Facebook Twitter

ას-1048-982-2010 24 ნოემბერი, 2010 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

მ. სულხანიშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ ბ. ლ-შვილი

მოწინააღმდეგე მხარე _ სს “თ.”

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 5 ოქტომბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება

დავის საგანი – მორიგების აქტის ბათილად ცნობა, თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ბ. ლ-შვილმა სარჩელი აღძრა სასამართლოში სს “თ.-ს” მიმართ 2005 წლის 20 მაისის მორიგების აქტის ბათილად ცნობისა და მიყენებული ზიანის სრულად ანაზღაურების მიზნით სს “თ.-სათვის” 25000 ლარის დაისრების, ასევე უკანონოდ დაკისრებული ელექტრო ენერგიის საფასურის _ 2600 ლარის გადახდისაგან გათავისუფლების შესახებ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით ბ. ლ-შვილის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად აპელანტის მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო, ასევე განუხილველად იქნა დატოვებული ბ.ლ-შვილის კერძო საჩივარი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2008 წლის 29 დეკემბრის განჩინებით.

ბ. ლ-შვილმა განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა ამავე სასამართლოს 2008 წლის 17 ოქტომბრის განჩინების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება, რაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 5 ოქტომბრის განჩინებით განცხადება დარჩა განუხილველად.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ბ. ლ-შვილმა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 1 ნოემბრის განჩინებით კერძო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა სახელმწიფო ბაჟის _ 50 ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედნის წარმოდგენა.

ხარვეზის გამოსწორების მიზნით ბ.ლ-შვილმა განცხადებით მომართა სასამართლოს, წარმოადგინა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 7 აპრილის განჩინება, რომლითაც მას გადაუვადდა სახელმწიფო ბაჟის გადახდა და მოითხოვა კერძო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის გამოსწორებულად მიჩნევა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 10 ნოემბრის განჩინებით მხარის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, ხოლო მხარეს გაუგრძელდა ვადა ხარვეზის სულად გამოსწორებისათვის.

ხარვეზის გამოსწორების ვადის გაგრძელების შესახებ განჩინებაში არასწორად მიეთითა ფრაზა _ “არის ინვალიდი და მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება.”

დადგენილ ვადაში ბ.ლ-შვილმა განცხადებით მომართა სასამართლოს და აღნიშნა, რომ არ არის ინვალიდი, ამასთან მიუთითა მძიმე ქონებრივ მდგომარეობაზე და კვლავ იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალებისა და მხარის მიერ წარმოდგენილი განცხადების საფუძვლიანობის შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ბ. ლ-შვილის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული, ხოლო ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ საკასაციო სასამართლოს 2010 წლის 10 ნოემბრის განჩინების აღწერილობით ნაწილში დაშვებული უსწორობა გასწორდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. თუ სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, შესწორებათა შეტანის საკითხი შეიძლება გადაწყდეს სასამართლო სხდომაზე. ამდენად, დასახელებული მუხლის საფუძველზე, სასამართლო მხარის თხოვნით ან საკუთარი ინიციატივით გაასწორებს უზუსტობას იმ შემთხვევაში, თუ დაადგენს, რომ ამა თუ იმ პროცესუალურ დოკუმენტში დაშვებულ იქნა უსწორობა. აღნიშნული საკითხის განხილვა და გადაწყვეტა დასაშვებია როგორც სასამართლო სხდომაზე, ისე ზეპირი მოსმენის გარეშე.

მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლომ მიზანშეწონილად არ მიიჩნია ამავე სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 10 ნოემბრის განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორების საკითხის გადაწყვეტა სასამართლო სხდომაზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ამავე სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 10 ნოემბრის განჩინების აღწერილობით ნაწილში არასწორად მიეთითა ფრაზა _ “არის ინვალიდი და მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება” დასახელებული გარემოების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ამავე სასამართლოს 2010 წლის 10 ნოემბრის განჩინებაში არასწორად მითითებული ზემოაღნიშნული ფრაზა უნდა იქნას ამოღებული.

რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის განცხადებას, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მხარემ აღნიშნული განცხადებით დადგენილი ხარვეზი ვერ გამოასწორა, რის გამოც მოცემული კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგი გარემოებების გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 401-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა კერძო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილი ადგენს, რომ საპროცესო კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან კერძო საჩივრის შეუსაბამობის შემთხვევაში, სასამართლო საჩივრის ავტორს დაუდგენს ხარვეზს და დაუწესებს იმ საპროცესო მოქმედებას, რაც ხარვეზის გამოსწორებისათვისაა სავალდებულო. სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში დადგენილი საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობა _ ხარვეზის სრულად გამოუსწორებლობა, კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 10 ნოემბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა კერძო საჩივრის ავტორის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე და მხარეს გაუგრძელდა ვადა კერძო საჩივრის განხილვისათვის დადგენილი სახელმწიფო ბაჟის _ 50 ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედნის წარმოდგენა.

ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილ ვადაში ბ.ლ-შვილმა განცხადებით მომართა სასამართლოს და კვლავ მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება მისი მძიმე ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, ხოლო ქონებრივი მდგომარეობის უტყუარად დამადასტურებელი მტკიცებულება (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად) მხარეს სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლი ითვალისწინებს სასამართლო ხარჯების გადახდის გადავადებას და მათი ოდენობის შემცირებას. დასახელებული მუხლის თანახმად, სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლოს ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს. ამდენად, მხარე, რომელიც შუამდგომლობს სასამართლო ხარჯების გადახდის გადავადების თაობაზე, ვალდებულია უტყუარად, სათანადო მტკიცებულებების სასამართლოსათვის წარდგენის გზით დაადასტუროს, რომ მას აღნიშნული ხარჯების გადახდა ქონებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე არ შეუძლია და სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე შუამდგომლობის დაუკმაყოფილებლობა გამოიწვევს მხარის უფლების სამართლებრივი დაცვის მიღმა დატოვებას.

დასახელებული ნორმა მოიცავს იმ ელემენტებს, რომელთა ერთობლიობა უზრუნველყოფს სასამართლოს ხელმისაწვდომობასა და მართლმსაჯულების სამართლიან განხორციელებას. პირის უფლების შეზღუდვა (სასამართლო ხარჯების დაკისრება) ამ უფლებასა და საპროცესო კანონმდებლობით დადგენილ ინტერესებს შორის დასაშვებია სამართლიანი ბალანსის შემთხვევაში. ამგვარი ბალანსი საქართველოს კანონმდებლობით დაცულია, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით, დაშვებულია რა კონკრეტული შეზღუდვა სამოქალაქო სამართლებრივი უფლებების სასამართლო წესით დაცვისას (სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება), ასევე გათვალისწინებულია სასამართლო მექანიზმები ყველა კატეგორიის პირებისათვის სასამართლოსადმი მიმართვის უფლების უზრუნველსაყოფად. აღნიშნულს ადასტურებს სასამართლოს უფლება, ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯებისაგან გაათავისუფლოს მოქალაქე (სსკ 47-ე მუხლი), აგრეთვე მხარეს შეუმციროს ასეთი ხარჯები ან გადაუვადოს მისი გადახდა (სსკ 48-ე მუხლი). სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლება არ არის სრული და შეიძლება ექვემდებარებოდეს შეზღუდვას, ვინაიდან ხელმისაწვდომობის უფლება თავისი მრავალფეროვანი ბუნებით მოითხოვს სახელმწიფოს მხრიდან რეგულირებას, ამავდროულად, სასამართლო დარწმუნებული უნდა იყოს, რომ ამ უფლების არსი არ იქნება გაუარესებული და რომ გამოსაყენებელი ფარგლები არ ზღუდავს და არ ამცირებს ფიზიკური პირების ხელმისაწვდომობის უფლებას.

სასამართლო უფლებამოსილია, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებათა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე გაათავისუფლოს პირი ან გადაუვადოს მას სახელმწიფო ბაჟის გადახდა მხოლოდ იმ შემთხვევაში თუკი უტყუარად დგინდება ფიზიკური პირის მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა.

მოცემულ შემთხვევაში ბ.ლ-შვილმა კვლავ მოითხოვა რა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება მისი მძიმე ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით მხარეს ქონებრივი მდგომარეობის უტყუარად დამადასტურებელი მტკიცებულება არ წარმოუდგენია. რაც შეეხება თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლგიის 2006 წლის 7 აპრილის განჩინებას, რომლითაც ბ.ლ-შვილს გადაუვადდა სახელმწიფო ბაჟის გადახდა, აღნიშნული განჩინება ვერ იქნება მიჩნეული კერძო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებისათვის უტყუარ მტკიცებულებად, რადგანაც საერთო სასამართლოების სისტემაში შემავალი თითოეული ინსტანციის სასამართლო დამოუკიდებლად წყვეტს მხარისათვის სასამართლოს ხარჯების გადახდის გადავადების საკითხს საქმეში წარდგენილი ქონებრივი მდგომარეობის უტყუარად დამადასტურებელი მტკიცებულებების შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე.

მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი კერძო საჩივრის ავტორს არ გამოუსწორებია და არც კანონით გათვალისწინებული მტკიცებულება წარმოუდგენია მას სასამართლოსათვის, რომელიც უალტერნატივოდ დაადასტურებდა მხარის ქონებრივ მდგომარეობას, აღნიშნული გარემოება კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

გასწორდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 10 ნოემბრის განჩინებაში დაშვებული უსწორობა.

ამოღებულ იქნას განჩინების აღწერილობით ნაწილში შეცდომით მითითებული ფრაზა _ “არის ინვალიდი და მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება”.

ბ. ლ-შვილის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 5 ოქტომბრის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.