Facebook Twitter

ას-1066-998-2010 8 ნოემბერი, 2010 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: პ. ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – რ. ა-ძე

მოწინააღმდეგე მხარე _ კომპანია “ბ.”

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 8 ოქტომბრის განჩინება

კერძო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 31 მაისის განჩინებით მოსარჩელე რ. ა-ძეს განესაზღვრა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადა განჩინებაში მითითებული ხარვეზის შესავსებად, კერძოდ, მას უნდა წარედგინა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი ან სახელმწიფო ბაჟისაგან გათავისუფლების დამადასტურებელი კანონით გათვალისწინებული ცნობა. ამავე სასამართლოს 2010 წლის 21 ივნისის განჩინებით რ. ა-ძის სარჩელი მოპასუხე კომპანია “ბ.-ს” მიმართ მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ნავთობსადენის სარგებლობით მიღებული მოგებიდან გამოთვლილი თანხის დაკისრების შესახებ განსჯადობით განსახილველად გადაეცა ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს. აღნიშნულ განჩინებებზე კერძო საჩივარი შეიტანა რ. ა-ძემ და მოითხოვა მათი გაუქმება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 8 ოქტომბრის განჩინებით რ. ა-ძის კერძო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 31 მაისისა და ამავე სასამართლოს 2010 წლის 21 ივნისის განჩინებებზე დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა რ. ა-ძემ და მოითხოვა მისი გაუქმება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და თვლის, რომ რ. ა-ძის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში. ამავე კოდექსის 419-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის თაობაზე განჩინება გამოაქვს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს, რომელიც არ გასაჩივრდება.

ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ კერძო საჩივრის შეტანა დასაშვებია მხოლოდ საპროცესო კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, ამასთან, კერძო საჩივრის თაობაზე ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ რ. ა-ძემ კერძო საჩივრით გაასაჩივრა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 31 მაისის განჩინება სარჩელში ხარვეზის შევსების შესახებ და ამავე სასამართლოს 2010 წლის 21 ივნისის განჩინება სარჩელის განსჯადობით ზესტაფონის რაიონული სასამართლოსათვის გადაგზავნის შესახებ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 8 ოქტომბრის განჩინებით რ. ა-ძის კერძო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად იმ მოტივით, რომ სარჩელში ხარვეზის შევსების შესახებ და სარჩელის განსჯადობით გადაცემის შესახებ განჩინებებზე კერძო საჩივრის შეტანის შესაძლებლობას კანონი არ ითვალისწინებს. სააპელაციო სასამართლოს აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა რ. ა-ძემ.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 8 ოქტომბრის განჩინება წარმოადგენს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებულ განჩინებას, რომელიც საბოლოოა და მისი კერძო საჩივრით გასაჩივრების შესაძლებლობას სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს. საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებით კერძო საჩივრის ავტორს განემარტა ამ განჩინების გასაჩივრების დაუშვებლობის თაობაზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ რ. ა-ძის კერძო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, განუხილველად უნდა დარჩეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. რ. ა-ძის კერძო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.