Facebook Twitter

ას-1051-985-2010 23 დეკემბერი, 2010 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თ. თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვ. როინიშვილი, მ. სულხანიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – სს “... ბანკი” (წარმომადგენლები ც. ხ-ული, რ. თ-შვილი)

მოწინააღმდეგე მხარე _ მ. ზ-შვილი, ზ. შ-შვილი, გ. მ-შვილი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 15 სექტემბრის საოქმო განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სს “... ბანკმა” სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხეების მ. ზ-შვილის, ზ. შ-შვილის და სხვათა მიმართ საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების დაკისრებისა და იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის თაობაზე.

მოპასუხე მ. ზ-შვილმა სარჩელი არ ცნო და შეგებებული სარჩელით მოითხოვა მას და სს “... ბანკს” შორის დადებული საკრედიტო ხელშეკრულებისა და სანოტარო აქტების ბათილად ცნობა.

გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილებით სს “... ბანკის” სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ასევე არ დაკმაყოფილდა მ. ზ-შვილის შეგებებული სარჩელი.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს “... ბანკმა”, მოითხოვა მისი გაუქმება თავისი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 22 მარტის განჩინებით სს “... ბანკის” სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში და დაინიშნა საქმის განხილვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოში 2010 წლის 7 ივლისს დანიშნულ სასამართლო სხდომაზე, იმის გამო, რომ მოწინააღმდეგე მხარეს _ ზ. შ-შვილს კანონით დადგენილი წესით არ ჩაბარდა სასამართლო უწყება სხდომის დღის თაობაზე, საქმის განხილვა გადაიდო 2010 წლის 15 სექტემბერს 14:00 საათზე, რის შესახებაც მხარეები გაფრთხილებულები იქნენ ხელწერილით, რომლითაც განემარტათ სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის შედეგები (იხ. ტIII, ს.ფ. 78-80).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 15 სექტემბერს, სასამართლოს მთავარ სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის გამო, მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, სს “... ბანკის” სააპელაციო საჩივარი, საოქმო განჩინებით, დარჩა განუხილველად.

მითითებული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა სს “... ბანკის” წარმომადგენელმა ც. ხ-ულმა, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის წარმოების განახლება იმ საფუძვლით, რომ 2010 წლის 15 სექტემბერს, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დღეს, სასამართლო სხდომაზე დროულად მისი გამოუცხადებლობა საპატიო მიზეზით იყო განპირობებული, კერძოდ, სს “... ბანკის” კუთვნილი ავტომანქანა, რომელიც იურიდიულ დეპარტამენტს ემსახურება და რომლითაც კონკრეტულ შემთხვევაში მგზავრობდნენ ბანკის წარმომადგენლები დაზიანდა, ხოლო მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე გადატვირთული სატრანსპოტრო მოძრაობის (საცობის) გამო, მათ გაუძნელდათ სათადარიგო ტრანპორტის გამოყენებით დროულად გამოცხადება სასამართლო სხდომაზე. ამასთან, მოსამართლის აპარატის გაფრთხილება სატელეფონო საშუალებით ვერ განახორციელეს, ვინაიდან სატელეფონო კვანძი ხანგრძლივად იყო დაკავებული. ამდენად, ადგილი ჰქონდა საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოვლენას, რომელმაც ხელი შეუშალათ სასამართლოში დანიშნულ დროს გამოცხადებისათვის (სსსკ-ის 233.1 “ბ” ქვეპუნქტი), რის გამოც მოითხოვეს სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიოდ ჩათვლა და საქმის წარმოების განახლება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ სს “... ბანკის” წარმომადგენელ ც. ხ-ულის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. მითითებული ნორმა შესაძლებლობას აძლევს სააპელაციო სასამართლოს, იხელმძღვანელოს საქმის პირველი ინსტანციის წესით განხილვისათვის განსაზღვრული წესებით, თუ სადავო ურთიერთობა სცდება კანონმდებლის მიერ სააპელაციო სასამართლოსათვის სპეციალურად დადგენილ ნორმათა რეგულირების სფეროს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით, სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო მხარის განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე არ გამოცხადებულა, ხოლო მოპასუხე თანახმაა სარჩელი განუხილველად იქნეს დატოვებული.

აღნიშნულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, უპირველესად, სასამართლო უნდა დარწმუნდეს, რომ გამოუცხადებელი მხარე მოწვეული იყო სასამართლო სხდომაზე და მას დროულად და კანონით დადგენილი წესით ეცნობა სასამართლო სხდომის დღის შესახებ. ამასთან, სასამართლო მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ მოწინააღმდეგე მხარე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებას, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია, განუხილველად დატოვოს სააპელაციო საჩივარი მხოლოდ მაშინ, თუ დაადგენს, რომ სასამართლო სხდომის თარიღის შეტყობინების მიუხედავად, მხარე სასამართლო სხდომაზე არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა.

განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით ირკვევა, რომ სხდომის დღის შესახებ მხარეები გაფრთხილებულნი იყვენენ კანონით დადგენილი წესით, კერძოდ 2010 წლის 7 ივლისის სხდომის ოქმით დგინდება, რომ საქმის განხილვა გადაიდო 2010 წლის 15 სექტემბერს 14.00 საათზე, რაზეც ხელწერილი ჩამოერთვათ მხარეებს და დაერთო საქმეს (ტ.III, ს.ფ.78-80), მაგრამ სს “... ბანკის” წარმომადგენლები (ც. ხ-ული, რ. თ-შვილი) სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადებულან და არც რაიმე საპატიო მიზეზი გამოუცხადებლობის შესახებ ან საქმის განხილვის გადადების თაობაზე სასამართლოსათვის არ უცნობებიათ.

კერძო საჩივრის ავტორი გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად უთითებს იმ გარემოებას, რომ 2010 წლის 15 სექტემბერს, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დღეს, ისინი სასამართლო სხდომაზე დროულად ვერ გამოცხადდნენ საპატიო მიზეზით, კერძოდ, სს “... ბანკის” კუთვნილი ავტომანქანა, რომელიც იურიდიულ დეპარტამენტს ემსახურება და რომლითაც კონკრეტულ შემთხვევაში მგზავრობდნენ ბანკის წარმომადგენლები დაზიანდა, ხოლო მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე გადატვირთული სატრანსპორტო მოძრაობის (საცობის) გამო, მათ გაუძნელდათ სათადარიგო ტრანსპორტის გამოყენებით დროულად გამოცხადება სასამართლო სხდომაზე. ამასთან, მოსამართლის აპარატის გაფრთხილება სატელეფონო საშუალებით ვერ განახორციელეს, ვინაიდან სატელეფონო კვანძი ხანგრძლივად იყო დაკავებული. ამდენად, ადგილი ჰქონდა საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოვლენას, რომელმაც ხელი შეუშალათ სასამართლოში დროულად გამოცხადებისათვის (სსსკ-ის 233.1 “ბ” ქვეპუნქტი), რის გამოც მოითხოვეს სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიოდ ჩათვლა და საქმის წარმოების განახლება.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კერძო საჩივრის ავტორთა მიერ მითითებული გარემოება ვერ მიიჩნევა გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად, ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მესამე ნაწილით, კანონმდებელი განსაზღვრავს იმ გარემოებებს, რომელთა არსებობისას მხარეს გარკვეული საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობა საპატიოდ ეთვლება და ასეთი შეუსრულებლობის მიზეზი საპატიოდ ჩაითვლება მხოლოდ ობიექტურად დაუძლეველი გარემოების არსებობის შემთხვევაში. საპატიო მიზეზად ჩაითვლება ის გარემოება, თუ სასამართლოსთვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენას, რომლებსაც შეეძლოთ ხელი შეეშალათ სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის ან, თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. ამდენად, კერძო საჩივრის ავტორის განმარტება იმის თაობაზე, რომ სასამართლო პროცესზე დროულად გამოუცხადებლობა გადატვირთული და შეფერხებული სატრანსპორტო მოძრაობამ გამოიწვია, საკასაციო სასამართლოს მიერ, მითითებული მუხლების შესაბამისად, ვერ მიიჩნევა შემაფერხებელ გარემოებად და კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძვლად. ამასთან, მხარემ წინასწარ უნდა გაითვალისწინოს ყველა შემაფერხებელი გარემოება, იმ პროცესუალური შედეგების თავიდან ასაცილებლად, რაც მოჰყვება მის გამოუცხადებლობას, მით უფრო, რომ საქმის განხილვის გადადების ხელწერილით, მხარეებს განემარტათ სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის შედეგები.

ზემოაღშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, სასამართლო სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის გამო, მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, სააპელაციო საჩივარი სწორად დატოვა განუხილველად, და, შესაბამისად, არ არსებობს ამ განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სს “... ბანკის” წარმომადგენლის _ ც. ხ-ულის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 15 სექტემბრის საოქმო განჩინება.

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.