Facebook Twitter

¹ას-1108-1372-09 4 თებერვალი, 2010 წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),

თ. თოდრია (მომხსენებელი), რ. ნადირიანი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ო. ჩ-ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – მ. ტ-ძე (მოსარჩელე)

დავის საგანი _ ალიმენტის დაკისრება

გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 19 ოქტომბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოებაში მიღება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

მ. ტ-ძის წარმომადგენელმა თ. გ-ძემ სარჩელით მიმართა ხაშურის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა ო. ჩ-ძისგან არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ ალიმენტის დაკისრება ყოველთვიურად 600 ლარის ოდენობით. მან მიუთითა, რომ მ. ტ-ძე არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ო. ჩ-ძესთან. ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ სამი შვილი. მხარეები დაშორდნენ და ბავშვები აღსაზრდელად დარჩა დედასთან. მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხე მუშაობს და აქვს სტაბილური შემოსავალი, არ ზრუნავს შვილებზე და არც მატერიალურ დახმარებას უწევს მათ.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მას შემდეგ, რაც მოსარჩელემ დატოვა ოჯახი, სამივე შვილზე მზრუნველობა და პატრონობა აიღო თავის თავზე. კერძოდ, ბავშვების მოვლა-პატრონობის, სწავლის, მკურნალობისა და სხვადასხვა ყოველდღიურ ხარჯებს თავად ისტუმრებს, სამივე შვილზე გაფორმებული აქვს სამედიცინო დაზღვევის პოლისები, შესაბამისად, უსაფუძვლოა მოსარჩელის მოთხოვნა ალიმენტის სახით 600 ლარის დაკისრებაზე, ვინაიდან მას ბავშვები არ მიუტოვებია და დღემდე ზრუნავს მათზე. მორიგების შემთხვევაში შესძლებს მხოლოდ 50 ლარის გადახდას ყოველთვიურად თითო ბავშვზე.

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილებით მ. ტ-ძის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ო. ჩ-ძეს თავისი არასრულწლოვანი შვილების: ქ. ჩ-ძის, დაბადებული 1994 წლის 16 ივნისს ბავშვების სასარგებლოდ დაეკისრა 100 ლარი თითოეულ ბავშვზე მათ სრულწლოვანებამდე. ალიმენტის გადახდა დაიწყო 2008 წლის 9 დეკემბრიდან.

აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა ო. ჩ-ძემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 19 ოქტომბრის განჩინებით ო. ჩ-ძის სააპელაციო საჩივარზე შეწყდა წარმოება.

აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ო. ჩ-ძემ. მან მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლომ თავისი დასკვნის დასასაბუთებლად გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, მას არ უნდა გამოეყენებინა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის “ბ” პუნქტი, ვინაიდან მისი სააპელაციო საჩივარი არსებითად არ განხილულა. მართალია, არსებობს განსახილველ სააპელაციო საჩივართან დაკავშირებით გამოტანილი და კანონიერ ძალაში შესული იმავე პალატის განჩინება, მაგრამ იგი არ არის არსებითი ხასიათის, იმავე მხარეთათვის სააპელაციო საჩივრის საგნისა და საფუძვლების მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო, საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო კერძო საჩივარს და მიაჩნია, რომ ო. ჩ-ძის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის “ბ” პუნქტის თანახმად, სასამართლო მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან განჩინება, რომელიც გამოტანილია დავაზე იმავე მხარებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით.

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ თბილისის საააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 11 მარტის განჩინებით ო. ჩ-ძის სააპელაციო საჩივარი ხაშურის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილებზე განუხილველად იქნა დატოვებული. აღნიშნული განჩინება ო. ჩ-ძეს არ გაუსაჩივრებია და შევიდა კანონიერ ძალაში. 2008 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი ო. ჩ-ძემ განმეორებით შეიტანა 2009 წლის 14 დეკემბერს.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არსებობს აღნიშნულ სააპელაციო საჩივართან დაკავშირებით გამოტანილი და კანონიერ ძალაში შესული 2009 წლის 11 მარტის განჩინება, ანუ არსებობს მოცემულ საქმეზე განჩინება, რომელიც გამოტანილია დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით, რაც საქმის შეწყვეტის საფუძველია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია და არ არსებობს კერძო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ო. ჩ-ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 19 ოქტომბრის განჩინება;

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.