Facebook Twitter

ას-1070-1002-2010 24 დეკემბერი, 2010 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თ. თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვ. როინიშვილი, მ. სულხანიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ხ. ე-ძე

მოწინააღმდეგე მხარე – ც. ე-ძე

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 7 ოქტომბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

დენის ე-ძემ სარჩელით მიმართა ლანჩხუთის მაგისტრატ სასამართლოს მოპასუხე ც. ე-ძის მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის ქურქის ღირებულების _ 2000 ლარის დაკისრება იმ საფუძვლით, რომ 15 წლის წინ ქ. ნოვოსიბირსკიდან ჩამოტანილი ქურქი მიჰყიდა ც. ე-ძეს, თუმცა მას მოსარჩელისათვის თანხა არ გადაუხდია.

მოპასუხე ც. ე-ძემ სარჩელი არ ცნო იმ მოტივით, რომ მოსარჩელემ მას ქურქი კი არ მიჰყიდა, არამედ აჩუქა, რის გამოც მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

ლანჩხუთის მაგისტრატი სასამართლოს 2010 წლის 3 აგვისტოს გადაწყვეტილებით დენის ე-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობისა და ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ხ. ე-ძემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 7 ოქტომბრის განჩინებით ხ. ე-ძის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი დაუშვებლობის გამო.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივრის ავტორი _ ხ. ე-ძე სამოქალაქო საქმეში დენის ე-ძის სარჩელის გამო ც. ე-ძის მიმართ ქურქის ღირებულების დაბრუნების თაობაზე, არც მხარეს და არც დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის მქონე მესამე პირს არ წარმოადგენდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება მის მიმართ არ ყოფილა გამოტანილი და არც მის კანონიერ ინტერესს შეხებია, რის გამოც მიიჩნია, რომ ხ. ე-ძე, რომელიც სასამართლო სხდომაზე განმარტავდა, რომ საკუთრივ თავის სახელით ჰქონდა სააპელაციო საჩივარი შემოტანილი, თავისი უფლების დასაცავად, არ იყო უფლებამოსილი გაესაჩივრებინა ლანჩხუთის მაგისტრატი სასამართლოს 2010 წლის 3 აგვისტოს გადაწყვეტილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მითითებული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ხ. ე-ძემ, მოითხოვა მისი გაუქმება იმ საფუძვლით, რომ მას, როგორც დენის ე-ძის კანონიერ შვლის, მოთხოვნის უფლება გააჩნდა, ვინაიდან მოთხოვნილი თანხა ოჯახის კუთვნილი თანხაა და მოთხოვნის საგანი და საფუძვლები საერთოა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, საქმის ზეპირი განხილვის გარეშე, შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ ხ. ე-ძის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი უნდა დარჩეს უცვლელი შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 364-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს პირველი ინსტანციით გამოტანილი გადაწყვეტილება მხარეებმა და მესამე პირებმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით შეიძლება კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ სააპელაციო სასამართლოში. მითითებული ნორმა ადგენს რა სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლებამოსილების მქონე პირთა წრეს, სხვა პირთა მიერ სააპელაციო საჩივრის შეტანას არ ითვალისწინებს. კერძოდ, გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრების უფლება აქვთ მხარეებს (მოსარჩელეს, მოპასუხეს), მესამე პირებს დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით, მათ უფლებამონაცვლეებს, თანამონაწილეებს (თანამოსარჩელეებს, თანამოპასუხეებს) მათი თანამონაწილეობის საფუძვლებით განსაზღვრულ ფარგლებში, პირებს, რომლებიც, მართალია, არ ფიგურირებენ საქმეში როგორც მხარეები, მაგრამ სასამართლო გადაწყვეტილებით განისაზღვრა მათი უფლებები და მოვალეობები ერთ-ერთი მხარის მიმართ.

მოცემულ შემთხვევაში, ხ. ე-ძე, განსახილველ სამოქალაქო საქმეში, დენის ე-ძის სარჩელის გამო ც. ე-ძის მიმართ ქურქის ღირებულების დაკისრების თაობაზე, არც მხარეს და არც დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის მქონე მესამე პირს არ წარმოადგენს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ მხარის მიერ გასაჩივრებული მაგისტრატი სასამართლოს გადაწყვეტილება ხ. ე-ძის მიმართ გამოტანილი არ არის და მის კანონიერ ინტერესებს არ ხელყოფს, შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრება, რომ იგი მოსარჩელე დენის ე-ძის კანონიერი შვილია და, ოჯახის საერთო ინტერესებიდან გამომდინარე, მოთხოვნის უფლება გააჩნდა, ვერ იქნება გაზიარებული და ვერ გახდება გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი.

ამდენად, სავსებით დასაბუთებულია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა, რომ ხ. ე-ძეს სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლება არ გააჩნია და მისი სააპელაციო საჩივარი მართებულად დარჩა განუხილველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ხ. ე-ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 7 ოქტომბრის განჩინება.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.