Facebook Twitter

¹ას-1110-1017-2010 3 იანვარი, 2011 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პ. ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვ. როინიშვილი, ნ. კვანტალიანი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ ი. ხ-ძე

მოწინააღმდეგე მხარე _ ნ. ხ-ძე

გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 7 ოქტომბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2010 წლის 14 მაისს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა ნ. ხ-ძემ მოპასუხე ი. ხ-ძის მიმართ და მოითხოვა შპს «...» მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟის 2009 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, აგრეთვე, მამის _ ი. ხ-ძის დანაშთი ქონების 1/2 ნაწილზე მესაკუთრედ ცნობა (ტომი I, ს.ფ. 1-11).

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილებით ნ. ხ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი არბიტრაჟის 2009 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილება, ნ. ხ-ძე ცნობილ იქნა ქუთაისში, ... ¹36-ში მდებარე სახლის 1/2 ნაწილის მესაკუთრედ (ტომი I, ს.ფ. 116-119).

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი. ხ-ძემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (ტომი I, ს.ფ. 122-131).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 7 ოქტომბრის განჩინებით ი. ხ-ძის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად ხარვეზის შეუვსებლობის გამო.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მის მიერ მიღებული 2010 წლის 28 სექტემბრის განჩინებით ი. ხ-ძის სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი, კერძოდ, აპელანტს დაევალა ხარვეზის შესავსებად სასამართლოში წარედგინა 600 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი. მასვე განემარტა, რომ დანიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში საჩივარი დარჩებოდა განუხილველად. 2010 წლის 5 ოქტომბერს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში შევიდა ი. ხ-ძის განცხადება, რომლითაც განმცხადებელმა ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრების დაგვიანებით წარდგენის საპატიოდ მიჩნევა.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 65-ე მუხლზე და განმარტა, რომ საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის განსაზღვრული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სასამართლომ შეიძლება აღადგინოს, თუ ცნობს, რომ საპროცესო მოქმედება საპატიო მიზეზით არ შესრულდა. საპატიო მიზეზად ჩაითვლება ამ კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილში მითითებული გარემოებები. ამდენად, საპროცესო მოქმედებისათვის განსაზღვრული ვადა სასამართლოს შეუძლია აღადგინოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ვადის აღდგენისათვის არსებობს საპატიო მიზეზი და ვადის აღდგენა არ ეწინააღმდეგება კანონით დადგენილ ნორმებს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპატიო მიზეზად ითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით, ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებასან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ობიექტური გარემოება უნდა იყოს განსაკუთრებული, რომელიც ობიექტურად შეუძლებელს ხდის მხარემ შეასრულოს ესა თუ ის საპროცესო მოქმედება.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში განმცხადებელი არ მიუთითებდა ისეთ განსაკუთრებულ ობიექტურ გარემოებებზე, რასაც შეეძლო ი. ხ-ძისათვის ხელი შეეშალა საპროცესო მოქმედების შესრულებაში. ე.ი. ი. ხ-ძემ საპროცესო მოქმედება არ შეასრულა მასზე დამოკიდებული მიზეზით. ამდენად, იმის გამო, რომ საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობა არ იყო გამოწვეული საპატიო მიზეზით, ი. ხ-ძის განცხადება საპროცესო ვადის აღდგენის თაობაზე დაკმაყოფილებას არ ექვემდებარებოდა.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქმეზე დგინდებოდა, რომ ი. ხ-ძეს ხარვეზი სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეუვსია. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე, 374-ე მუხლების მიხედვით არსებული ვითარება იძლეოდა საფუძველს მისი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებისათვის (ტომი III, ს.ფ. 9-14).

სააპელაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ი. ხ-ძემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და მისი სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა.

კერძო საჩივრის თანახმად, აპელანტმა ი. ხ-ძემ 300 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟი გადაიხადა ხარვეზის შევსების ვადის გასვლამდე (ხარვეზის შევსების ვადა ამოიწურა 2010 წლ 4 ოქტომბერს), თუმცა შვილის ავადმყოფობის გამო 2010 წლის 5 ოქტომბრამდე მისი სასამართლოსათვის წარდგენა ვერ შეძლო. ამავე მიზეზით მან სასამართლოს დროულად ვერ წარუდგინა ბავშვის ავადმყოფობის დამადასტურებელი ცნობა. სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული განცხადების მიუხედავად, სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრების ერთი დღის დაგვიანებით წარდგენა მიიჩნია არასაპატიოდ და ი. ხ-ძის სააპელაციო საჩივარი დატოვა განუხილველად (ტომი III, ს.ფ. 16, 17).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ ი. ხ-ძის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 7 ოქტომბრის განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:

გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას საფუძვლად დაედო სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა. სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საკითხის გადაწყვეტისას სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა ი. ხ-ძის 5.10.2010წ. განცხადებაზე და მიიჩნია, რომ სახეზე არ იყო ხარვეზის შესავსებად სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის აღდგენის საფუძველი.

