Facebook Twitter

¹ას-1104-1368-09 21 იანვარი, 2010 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე)

რ. ნადირიანი (მომხსენებელი), მ. სულხანიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ე. კ-ძე

წარმომადგენელი _ მ. ს-ძე

მოწინააღმდეგე მხარე – გ. ლ-ძე, ზ. ჭ-ძე

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 13 ოქტომბრის განჩინება

დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2006 წლის 29 ნოემბერს ე. კ-ძემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - გ. ლ-ძისა და ზ. ჭ-ძის მიმართ და მოითხოვა 2003 წლის 4 ნოემბრის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა თბილისში, ... ქუჩა, ბინა¹1 საცხოვრებელ ბინაზე, ქირის თანხის დაკისრება 21 625 ლარის ოდენობით, აღნიშნული ბინის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა და მოპასუხე ზ. ჭ-ძის გამოსახლება სადავო ბინიდან.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 19 მარტის გადაწყვეტლებით ე. კ-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ე. კ-ძემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 10 ივნისის განჩინებით ე. კ-ძის სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში და სასამართლოს მთავარი სხდომა დაინიშნა 2009 წლის 7 ივლისს 16:00 საათზე;

2009 წლის 2 ივლისს აპელანტის წარმომადგენელმა მ. ს-ძემ წერილობითი შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს საქმის განხილვის გადადების მოთხოვნით საზღვარგარეთ ყოფნის გამო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 7 ივლისის სხდომაზე სასამართლომ განიხილა აღნიშნული შუამდგომლობა, რომელსაც მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელიც დაეთანხმა და საქმის განხილვა გადაიდო 2009 წლის 22 სექტემბერს 12:00 საათზე;

ე. კ-ძის წარმომადგენელმა 2009 წლის 8 სექტემბერს ხელმეორედ მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს საქმის განხილვის გადადების მოთხოვნით, რაც ასევე დაკმაყოფილდა და საქმის განხილვა გადაიდო 2009 წლის 13 ოქტომბერს 15:00 საათზე.

2009 წლის 2 ოქტომბერს ე. კ-ძის წარმომადგენელმა მ. ს-ძემ კვლავ წერილობითი შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მძიმე ოჯახური მდგომარეობის გამო, მოითხოვა საქმის განხილვის გადადება სხვა დროსითვის.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 13 ოქტომბრის მთავარ სხდომაზე მოწინააღმდეგე მხარის ზ. ჭ-ძის წარმომადგენლმა მხარი არ დაუჭირა ე. კ-ძის წარმომადგენლის შუამდგომლობას საქმის განხილვის მორიგი გადადების თაობაზე და მოითხოვა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება, რაც სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა და 2009 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით ე. კ-ძის სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა.

აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ე. კ-ძის წარმომადგენელმა _ მ. ს-ირმა განჩინების გაუქმებისა და საქმის განხილვის განახლების მოთხოვნით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 417-ე მუხლის საფუძველზე, აღნიშნული კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადმოაგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, საქმის ზეპირი განხილვის გარეშე, შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ ე. კ-ძის წარმომადგენელ მ. ს-ძის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპრლცესო კოდექსის 387-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით, სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ მოპასუხე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ, რასაც უკავშირდება 276-278-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგები.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ აპელანტ ე. კ-ძის წარმომადგენელმა მ. ს-ძემ არაერთხელ მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს საქმის განხილვის გადადების შესახებ მოთხოვნით, რომელიც არაერთხელ იქნა დაკმაყოფილებული სასამართლოს მიერ.

დადგენილია, რომ მოპასუხე მხარემ 2009 წლის 13 ოქტომბრის სასამართლო სხდომაზე იშუამდგომლა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე სასამართლო სხდომაზე სააპელაციო საჩივრის ავტორის კვლავ გამოუცხადებლობის გამო.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოში საქმის განხილვისას შუამდგომლობა სასამართლოს წარედგინება წერილობითი ფორმით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მხარე არსებითი გარემოების საფუძველზე შუამდგომლობას დააყენებს სასამართლო სხდომაზე. შუამდგომლობა უნდა იყოს დასაბუთებული, მასში კონკრეტულად უნდა მიეთითოს მოთხოვნა და მისი არგუმენტაცია, რომელიც უნდა შეეხებოდეს მხოლოდ იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს შუამდგომლობაში დასმულ მოთხოვნასთან. თუ მოსამართლე მიიჩნევს, რომ მხარე პროცესის გაჭიანურების მიზნით აყენებს შუამდგომლობებს, იგი მხარეებს ართმევს შუამდგომლობების დაყენების უფლებას და გადადის საქმის განხილვის შემდეგ სტადიაზე.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ აპელანტი საქმის გადადების მოთხოვნის შესახებ შუამდგომლობებით ცდილობდა საქმის განხილვის გაჭიანურებას და საქმეში მონაწილეობისაგან თავის არიდებას, ვინაიდან დადგენილია, რომ აპელანტის წარმომადგენელს არცერთ შუამდგომლობაზე არ წარმოუდგენია მასში მითითებული გარემოებების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება.

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, მას 2009 წლის 13 ოქტომბერს დანიშნულ სასამართლო სხდომაზე დაგეგმილი ჰქონდა გამოცხადება, მაგრამ აწ გარდაცვლილი მამის წლისთავი ებრაული კალენდრის მიხედვით შესდგებოდა 2009 წლის 17 ოქტომბერს, რის გამოც ვერ შეძლო სასამართლო პროცესზე გამოცხადება. შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორმა მოითხოვა სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიოდ ჩათვლა და საქმის წარმოების განახლება.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კერძო საჩივრის ავტორის მიერ მითითებული გარემოება ვერ მიიჩნევა მისი სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის სამოქალაქო საპროცესო კოდესის 215-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებულ საპატიო მიზეზად და შესაბამისად, იგი ვერ გახდება გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 13 ოქტომბრის გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო კერძო საჩივარი უსაფუძვლო და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ე. კ-ძის წარმომადგენელ მ. ს-ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 13 ოქტომბრის განჩინება;

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.