Facebook Twitter

¹ას-1106-1370-09 25თებერვალი, 2010წელი თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ლ. ლაზარაშვილი, თ. თოდრია

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი –ე. ა-შვილი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შ. ა-შვილი, ზ. ა-შვილი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება –თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 01 ოქტომბრის საოქმო განჩინება

კერძო საჩივრის ავტორი მოთხოვნა - გასაჩივრებული საოქმო განჩინების გაუქმება

დავის საგანი – უძრავი ქონების მიკუთვნება და უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თელავის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მოსარჩელეების შ. ა-შვილისა და ზ. ა-შვილის სარჩელი მოპასუხეების საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა ახმეტის სარეგისტრაციიო სამსახურისა და ე. ა-შვილის წინააღმდეგ.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ე. ა-შვილმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 01 ოქტომბრის საოქმო განჩინებით ე. ა-შვილის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი მისის გამოუცხადებლობის გამო.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ თბილისის სააპელციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საქმის ზეპირი განხილვისას, რომელიც დანიშნული იყო 2009 წლის 01 ოქტომბერს 13.00 საათზე, არ გამოცხადდა აპელანტი მხარე.

აპელანტი ე. ა-შვილის წარმომადგენელი სასამართლო სხდომაზე მოწვეული იყო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, ხოლო გამოუცხადებელ მხარეს სასამართლოსათვის არ უცნობებია გამოუცხადებლობის მიზეზების შესახებ.

მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელმა იშუამდგომალა სააპელაციო სასამართლოს წინაშე, რომ სააპელაციო საჩივარი დაეტოვებინა განუხილველად აპელანტის გამოუცხადებლობის გამო.

ვინაიდან საქმის განხილვაზე არ გამოცხადდა სააპელაციო საჩივრის ავტორი, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ ე. ა-შვილის სააპელაციო საჩივარი თელავის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე განუხილველად უნდა დარჩეს.

აღნიშნული საოქმო გადაწყვეტილება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ე. ა-შვილმა.

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ საქმის ზეპირი განხილვისას დადგენილად მიიჩნია, რომ აპელანტი სასამართლოს სხდომაზე მიწვეული იყო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, რაც სინამდვილეს არ შეეფერება.

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, თელავის რაიონულ სასამართლოში მის ინტერესებს იცავდნენ სხვა რწმუნებულები, ხოლო სააპელაციო სასამართლოში ქ.სუხიაშვილი, რომელსაც მხოლოდ ერთ პროცესზე უნდა მიეღო მონაწილეობა ე.ი. მხოლოდ 23 ივლისს, ამ პროცესს აპელანტი არ ესწრებოდა და 1 ოქტომბრისათვის თუ გადანიშნეს სხდომა მისთვის ცნობილი არ იყო, ვინაიდან რწმუნებულს ვერ დაუკავშირდა მიუხედავად მისი მრავალი მცდელობისა. თუმცა დარწმუნებული იყო, რომ მიიღებდა სასამართლო უწყებას, რაც არ მიუღია.

ამდენად, კერძო საჩივრის ავტორი თვლის, რომ იგი სასამართლო სხდომაზე მიწვეული არ ყოფილა კანონონმდებლობით დადგენილი წესით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კერძო საჩივრის ავტორმა მოითხოვა გასაჩივრებული საოქმო განჩინების გაუქმება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატა კერძო საჩივრის განხილვის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამავე კოდექსის 275-ე მუხლის ,,გ” ქვეპუნქტის თანახმად სასამართლო მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით განუხილველად დატოვებს სარჩელს, არ გამოცხადდება სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე (განმცხადებელი), ხოლო მოპასუხე თანახმაა სარჩელი (განცხადება) განუხილველად იქნეს დატოვებული.

მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 1 ოქტომბრის განჩინებით ე. ა-შვილის გამოუცხადებლობის გამო მისი სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70_ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მხარეს ან მათ წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობებათ სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი უწყება მხარისათვის და წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ითვლება, თუ იგი ჩაბარდა ერთ-ერთ მათგანს. მითითებული მუხლის შინაარსიდან გამომდინარე წარმომადგენლის ვალდებულებაა დაუყონებლივ აცნობოს მხარეს სხდომის დღის შესახებ. განსახილველ საქმეში დადგენილია, რომ 2009 წლის 1 ოქტომბრის სასამართლო სხდომის დღის შესახებ ეცნობა

ე. ა-შვილის წარმომადგენელს ქ. სუხიაშვილს, რაც ამ უკანასკნელმა დაადასტურა ხელწერილზე ხელის მოწერს გზით (ს.ფ76), შესაბამისად ქ. სუხიაშვილი ვალდებული იყო, შეეტყობინებინა თავისი მარწმუნებლისათვის საქმის განხილვის დრო. აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის განმარტებას, რომ მას 2009 წლის 1 ოქტომბრის სასამართლოს სხდომის დღის შესახებ არ ჩაბარებია სასამართლო უწყება, ხოლო მის წარმომადგენელს ქ. სუხიაშვილს ვერ დაუკავშირდა.

ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილი იყო მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე სააპელაციო საჩივარი განუხილველად დაეტოვებინა, ხოლო წარმომადგენლის მიერ თავისი მოვალეობის შეუსრულებლობა გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი ვერ გახდება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ე. ა-შვილის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 1 ოქტომბრის განჩინება დარჩეს უცვლელად;

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.