Facebook Twitter

ას-1057-991-2010 23 დეკემბერი, 2010 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვ. როინიშვილი, თ. თოდრია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ ვ. დ-ძე

მოწინააღმდეგე მხარე _ სს “ჭ.”

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 23 სექტემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი _ საქმის წარმოების განახლება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ვ. დ-ძემ განცხადებით მიმართ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო 2010 წლის 31 მარტის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახილების შესახებ. განმცხადებელმა მიუთითა, რომ გასაჩივრებული განჩინებითYუკანონოდ დარჩა განუხილველი მისი განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ, რომელიც ფაქტობრივად აკმაყოფილებდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე და 427-ე მუხლების მოთხოვნებს. სასამართლომ კი საქმე განიხილა არაობიექტურად, ასევე, საქმის არსებითად განხილვისას უკანონოდ არ დააკმაყოფილა ვ.დ-ძის მოთხოვნები მტკიცებულებათა გამოთხოვის შესახებ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 23 სექტემბრის განჩინებით ვ. დ-ძის განცხადება დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ამავე სასამართლოს 2010 წლის 31 მარტის განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი ვ.დ-ძის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ იმ მოტივით, რომ მხარემ განცხადებაში მიუთითა გარემოებანი, რომლებიც საფუძვლად დაედო მის კერძო საჩივრს და უკვე შეფასდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ, რომლის 2010 წლის 1 ივლისის განჩინებით ვ.დ-ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველი განცხადება არ შეესაბამება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის, 422-ე მუხლის მეორე ნაწილისა და 426-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ამავე კოდექსის 429-ე მუხლის საფუძველზე უნდა დარჩეს განუხილველად.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება ვ. დ-ძემ გაასაჩივრა კერძო საჩივრით, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობისათვის. ვ.დ-ძის მითითებით, სასამართლომ უკანონოდ ჩათვალა, რომ მისი განცხადება არ შეესაბამებოდა კანონის მოთხოვნებს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ვ. დ-ძის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 425-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანა და მისი განხილვა წარმოებს საერთო წესების დაცვით, იმ გამონაკლისების გათვალისწინებით, რომლებიც ამ თავშია დადგენილი.

ამავე კოდექსის 426-ე და 427-ე მუხლები ადგენს იმ პირობებს, რომლებსაც საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადება უნდა აკმაყოფილებდეს, კერძოდ, განმცხადებელი ვალდებულია, მიუთითოს თუ რას მიიჩნევს ახლად აღმოჩენილ გარემოებად, ასევე როდის გახდა ცნობილი მისთვის ამ გარემოების შესახებ.

აღნიშნული პირობების დაცვა მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს ერთი თვის განმავლობაში და ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება. ვადის დენა იწყება იმ დღიდან, როდესაც მხარისათვის ცნობილი გახდა გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძვლების არსებობა.

მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ვ. დ-ძის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 31 მარტის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ ეფუძნება იმავე საფუძვლებს, რასაც მხარე უთითებდა ამავე განჩინების კერძო საჩივრით გასაჩივრებისას.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ამ გარემოების საწინააღმდეგოდ კერძო საჩივრის ავტორს დასაბუთებული შედავება არ წარუდგენია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ვ. დ-ძის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ გასაჩივრებული განჩინებით მართებულად დარჩა განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ვ. დ-ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 23 სექტემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.