Facebook Twitter

¹ას-1098-1362-09 25 მარტი, 2010 წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე)

თ. თოდრია (მომხსენებელი), ლ. ლაზარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – შპს “ხ. ს. ს. დ. ს. .....-ის” დირექტორი ბ. პ-ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარეები – მ. გ-ძე, ს. თ-ძე, ც. დ-ძე (მოსარჩელეები)

დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 25 სექტემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ც. დ-ძემ, მ. გ-ძემ და ს. თ-ძემ სარჩელი აღძრეს შპს “ხ. ს. ს. დ. ს. .....-ის” მიმართ სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილებით ც. დ-ძის, ს. თ-ძისა და მ. გ-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანეს ც. დ-ძემ, ს. თ-ძემ და მ. გ-ძემ.

სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მ. გ-ძემ, ს. თ-ძემ და ც. დ-ძემ იშუამდგომლეს მოცემული საქმისა და მათ მიერ სახელფასო დავალიანების ანაზღაურების თაობაზე ამავე სასამართლოს წარმოებაში არსებული საქმის გაერთიანების შესახებ, რომელშიც იგივე მხარეები მონაწილეობენ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 20 ნოემბრის განჩინებით მ. გ-ძის, ს. თ-ძისა და ც. დ-ძის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, აღნიშნული საქმეები ერთ წარმოებად გაერთიანდა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 11 დეკემბრის განჩინებით ც. დ-ძის, ს. თ-ძისა და მ. გ-ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა.

აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა შპს “ხ. ს. ს. დ. ს. .....-ის”დირექტორმა ბ. პ-ძემ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 16 მაისის განჩინებით შპს “ხ. ს. ს. დ. ს. .....-ის” საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი.

2009 წლის 24 აგვისტოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს აჭარის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა ი. ქ-ძემ შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს, მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილების განმარტება. მან მიუთითა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებით ც. დ-ძე, ს. თ-ძე, მ. გ-ძე აღდგენილ იქნენ მოპასუხე ორგანიზაციაში ექთნის თანამდებობაზე. მათ მიეცათ იძულებითი განაცდური ორგანიზაციაში არსებული ექთნის ხელფასის ოდენობით 2006 წლის 8 აპრილიდან სამუშაოზე აღდგენამდე. აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით მან მოითხოვა განიმარტოს შემდეგი წინადადება - “მიეცეთ იძულებითი განაცდური ორგანიზაციაში არსებული ექთნის ხელფასის ოდენობით 2006 წლის 8 აპრილიდან სამუშაოზე აღდგენამდე” – ნიშნავს თუ არა, რომ განაცდური ხელფასი 2006 წლის 8 აპრილს ორგანიზაციაში არსებული სახელფასო ანაზღაურების ოდენობით უნდა იქნეს ანაზღაურებული თუ შემდგომში გაზრდილი ხელფასის ოდენობით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 25 სექტემბრის განჩინებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს აჭარის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის, ი. ქ-ძის შუამდგომლობა გადაწყვეტილების განმარტების თაობაზე დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბოლომდე ნათელი არ არის, კერძოდ, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში ცხადად არ არის ასახული, თუ ორგანიზაციაში არსებული რომელი სახელფასო განაკვეთით უნდა აუნაზღაურდეთ განაცდური მოსარჩელეებს. სააპელაციო სასამართლოს აზრით, თუ კონკრეტული გადახდის ვალდებულების წარმოშობის პერიოდში, ორგანიზაციაში არსებული ექთნის ხელფასი გაიზარდა, მოვალემ კრედიტორს უნდა გადაუხადოს განაცდური გაზრდილი განაკვეთით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტი განიმარტა შემდეგი სახით: “განსამარტავი წინადადების ტექსტი: “მიეცეთ იძულებითი განაცდური ორგანიზაციაში არსებული ექთნის ხელფასის ოდენობით 2006 წლის 8 აპრილიდან სამუშაოზე აღდგენამდე” ნიშნავს, რომ ც. დ-ძეს, ს. თ-ძესა და მ. გ-ძეს უნდა აუნაზღაურდეთ განაცდური 2006 წლის 8 აპრილიდან სამუშაოზე აღდგენამდე პერიოდისათვის, კონკრეტული გადახდის პერიოდში ორგანიზაციაში არსებული ექთნის სახელფასო განაკვეთის ოდენობით.

აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ხელვაჩაურის სასწრაფო სამედიცინო სამსახურის 03-ის” დირექტორმა ბ. პ-ძემ. მან მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილება უნდა განემარტა იმ დროს მოქმედი “შრომის კანონთა კოდექსის” 207-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რომლის თანახმად, სამუშაოდან უკანონოდ დათხოვნილ და სამუშაოზე აღდგენილ მოსამსახურეს, სასამართლოს გადაწყვეტილებით აუნაზღაურდებათ იძულებითი გაცდენილი დროის ხელფასი დათხოვნის დღიდან. გადაწყვეტილების იმ ნაწილზე, სადაც მითითებულია “მიეცეს იძულებითი განაცდური ორგანიზაციაში არსებული ექთნის ხელფასის ოდენობით 2006 წლის აპრილიდან სამუშაოზე აღდგენამდე” გულისხმობს, რომ განაცდური ხელფასი უნდა მიეცეს კრედიტორებს იმ ოდენობით, რაც შეადგენდა განთავისუფლების დროისათვის არსებული ხელფასის ოდენობით, და არა აღნიშნულ თანამდებობაზე გაზრდილი ხელფასის შესაბამისად.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო კერძო საჩივარს და მიაჩნია, რომ შპს “ხ. ს. ს. დ. ს. .....-ის” დირექტორ ბ. პ-ძის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა ან სასამართლო აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით, განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია.

მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მითითებას იმის შესახებ, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი ბუნდოვანია და საჭიროებს განმარტებას.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში ცხადად არ არის ასახული, თუ ორგანიზაციაში არსებული რომელი სახელფასო განაკვეთით უნდა აუნაზღაურდეთ განაცდური მოსარჩელეებს. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტის წინადადების პირველი ნაწილი ადგენს მოსარჩელეების, ამ შემთხვევაში კრედიტორების მიერ მისაღები განაცდურის ოდენობას (ორგანიზაციაში არსებული ექთნის ხელფასის ოდენობით), ხოლო წინადადების მე-2 ნაწილი კი იმ პერიოდს, რომელშიც მოვალემ კრედიტორებს უნდა აუნაზღაუროს განაცდური (2006 წლის 8 აპრილიდან სამუშაოზე აღდგენამდე).

სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ, თუ კონკრეტული გადახდის ვალდებულების წარმოშობის პერიოდში, ორგანიზაციაში არსებული ექთნის ხელფასი გაიზარდა, მოვალემ კრედიტორს უნდა გადაუხადოს განაცდური გაზრდილი განაკვეთის შესაბამისად, კერძოდ, თუ ორგანიზაციაში ექთნის სახელფასო განაკვეთი გაიზარდა 2006 წლის 8 მაისს, კრედიტორები მიიღებენ განაცდურს 2006 წლის 8 აპრილიდან 2006 წლის 8 მაისამდე არსებული სახელფასო განაკვეთის მიხედვით, ხოლო 2006 წლის 8 მაისიდან – გაზრდილი სახელფასო განაკვეთის მიხედვით და ა.შ. სანამ არ აღსრულდება სასამართლოს გადაწყვეტილება სამუშაოზე აღდგენის ნაწილში.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ იძულებით განაცდურში იგულისხმება ის დრო, რომლის განმავლობაში მოსამსახურე ვერ მუშაობდა დამქირავებლის ბრალით. მოცემულ შემთხვევაში, მ. გ-ძე, ს. თ-ძე და ც. დ-ძე შპს “ხ. ს. ს. დ. ს. .....-ის” ბრალით ვერ მუშაობდნენ აღნიშნულ სამსახურში, რაც დადგენილი იქნა 2007 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილებით, ამდენად, მათ უნდა აუნაზღაურდეთ სრულად ამ პერიოდში აუღებელი ხელფასი. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სსსკ 262-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ სწორად განმარტა 2007 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილება. AMამრიგად, კერძო საჩივრის ავტორის მიერ არ არის მითითებული და შესაბამისად, დადასტურებული ისეთი გარემოებები, რომლებიც სსსკ 262-ე მუხლით დადგენილი წესების დარღვევაზე მიუთითებდენ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ, არ არსებობს 2009 წლის 25 სექტემბრის განჩინების გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

“ხ. ს. ს. დ. ს. .....-ის” დირექტორ ბ. პ-ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს მოცემულ საქმეზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 25 სექტემბრის განჩინება;

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.