ას-1073-1005-2010 23 დეკემბერი, 2010 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვ. როინიშვილი, თ. თოდრია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ მ. ბ-ძე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ სს “... ბანკი” (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 27 სექტემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი _ დავალიანების დაფარვა, იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაცია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სს “... ბანკმა” სარჩელი აღძრა სასამართლოში ხ., თ. შ-ძეებისა და მ. ბ-ძის მიმართ დავალიანების დაფარვისა და იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის შესახებ იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელესა და, მეორე მხრივ, ხ. და თ. შ-ძეებს შორის გაფორმდა ხელშეკრულება საკრედიტო ხაზის გახსნის თაობაზე. გარიგების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა მ.ბ-ძის კუთვნილი უძრავი ქონება. მოპასუხეებმა საკრედიტო ვალდებულებები არ შეასრულეს.
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 5 იანვრის გადაწყვეტილებით სს “... ბანკის” სარჩელი დაკმაყოფილდა, რაც მ.ბ-ძემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 27 სექტემბრის განჩინებით მ. ბ-ძის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ მ.ბ-ძის სააპელაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა ხარვეზიანად და მხარეს დაევალა სახელმწიფო ბაჟის გადახდა, რისთვისაც დაუდგინდა ვადა. აღნიშნული ვადა მხარეს საკუთარი მოთხოვნით გაუგრძელდა.
სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 8 სექტემბრის განჩინება ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების თაობაზე მ.ბ-ძეს 2010 წლის 16 სექტემბერს ჩაბარდა და არსებული ხარვეზი უნდა გამოეწორებინა 20 სექტემბრამდე.
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე, 374-ე მუხლებით და მიიჩნია, რომ აპელანტს სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებია, რის გამოც მისი სააპელაციო საჩივარი დაუშვებელია.
სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების შესახებ, ვინაიდან მხარემ სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით თავისი მძიმე მატერიალური მდგომარეობა ვერ დაადასტურა, ხოლო მარტოოდენ განმარტება, რომ მისი ოჯახი არ ეწევა სამეწარმეო საქმიანობას, არ მუშაობს საჯარო დაწესებულებაში და აქვს არასტაბილური შემოსავალი, არ გააჩნია ქონება და საბანკო ანგარიშები, არ არის საკმარისი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებისათვის.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება მ. ბ-ძემ გაასაჩივრა კერძო საჩივრით და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით: აპელანტმა მ.ბ-ძემ ვერ შეძლო სახელმწიფო ბაჟის გადახდა მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო, რაც სასამართლომ არ გაითვალისწინა და შეუზღუდა მხარეს სასამართლოში დავის უფლება. სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებაზე უარის თქმის შემთხვევაში სასამართლოს მ.ბ-ძისათვის სახელმწიფო ბაჟის გადახდა უნდა გადაევადებინა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ბ-ძის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ ნორმის მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.
დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომელიც ხარვეზის შესავსებად უნდა განხორციელდეს და საპროცესო ვადას, რომლის განმავლობაშიც აპელანტი ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში დადგენილი მოქმედებები. სასამართლოს მიერ მითითებული ვადის გასვლის შემდეგ კი სააპელაციო საჩივარი დარჩება განუხილველად.
მოცემულ შემთხვევაში აპელანტ მ.ბ-ძეს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა სახელმწიფო ბაჟის _ 1680 ლარის გადახდა. აღნიშნულისათვის მხარეს განსაზღვრა ჯერ 7, ხოლო შემდეგ დამატებით 4 დღე. ხარვეზის გამოსასწორებლად მიცემული ვადის გაგრძელების შესახებ განჩინება მხარეს ჩაბარდა 2010 წლის 16 სექტემბერს, რაც მას სადავოდ არ გაუხდია.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ მ.ბ-ძეს სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებია, რაც მისი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
დაუსაბუთებელია კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტი, რომ სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა აპელანტის მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა და გაეთავისუფლებინა ან გადაევადებინა სახელმწიფო ბაჟის გადახდა, ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-48-ე მუხლებით გათვალისწინებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან გათავისუფლებისა და აღნიშნული ხარჯების გადავადების შესაძლებლობა არსებობს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სასამართლოს მხარის მიერ წარდგენილი უტყუარი მტკიცებულებების შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე შეექმნება შინაგანი რწმენა მხარის მძიმე ქონებრივი მდგომარეობის შესახებ, კერძოდ, რომ მას არ შეუძლია სახელმწიფო ბაჟის გადახდა. განსახილველ შემთხვევაში კი აპელანტს სასამართლოსათვის თავისი მძიმე ქონებრივი მდგომარეობის უდავოდ დამადასტურებელი მტკიცებულება არ წარმოუდგენია.
საკასაციო სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ მხარის საპროცესო მოვალეობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის აუცილებლობის თაობაზე დადგენილია მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით, შესაბამისად, მხარის მიერ აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება სასამართლო წესით მხარის კანონიერი ინტერესების დაცვის უფლების შეზღუდვად ვერ ჩაითვლება.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება კანონიერია და მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მ. ბ-ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 27 სექტემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.
სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.