საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№193აპ-20 ქ. თბილისი
კ-ე გ-ა, 193აპ-20 14 ივლისი, 2020 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 4 დეკემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ გ. კ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 12 ივლისის განაჩენით გ. კ-ე, –ნასამართლევი, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 15 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი, რომლის მოუხდელი ნაწილიდან – 1 წელი და 6 თვე, ასევე ჯარიმა – 7 000 ლარი დაემატა ამ განაჩენით განსაზღვრულ სასჯელს და გ. კ-ეს საბოლოოდ მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა – 7 000 ლარი. მსჯავრდებულს სასჯელის მოხდა დაეწყო 2019 წლის 16 მაისიდან.
2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 4 დეკემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ გ. კ-ემ ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.
4. გ. კ-ის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
· 2019 წლის 10 მაისს, საღამოს, გ-ის რაიონის სოფელ ს-ს დევნილთა დასახლებაში, შელაპარაკების გამო, გ. კ-ემ შ. კ-ეს მოქაჩა თმა, მუშტი დაარტყა თავში და კეფის არეში დანით მიაყენა ჭრილობა, რის შედეგადაც შ. კ-ემ მიიღო მსუბუქი დაზიანება, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა.
6. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მსჯავრდებული გ. კ-ე ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 4 დეკემბრის განაჩენში ცვლილების შეტანას და მისთვის სასჯელის ზომად 2 წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრას, დაზარალებულის პოზიციისა და შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით.
7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
9. საკასაციო საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საქმეზე შეკრებილი უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია მსჯავრდებულ გ. კ-ის მიერ საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
10. რაც შეეხება მსჯავრდებულისათვის განსაზღვრულ სასჯელს, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით დადგენილია ფაქტი, რომ მსჯავრდებული გ. კ-ე დანაშაულის ჩადენის დროს ნასამართლევი იყო განზრახი დანაშაულისათვის და იყო პირობით მსჯავრდებული. საქართველოს სსკ-ის მე-17 მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, დანაშაულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას. გამომდინარე საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის რეციდივის დროს სასჯელის დანიშვნის იმპერატიული დანაწესიდან, ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა, სულ მცირე, 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას. იგივე მოთხოვნაა მოცემული საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის მე-3 ნაწილშიც, თუ დადგინდება, რომ მსჯავრდებულმა დანაშაული ჩაიდინა სსკ-ის 531-ე მუხლის 1-ლ და მე-2 ნაწილებში ჩამოთვლილი დამამძიმებელი გარემოებების არსებობისას. განსახილველ შემთხვევაში მსჯავრდებულმა გ. კ-ემ დანაშაული ჩაიდინა დანის გამოყენებით, რაც დამამძიმებელი გარემოებაა.
11. საქართველოს სსკ-ის 58-ე და 531-ე მუხლების დაცვა სასამართლოს ვალდებულებაა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატის აზრით, ორივე ინსტანციის სასამართლომ, სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებისა და პირის ინდივიდუალური მახასიათებლების, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოებების, ასევე – სასჯელის მიზნების მხედველობაში მიღებით, გ. კ-ეს განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რომლის შემსუბუქების კანონიერი საფუძველი საკასაციო პალატას არ გააჩნია.
12. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
13. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ გ. კ-ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. ვასაძე