეწყობის მიზნით („საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2016 წლის 22 ივნისის კანონის პროექტის განმარტებითი ბარათი), საქართველოს პარლამენტმა 2016 წლის 22 ივნისს მიიღო კანონი „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“. ამ კანონით საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 3321-ე მუხლს დაემატა მე-2 ნაწილი, რომელშიც გათვალისწინებულია ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის კიდევ ერთი, დამატებითი საფუძველი, კერძოდ - „პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ და პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირთა შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 5 დეკემბრის №76-Iს დადგენილებით განსაზღვრულ პირებს მიეცათ მათ მიმართ გამოტანილი განაჩენების ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადასინჯვის (საქმის ხელახლა განხილვის) შესაძლებლობა.
6. მოცემულ შემთხვევაში, მართალია, მსჯავრდებულ ბ. ს-ეს სააპელაციო სასამართლოში ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ შუამდგომლობა წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 3321-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნათა შესაბამისად, კერძოდ: განაჩენი მსჯავრდებულ ბ. ს-ის მიმართ გამოტანილია 2007 წლის 11 ოქტომბერს – აღნიშნული დადგენილების მიღებამდე, ხოლო შუამდგომლობა სააპელაციო სასამართლოს წარედგინა 2018 წლის 2 აპრილს – სსსკ-ის 3321-ე მუხლში მითითებულ ვადაში – 2018 წლის პირველ ივლისამდე, რის საფუძველზეც სააპელაციო სასამართლომ დასაშვებად ცნო შუამდგომლობა და განიხილა კიდეც, მაგრამ საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ზემოაღნიშნული აქტები არ წარმოადგენს შუამდგომლობის უპირობოდ დაკმაყოფილებისა და მსჯავრდებულის გამართლების საფუძველს.
7. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო მიმდინარე სამართალწარმოების პროცესში წარმოდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებების ანალიზის, მათი სანდოობისა და უტყუარობის შემოწმების შედეგად საეჭვო გახდა ბ. ს-ის ბრალეულობა საქართველოს სსკ-ის 335-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. საქართველოს კონსტიტუციისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყოველგვარი დაუდასტურებელი ეჭვი, „in dubio pro reo-ს“ პრინციპის შესაბამისად, უნდა გადაწყდეს ბრალდებული (მსჯავრდებული) პირის სასარგებლოდ. საკასაციო პალატის აზრით, თბილისის სააპელაციო სასამართლომ, მითითებული პრინციპზე დაყრდნობით, სწორად გადაწყვიტა ეჭვი მსჯავრდებულის სასარგებლოდ და ბ. ს-ე გაამართლა საქართველოს სსკ-ის 335-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში, რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება.
8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კასატორთა მოთხოვნა ბ. ს-ის საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 333-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 363-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში გამართლების თაობაზე უსაფუძვლოა, ვინაიდან საქმეში არსებობს საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებები, რომლებითაც დასტურდება მსჯავრდებულ ბ. ს-ის მიერ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 11 ოქტომბრის განაჩენით დადგენილი, ზემოჩამოთვლილი დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენა, ხოლო საკასაციო საჩივრებში მსჯავრდებულის სასარგებლოდ მითითებული გარემოებები არ დასტურდება არც საქმეში არსებული მასალებით და არც ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო მიმდინარე სამართალწარმოების პროცესში წარმოდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებები იძლევა ბრალდების ამ ეპიზოდებში გამამართლებელი განაჩენის გამოტანის საფუძველს.
9. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ საქმის გარემოებები საქმეში არსებული მასალებისა და გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სამართლებრივად სწორად შეაფასა და მართებულად თქვა უარი შუამდგომლობის სრულად დაკმაყოფილებაზე, შესაბამისად, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორების მოთხოვნას მსჯავრდებულის ბრალდების სრული მოცულობით უდანაშაულოდ ცნობის შესახებ და ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს, რომ საქმეში მოიპოვება საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებები, რომლებითაც, როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, დასტურდება მსჯავრდებულ ბ. ს-ის მიერ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 333-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 363-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) შერაცხული დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენა.
10. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლება აქვთ, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, N49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). სამართლიანი სასამართლოს უფლება სასამართლოებს ავალდებულებს, ნათლად მიუთითონ საფუძვლები, რომლებსაც დაეყრდნენ გადაწყვეტილების მიღებისას(იხ. Taxquet v. Belgium [GC], no. 926/05, § 91, ECtHR, 2010, და Nikolay Genov v. Bulgaria, no. 7202/09, § 27, ECtHR,13/07/2017). აღნიშნული არ მოითხოვს მომჩივნების მიერ წარმოდგენილ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, §31, ECtHR,11/11/2011), სამართალწარმოების მხარეები უნდა ელოდნენ კონკრეტულ და მკაფიო პასუხებს იმ არგუმენტებზე, რომლებიც გადამწყვეტია სამართალწარმოების შედეგებისთვის (იხ.Tchankotadze v. Georgia, no. 15256/05, § 103, ECtHR,21/06/2016; და Deryan v. Turkey, no. 41721/04, § 33, ECtHR, 21/07/2015).
11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს სადავო განაჩენის გაუქმების ან მსჯავრდებულის სასიკეთოდ შეცვლის კანონით გათვალისწინებული რომელიმე პირობა, რის გამოც გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 314-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ბ. ს-ის ინტერესების დამცველი ადვოკატების – ნ. ც-ის, ჯ. ხ-ასა და ზ. დ-ის საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 11 მარტის განაჩენი დარჩეს უცვლელად;
3. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. ვასაძე