Facebook Twitter

¹ას-1096-1360-09 28 იანვარი, 2010 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

რ. ნადირიანი, თ. თოდრია

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – შპს “ს.-ი”

მოწინააღმდეგე მხარე-ვ. ტ-იანი

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 16 ოქტომბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი –სახელფასო დავალიანების ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2009 წლის 30 აპრილს ქობულეთის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა ვ. ტ-იანმა და მოითხოვა მოპასუხე შპს „ს.-სათვის“ სახელფასო დავალიანებისა და მორალური ზიანის ანაზღაურების დაკისრება.

ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილებით ვ. ტ-იანის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მოპასუხეს დაეკისრა ს. ბ-იანთან და ვ. ტ-იანთან დადებული შრომითი ხელშეკრულებების შეუსრულებლობით მიყენებული ზიანის ანაზღაურება, საერთო ჯამში 2580 ლარის ოდენობით. მოპასუხეს ასევე დაეკისრა მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 100 ლარისა და იურიდიული მომსახურების ხარჯების 400 ლარის ანაზღაურება.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა მოწინააღმდეგე მხარის შპს „ს.-ის“ მიერ. საქმეზე წარმოდგენილი სასამართლოს გზავნილთა და საფოსტო განყოფილებიდან დაბრუნებული შეტყობინებით ირკვევა, რომ შპს „ს.-ის“ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 28 სექტემბრის განჩინების ასლი გაეგზავნა და ჩაბარდა კანონით დადგენილი წესით. კერძოდ, გაეგზავნა 2009 წლის 30 სექტემბერს და ჩაბარდა 2009 წლის 2 ოქტომბერს. აქედან გამომდინარე, აპელანტს ხარვეზის გამოსასწორებლად ვადა ჰქონდა 2009 წლის 7 ოქტომბრამდე.

საქმეში არსებული მასალებიდან, კერძოდ შპს „ს.-ის“ განცხადებაზე დართული საფოსტო კონვერტის შესწავლის შედეგად ირკვევა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში 2009 წლის 12 ოქტომბერს შემოსული განცხადება ხარვეზის შევსების შესახებ „... ფოსტაში“ შეტანილი იქნა 2009 წლის 8 ოქტომბერს. ამდენად აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი სააპელაციო სასამართლოსათვის წარმოდგენილია 1 დღის ვადადარღვევით.

იმის გათვალისწინებით, რომ შპს „ს.-ის“ მიერ ხარვეზი ვადაში არ არის შევსებული, მისი სააპელაციო საჩივარი ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილებაზე, როგორც დაუშვებელი უნდა დარჩეს განუხილველი.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ შპს “ს”-ს სააპელაციო საჩივარი ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილებაზე დატოვა განუხილველი.

აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა შპს “ს.-მ” და მოითხოვა მისი გაუქმება.

კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძვლად სასამართლომ მიუთითა, რომ სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი წარმოდგენილია 1 (ერთი) დღის დაგვიანებით. მისი მოსაზრებით, ეს არ შეიძლება გამხდარიყო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი, რადგანაც მათ მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილ იქნა ხარვეზის აღმოფხვრისათვის-სახელმწიფო ბაჟის გადახდისათვის სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში, რაც დასტურდება ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტით, კერძოდ სახელმწიფო ბაჟი გადახდილ იქნა 2009 წლის 06 ოქტომბერს, მაშინ როდესაც ბაჟის გადახდის ბოლო დღე იყო 07 ოქტომბერი.

შპს “ს.-ის” განცხადებით, მათ შემთხვევაში საპროცესო მოქმედება იყო ბაჟის გადახდა. მნიშვნელოვანი მომენტი ამ შემთხვევისათვის არის სახელმწიფო ბაჟის დადგენილ ვადაში გადახდის მომენტი, რადგანაც ხარვეზს წარმოადგენდა კონკრეტულად სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობა. დოკუმენტის წარუდგენლობა მაშინ ჩაითვლებოდა ხარვეზის არ აღმოფხვრად, თუ სასამართლო მათ ვადას მისცემდა კონკრეტულად ასეთი დოკუმენთის წარდგენისათვის და მათ მიერ არ იქნებოდა წარდგენილი ასეთი დოკუმენტი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს”ს.-მა” მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 16 ოქტომბრის განჩინების გაუქმება და საქმის არსებითი განხილვისთვის მისი დაბრუნება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოსთვის.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატა გაეცნო წარმოდგენილ კერძო საჩივარს, საქმის მასალებს, და თვლის, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 28 სექტემბრის განჩინებით შპს “ს.-ის”-ის სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და განესაზღვრა ვადა სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ აღნიშნული გაჩინება აპელანტს შპს “ს”-ის გენერალურ დირექტორს ნ. გ.-ს ჩაბარდა 2009 წლის 02 ოქტომბერს. მხარეს ხარვეზი არ გამოუსწორებია დადგენილ ვადაში, რის გამოც სააპელაციო პალატამ 2009 წლის 16 ოქტომბრის განჩინებით შპს “ს”-ის სააპელაციო საჩივარი დატოვა განუხილველი.

პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად დატოვა განუხილველი სააპელაციო საჩივარი, ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად თუ სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს, ხოლო 374-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, რაზედაც შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე და საქმეზე დადგენილი გარემოებების შესაბამისად, შპს “ს”-ის მხრიდან ხარვეზის დროულად შეუვსებლობა წარმოადგენდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ სამართლებრივ საფუძველს.

კერძო საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ მან ხარვეზი დროულად გამოასწორა, რადგან უშუალოდ სახელმწიფო ბაჟის ბანკში გადახდის პროცედურა განახორციელა 2009 წლის 06 ოქტომბერს, ხარვეზის აღმოფხვრისთვის დადგენილ ვადაში.

აღნიშნულ მოსაზრებას საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს, რადგან ხარვეზის შესახებ განჩინებით მხარეს განესაზღვრა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის სასამართლოში წარდგენა, შესაბამისად შპს ,,ს.-ის” მიერ მხოლოდ სახელმწიფო ბაჟი გადახდა არ წარმოადგენდა მისი მხრიდან ხარვეზის შევსებას.

ამდენად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად კერძო საჩივრის ავტორმა დაკარგა აღნიშნული საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა თვლის, რომ კერძო საჩივრის ავტორის მიერ მითითებული გარემოება არ შეიძლება გახდეს სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 16 ოქტორმბრის განჩინების გაუქმების და კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

. ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

შპს “ს”-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 16 ოქტომბრის განჩინება.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.