ას-1075-1007-2010 29 ნოემბერი, 2010 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: თ. თოდრია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ა. ღ-შვილი
მოწინააღმდეგე მხარე _ სს “...”
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 23 სექტემბრის განჩინება
კერძო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი _ შრომის წიგნაკის დაყოვნების გამო კომპენსაციის გადახდა
სასამართლომ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 23 სექტემბრის განჩინებით ა. ღ-შვილის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო ამავე სასამართლოს 2010 წლის 27 მაისის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე, დარჩა განუხილველად.
აღნიშნულო განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ა. ღ-შვილმა და მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 8 ნოემბრის განჩინებით ა.ღ-შვილს დაევალა აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა.
2010 წლის 22 ნოემბერს ა. ღ-შვილმა საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილ საპროცესო ვადაში კერძო საჩივრის ავტორმა ხარვეზის შევსების მიზნით წარმოადგინა განცხადება, რომელშიც იგი არ იზიარებს საკასაციო სასამართლოს მიერ მისთვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის დაკისრების მართებულობას და “სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტზე მითითებით, მიიჩნევს, რომ იგი განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
საკასაციო სასამართლომ შეამოწმა ა.ღ-შვილის კერძო საჩივარზე ხარვეზის შევსების საკითხი და მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, რომელიც ამავე კოდექსის 420-ე მუხლის საფუძველზე გამოიყენება კერძო საჩივრის განხილვისას, თუ საკასაციო საჩივარი არ პასუხობს მითითებულ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
მოცემულ შემთხვევაში ა.ღ-შვილს არ შეუვსია საკასაციო სასამართლოს განჩინებით დანიშნული ხარვეზი, კერძოდ, არ გადაუხდია სახელმწიფო ბაჟი, რაც მისი კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს ასევე ა.ღ-შვილისთვის კერძო საჩივარზე ხარვეზის ვადის გაგრძელების საფუძველი. კერძო საჩივრის ავტორს ხარვეზის შესავსებად დანიშნული ვადის გაგრძელების თაობაზე რაიმე შუამდგომლობა არ დაუყენებია. წარმოდგენილ განცხადებაში ა.ღ-შვილი გამოთქვამს მხოლოდ მოსაზრებას სახელმწიფო ბაჟის არასწორად დაკისრებასთან დაკავშირებით, რასაც საკასაციო სასამართლო არ იზიარებს. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კერძო საჩივრის ავტორის მიერ აღძრული სარჩელი, მისი არსის გათვალისწინებით, არ განეკუთვნება “სახელმწიფო ბაჟის შესახებ” კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ კატეგორიას. ამასთან, აღნიშნულის შესახებ კერძო საჩივრის ავტორს არაერთხელ განემარტა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ა.ღ-შვილმა ვერ უზრუნველყო სასამართლოს მიერ დანიშნულ საპროცესო ვადაში კერძო საჩივრის ხარვეზის შევსება _ სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა, რის გამოც, მისი კერძო საჩივარი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული დაუშვებლობის გამო.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ პასუხობს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ, ვინაიდან სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზი არ იქნა შევსებული, ა. ღ-შვილის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420, 284-ე მუხლებით და
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა. ღ-შვილის კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.