ას-1053-987-2010 6 დეკემბერი, 2010 წელი,
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნ. კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვ. როინიშვილი, პ. ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ ნ. ც-ძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ ი. დ-ოვი (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 27 სექტემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ნ. ც-ძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ი. დ-ოვის მიმართ სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ფულადი ვალდებულების შესრულების მოთხოვნით შემდეგი საფუძვლებით: 2001 წლის 26 ოქტომბერს ი. დ-ოვმა მისგან ისესხა 300 აშშ დოლარი 10%-ის გადახდის პირობით, 6 თვის ვადით, 2002 წლის 26 აპრილამდე. მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ მოითხოვა თანხის დაბრუნება, მოპასუხემ მხოლოდ 30 აშშ დოლარი დაუბრუნა. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა ი. დ-ოვს მის სასარგებლოდ დაეკისროს 3150 აშშ დოლარის გადახდა.
მოპასუხე ი. დ-ოვმა სარჩელი არ ცნო შემდეგი დასაბუთებით: არასწორია მოსარჩელის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ნასესხები თანხა არ დაუბრუნდა მოსარჩელეს, ვინაიდან ზეპირი შეთანხების საფუძველზე დათქმულ დროში პროცენტებიანად დაუბრუნა მოსარჩელეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 11 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ნ. ც-ძის სარჩელი ი. დ-ოვის მიმართ ფულადი ვალდებულების შესრულების თაობაზე მოსარჩელის გამოუცხადებლობის გამო, არ დაკმაყოფილდა.
2010 წლის 26 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მიმართა ნ. ც-ძემ და მოითხოვა ზემოაღნიშნული სასამართლო კოლეგიის დაუსწრებელი განცხადების გაუქმება იმ საფუძვლით, რომ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხის ქმედებებით განერვიულებულმა არასწორად გაიგო სასამართლო სხდომის ჩანიშვნის თარიღი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 2 ივლისის განჩინებით ნ. ც-ძის საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გადასინჯვისა და საქმის განახლების შესახებ არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 11 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 11 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2010 წლის 2 ივლისის განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. ც-ძემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 27 სექტემბრის განჩინებით ნ. ც-ძის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 2 ივლისის განჩინება ნ. ც-ძეს პირადად ჩაჰბარდა 2010 წლის 22 ივლისს, ხოლო სააპელაციო საჩივარი კი, შეტანილ იქნა ამავე წლის 9 სექტემბერს. ამდენად, სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიიჩნია, რომ აპელანტმა სააპელაციო საჩივრის შეტანის 14 - დღიანი ვადა დაარღვია, რის გამოც სააპელაციო საჩივარი დაუშვებელია.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ნ. ც-ძემ და მოითხოვა მისი გაუქმება იმ საფუძვლით, რომ მას გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადა არ დაურღვევია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლოს საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ც-ძის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, გასაჩივრებული განჩინება კი, დარჩეს უცვლელი შემდეგ გარემოებათა გამო:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 2 ივლისის განჩინების ასლი ნ. ც-ძეს პირადად ჩაჰბარდა 2010 წლის 22 ივლისს (ტ.I, ს.ფ.101). ამავე წლის 9 სექტემბერს კი, მან სააპელაციო საჩივარი შეიტანა სააპელაციო სასამართლოში (ტ.II, ს.ფ.103).
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომლის თანახმად სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა შეადგენს 14 დღეს. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე და 78-ე მუხლების შესაბამისად. მითითებული ნორმა ადგენს რა სააპელაციო საჩივრის შეტანის კონკრეტულ ვადას, მისი გაგრძელების ან აღდგენის სამართლებრივ მექანიზმს არ ითვალისწინებს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას, რომ გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადა არ დაურღვევია.
ყოველივე ზემოააღნშნულიდან გამმდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება მიღებულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით და მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო ნ. ც-ძის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ნ. ც-ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 27 სექტემბრის განჩინება დარჩეს უცვლელი.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.