ზემოაღნიშნული განცხადებით აპელანტი ხარვეზის დროულად შეუვსებლობას ასაბუთებდა შემდეგი გარემოებებით: იგი უმუშევარია, იმყოფება ეკონომიურად მძიმე მდგომარეობაში, მის კმაყოფაზეა ცოლ-შვილი და დედა, რომლებიც ასევე უმუშევრები არიან (ტომი 3, ს.ფ. 6). წარმოდგენილ კერძო საჩივარში კი ი. ხ-ძე ხარვეზის დაგვიანებით შევსების მიზეზად მიუთითებს 2010 წლის 4 ოქტომბრიდან 2010 წლის 8 ოქტომბრამდე (ხარვეზის შევსების ვადა ამოიწურა 2010 წლის 4 ოქტომბერს) დროის მონაკვეთში შვილის ავადმყოფობაზე, რის დასასაბუთებლადაც კერძო საჩივარს თან ერთვის შპს «ქუთაისის ბავშვთა ¹3 პოლიკლინიკის» მიერ გაცემული ცნობა (ტომი 3, ს.ფ. 16,17).

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 65-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის განსაზღვრული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სასამართლომ შეიძლება აღადგინოს, თუ ცნობს, რომ საპროცესო მოქმედება საპატიო მიზეზით არ შესრულდა. საკითხს იმის შესახებ, თუ რა შეიძლება ჩაითვალოს საპატიო მიზეზად, ამავე ნორმის შესაბამისად, პასუხობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს იმ გარემოებათა ჩამონათვალს, რომლებიც შეიძლება მიჩნეულ იქნეს ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის საპატიო მიზეზად. აღნიშნული ნორმის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იყოს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე. დასახელებული საპროცესო ნორმის დანაწესიდან გამომდინარე ობიექტური გარემოება უნდა იყოს განსაკუთრებული, ისეთი, რომელიც ობიექტურად შეუძლებელს ხდის მხარემ შეასრულოს ესა თუ ის საპროცესო მოქმედება.

კერძო საჩივრის ავტორი ხარვეზის შევსების ვადის აღდგენის საფუძვლად უთითებს იმ გარემოებაზე, რომ მას შვილის ავადმყოფობამ შეუშალა ხელი ხარვეზის დროულად შევსებაში. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მითითებული გარემოება მოცემულ შემთხვევაში ვერ იქნება მიჩნეული საპროცესო მოქმედების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის საპატიო მიზეზად, ვინაიდან უპირველესად, აღსანიშნავია, რომ ამ გარემოებაზე კერძო საჩივრის ავტორი სააპელაციო სასამართლოსათვის წარდგენილ განცხადებაში არ უთითებდა. როგორც ზემოთ აღინიშნა, ხსენებულ განცხადებაში ი. ხ-ძე ხარვეზის დაგვიანებით შევსებას უკავშირებდა სრულიად სხვა მიზეზებს. აქედან გამომდინარე, არსებული ვითარება კერძო საჩივრის ავტორის მიერ დასახელებულ არგუმენტს არასარწმუნოს ხდის. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ კერძო საჩივრის ავტორს, მისივე განმარტებით, ჰყავს ოჯახის წევრები (მეუღლე, დედა), რომლებიც არ მუშაობენ. აქედან გამომდინარე, დაუსაბუთებელია, თუ რატომ არ შეეძლო კერძო საჩივრის ავტორს მისი ოჯახის წევრების მეშვეობით შეესრულებინა საპროცესო მოქმედება (სახელმწიფო ბაჟის ქვითარი წარედგინა სასამართლოში) ან აღნიშნულის თაობაზე დროულად ეცნობებინა სასამართლოსათვის.

სადავო საკითხის შეფასებისას, მხედველობაშია მისაღები ასევე ის გარემოებაც, რომ ი. ხ-ძემ ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის გადაცილებით წარადგინა სახელმწიფო ბაჟის დაკისრებული თანხის (600 ლარი) მხოლოდ ნაწილი _ 300 ლარი, ამასთან, განმცხადებელმა ითხოვა სახელმწიფო ბაჟის დანარჩენი ნაწილისაგან გათავისუფლება მძიმე ეკონომიური მდგომარეობის გამო (ტომი 3, ს.ფ. 6-8). სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს, მოქალაქის ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, თუ მოქალაქე დაასაბუთებს სასამართლო ხარჯების გადახდის შეუძლებლობას და სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს, შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ გაათავისუფლოს იგი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, რის თაობაზეც გამოაქვს მოტივირებული განჩინება. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. მოცემულ შემთხვევაში ი. ხ-ძემ ვერ უზრუნველყო წარმოდგენილი შუამდგომლობის შესაბამისი მტკიცებულებებით დასაბუთება, კერძოდ, მას სასამართლოსათვის არ წარუდგენია მტკიცებულებები, რაც მის მიერ სახელმწიფო ბაჟის დარჩენილი ნაწილის გადახდისაგან გათავისუფლების საფუძვლის არსებობას დაასაბუთებდა.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ განსახილველ შემთხვევაში სწორად გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილი, რომლის თანახმად, თუ სააპელაცო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას უნიშნავს ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60-ე და 61-ე მუხლების შესაბამისად, ხარვეზის შესავსებად დადგენილი 5-დღიანი ვადის ათვლა მოცემულ შემთხვევაში დაიწყო 2010 წლის 30 სექტემბერს და დასრულდა 2010 წლის 4 ოქტომბერს, რომელიც იყო სამუშაო დღე _ ორშაბათი. აღნიშნულ ვადაში აპელანტს ხარვეზი არ შეუვსია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ამ ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს მისთვის დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია, რის გამოც გასაჩივრებული განჩინება გაუქმებას არ ექვემდებარება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ი. ხ-ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 7 ოქტომბრის განჩინება.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.