Facebook Twitter

¹ას-1103-1367-09 21 იანვარი, 2010 წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),

თ. თოდრია (მომხსენებელი), რ. ნადირიანი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ფ. მ-ოვა (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარეები – მ. მ-შვილი, ს. მ-ოვა (მოპასუხეები)

დავის საგანი _ სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობა და მესაკუთრედ ცნობა

გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 15 სექტემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოებაში მიღება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

2008 წლის 27 ივნისს გარდაბნის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა ფ. მ-ოვამ მოპასუხეების, მ. მ-შვილის (გარდაბნის რაიონის ნოტარიუსის) და ს. მ-ოვას მიმართ და მოითხოვა სადავო სამკვიდრო ქონებაზე 2003 წლის 27 ოქტომბერს მ. მ-ოვის სახელზე გაცემული ¹2-24 სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობა, ასევე შ. მ-ოვას დანაშთ ქონებაზე მესაკუთრედ ცნობა.

მოსარჩელემ განმარტა, რომ შ. მ-ოვა, რომელიც იყო მისი ბებია მამის მხრიდან, გარდაიცვალა 2001 წლის 17 აპრილს. მის სახელზე ირიცხებოდა ქ. გარდაბანში 0,12 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა და საცხოვრებელი სახლი. გარდაცვალებამდე იგი, მისი მამა და ბიძა მ. მ-ოვი ცხოვრობდნენ შ. მ-ოვას სახლში. ბებიამ მას ანდერძით დაუტოვა მის სახელზე რიცხული უძრავ-მოძრავი ქონება. 1999 წელს ავადმყოფობის გამო იგი იძულებული გახდა, გამგზავრებულიყო რუსეთში, საიდანაც დაბრუნდა 2003 წელს. საქართველოში დაბრუნების შემდეგ მიაკითხა ბებიის სახლს, მაგრამ მისმა ბიძამ იგი არ შეუშვა სახლში. როგორც შემდეგში გაირკვა, მის ბიძას, როგორც პირველი რიგის მემკვიდრეს, აღნიშნული სახლი გადაუფორმებია თავის სახელზე. მან აღნიშნული ბინა ანდერძით გადასცა თავის ცოლს, რომელთანაც არ იმყოფებოდა ქორწინების რეგისტრაციაში. ვინაიდან მისმა ბებიამ შ. მ-ოვამ მას უანდერძა აღნიშნული ბინა, ნოტარიუს მ. მ-შვილს უფლება არ ჰქონდა, მ. მ-ოვის სახელზე გაეცა სამკვიდრო მოწმობა.

გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 19 სექტემბრის გადაწყვეტილებით ფ. მ-ოვას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ფ. მ-ოვამ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 9 თებერვლის განჩინებით ფ. მ-ოვას სააპელაციო საჩივარი, დაუშვებლობის გამო, დატოვებულ იქნა განუხილველად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 9 თებერვლის მითითებული განჩინების კერძო საჩივრით გასაჩივრების შედეგად საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2009 წლის 30 აპრილის განჩინებით ფ. მ-ოვას წარმომადგენლის, ზ. ქ-შვილის კერძო საჩივარი დააკმაყოფილა და საქმე დასაშვებობის სხვა კრიტერიუმების შესამოწმებლად დაუბრუნდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას (ტ.I ს.ფ. 37-40).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 15 სექტემბრის განჩინებით ფ. მ-ოვას სააპელაციო საჩივარი დარჩა გაუხილველი.

აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ფ. მ-ოვამ. მან მიუთითა, რომ 2009 წლის 15 სექტემბრის მთავარ სხდომაზე სააპელაციო სასამართლო კვლავ დაუბრუნდა დასაშვებობის წინაპირობების განხილვას. ამ დროს გასული იყო საჩივრის შეტანიდან 7 თვე, ხოლო საჩივრის განსახილველად მიღების განჩინების გამოცემიდან 3 თვეზე მეტი. სასამართლოს აზრით, გარდაბნის რაიონის სასამართლოს 2008 წლის 19 სექტემბრის გადაწყვეტილება ფ. მ-ოვას წარმომადგენელ – მ. ლ-იანს ჩაჰბარდა 2008 წლის 24 სექტემბერს, რის გამოც დასაშვებობის წანამძღვრებიდან ადგილი ჰქონდა 369-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნების დარღვევას. ამით სააპელაციო სასამართლო შეეცადა კვლავ დაბრუნებოდა სსსკ-ის 374-ე მუხლის დარღვევით, იმავე საფუძვლით, საჩივრის დაუშვებლობის საკითხს. გარდა ამისა, ფ. მ-ოვას კანონით დადგენილი წესით არ ჩაჰბარებია გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 19 სექტემბრის გადაწყვეტილება და მისმა ყოფილმა წარმომადგენელმა არ აცნობა მას გადაწყვეტილების ჩაბარების შესახებ. კერძო საჩივრის ავტორმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოებაში მიღება.

სამოტივაციო ნაწილი

საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო კერძო საჩივარს და მიაჩნია, რომ ფ. მ-ოვას კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა შეადგენს 14 დღეს. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.

დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისიწინებულ სუბიექტებს. წარმომადგენელი ვალდებულია, უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს.

ამავე კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილით წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი, შესაბამისად, ფ. მ-ოვასათვის გადაწყვეტილების გასაჩივრების 14 - დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2008 წლის 25 სექტემბრიდან და ამოიწურა 2008 წლის 8 ოქტომბერს.

დადგენილია, რომ გარდაბნის რაიონულ სასამართლოში მოსარჩელის ფ. მ-ოვას ინტერესებს იცავდნენ მ. ლ-იანი და ნ. ტ-ძე. საქმეში წარმოდგენილი რწმუნებულებები გაცემულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით, რომელთა თანახმად ნ. ტ-ძის სახელზე გაცემულია რწმუნებულება ერთი წლის ვადით და ძალაშია 2009 წლის 17 ოქტომბრამდე. მ. ლ-იანის სახელზე რწმუნებულება გაცემულია სამი წლის ვადით და ძალაშია 2010 წლის 27 ივნისამდე. რწმუნებულებით დგინდება, რომ ფ. მ-ოვას მ. ლ-იანისათვის სხვა უფლებებთან ერთად მინიჭებული აქვს მარწმუნებლის სახელით სასამართლოს ყველა აქტის (გადაწყვეტილება, განჩინება) გასაჩივრებისა და სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლებამოსილება.

ასევე, დადგენილია, რომ გარდაბნის რაიონულ სასამართლოს 2008 წლის 19 სექტემბრის გადაწყვეტილება პირადად ჩაჰბარდა ფ. მ-ოვას წარმომადგენელ მ. ლ-იანს 2008 წლის 24 სექტემბერს.

ფ. მ-ოვას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 99-ე მუხლის შესაბამისად არ შეუწყვეტია უფლებამოსილება თავისი წარმომადგენელისათვის, ასევე არ არსებობს ამავე კოდექსის მე-100 მუხლის საფუძველზე მ. ლ-იანის მიერ გაცხადებული უარი თავისი უფლებამოსილების განხორციელებაზე.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ მას კანონით დადგენილი წესით არ ჩაჰბარებია გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 19 სექტემბრის გადაწყვეტილება და მისმა ყოფილმა წარმომადგენელმა არ აცნობა მას გადაწყვეტილების ჩაბარების შესახებ.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებისას ფ. მ-ოვას მიერ მ. ლ-იანის სახელზე გაცემული რწმუნებულება ძალაში იყო, რწმუნებულებაში პირდაპირ იყო მითითებული სასამართლო გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლებამოსილება. რწმუნების გაუქმების შემთხვევაში მარწმუნებელი ვალდებულია, ამის შესახებ აცნობოს სასამართლოს. მოცემულ შემთხვევაში, რწმუნებულება არ ყოფილა გაუქმებელი არც მარწმუნებელ ფ. მ-ოვასა და არც წარმომადგენელ მ. ლ-იას მიერ.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის დებულებათა შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობას. თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ფ. მ-ოვას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 15 სექტემბრის განჩინება;

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.