¹ას-1093-1357-09 25 მარტი, 2010 წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),
თ. თოდრია (მომხსენებელი), ლ. ლაზარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ა. ს-ოვი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – მ. ნ-ძე (მოსარჩელე)
დავის საგანი _ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 28 ოქტომბრის საოქმო განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
მ. ნ-ძის წარმომადგენელმა ლ. გ-შვილმა სარჩელით მიმართა სასამართლოს ა., მ. და ან. ს-ოვების მიმართ და მოითხოვა მოპასუხეთა ბინიდან გამოსახლება. მან მიუთითა, რომ 2004 წლის 4 ივლისიდან ის არის სადავო უძრავი ქონების მესაკუთრე. მოპასუხეებმა აღნიშნული ბინა დაიკავეს უკანონოდ და, მოსარჩელის არაერთგზის მოთხოვნის მიუხედავად, არ ათავისუფლებენ. მოსარჩელემ ასევე მიუთითა, რომ მოპასუხეების გამოსახლება ევრ მოხერხდა პოლიციის მეშვეობითაც, ვინაიდან პოლიციას მათ წარუდგინეს სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული განაჩენი დ. ს-ძის მიმართ ყალბი მინდობილობის საფუძველზე ს-ოვების ბინის ნასყიდობით მიღებული 5500 აშშ დოლარის მითვისების თაობაზე, რაც პოლიციის მიერ მართლზომიერი მფლობელობის საფუძვლად იქნა მიჩნეული.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 6 მარტის გადაწყვეტილებით მ. ნ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა.
აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა ა. ს-ოვმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 28 ოქტომბრის საოქმო განჩინებით ა. ს-ოვის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
აღნიშნულ საოქმო განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ა. ს-ოვმა. მან მიუთითა, რომ მას უწყება სასამართლო სხდომის დანიშვნის შესახებ არ ჩაჰბარებია და, შესაბამისად, მოწვეული არ ყოფილა კანონით დადგენილი წესით. უწყების ჩასაბარებლად მისულ კურიერს სახლში არავინ დახვდა და უწყება არავის ჩაჰბარებია.
სამოტივაციო ნაწილი
საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო კერძო საჩივარს და მიაჩნია, რომ ა. ს-ოვის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მითითებას იმის შესახებ, რომ მას უწყება არ ჩაჰბარებია და, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ არასწორად დატოვა განუხილველად მისი სააპელაციო საჩივარი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდება მოსარჩელე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს შეუძლია გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ მოპასუხე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდა ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. წარმომადგენელი ვალდებულია, უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს.
ამავე კოდექსის 71-ე მუხლის თანახმად, სასამართლო უწყება ადრესატს ჰბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფელის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის ან სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის მიხედვით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ მოსარჩელის მიერ მითითებულ მისამართზე უწყება ვერ ჩაჰბარდა ამ კოდექსის 73-ე მუხლის 1 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დაცვით, უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება.
ამავე კოდექსის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თუ პირველად გაგზავნისას სასამართლო უწყების ადრესატისათვის ჩაბარება ვერ ხერხდება, უწყება დასაბარებელ პირს უნდა გაეგზავნოს დამატებით ერთხელ მაინც იმავე ან სასამართლოსთვის ცნობილ სხვა მისამართზე.
სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ ა. ს-ოვს სხდომის დღის შესახებ უწყება გაეგზავნა ორჯერ, მის მიერ მითითებულ მისამართზე. შეტყობინების ბარათით ირკვევა, რომ ადრესატს აღნიშნულ მისამართზე უწყება არ ჰბარდება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო მხარის განცხადებით ან თავისი ინიციატივით განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე არ გამოცხადებულა, ხოლო მოპასუხე თანახმაა, სარჩელი განუხილველად იქნეს დატოვებული.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ მხარის გამოუცხადებლობა სასამართლო პროცესზე სწორად მიიჩნია არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლად, რაც სააპელაციო სასამართლოს აძლევდა უფლებას, გამოუცხადებელი მხარის მიმართ გამოეტანა განუხილველად დატოვების განჩინება.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მხარეები სასამართლო სხდომაზე მოწვეული იყვნენ კანონით დადგენილი წესით და ამ შემთხვევაში ადგილი არა აქვს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებული გარემოებების არსებობას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ა. ს-ოვის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 28 ოქტომბრის საოქმო განჩინება;
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.