Facebook Twitter

ას-1110-1374-09 11 იანვარი, 2010 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე)

მოსამართლეები:

ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი), ლ. ლაზარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ ლ. დ-ია, ნ. ფ-ია, ხ. ქ-შვილი (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე _ ქ. თ-ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 27 ოქტომბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ქ. თ-ძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ლ., ა., მ. დ-იების, ნ. ფ-იასა და ხ. ქ-შვილის მიმართ მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან ქ.თბილისში, ... ¹70 ბინის გამოთხოვის შესახებ შემდეგი საფუძვლებით: სადავო ბინა ეკუთვნის მოსარჩელეს, თუმცა მას ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობენ მოპასუხეები და თავისი ნებით არ ათავისუფლებენ.

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და მიიჩნიეს, რომ სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 2 აპრილის გადაწყვეტილებით ქ.თ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა, ქ.თბილისში, ... ¹70 ბინა გამოთხოვილ იქნა ლ., ა., მ. დ-იების, ნ. ფ-იასა და ხ. ქ-შვილის უკანონო მფლობელობიდან და მოსარჩელეს ჩაბარდა გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ლ., ა., მ. დ-იებმა, ნ. ფ-იამ და ხ. ქ-შვილმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 27 ოქტობრის განჩინებით მოწინააღმდეგე მხარის _ ქ. თ-ძის შუამდგომლობა სააპელაციო საჩივარის განუხილველად დატოვების შესახებ დაკმაყოფილდა, ლ., ა., მ. დ-იების, ნ. ფ-იასა და ხ. ქ-შვილის სააპელაციო საჩივარი, აპელანტთა გამოუცხადებლობის გამო, დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოცემული სააპელაციო საჩივრის განხილვა დაინიშნა 2009 წლის 27 ოქტომბრისათვის, რის შესახებ სატელეფონო შეტყობინებით ეცნობა აპელანტ ლ. დ-იას. საქმის განხილვაზე აპელანტები არ გამოცხადდნენ და არც თავისი გამოუცხადებლობის მიზეზი სასამართლოს არ აცნობეს. მოწინააღმდეგე მხარემ კი იშუამდგომლა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ. პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის პირველი ნაწილით, 372-ე მუხლით, 229-ე მუხლის მეორე ნაწილით და მიიჩნია, რომ ქ.თ-ძის შუამდგომლობა დასაბუთებელია.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ლ. დ-იამ, ნ. ფ-იამ და ხ. ქ-შვილმა შეიტანეს კერძო საჩივარი, მოითხოვეს მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივრის განხილვის თარიღი აცნობა მხოლოდ ლ. დ-იას, ხოლო დანარჩენი აპელანტები სასამართლოში საქმის განხილვის დროის შესახებ კანონით დადგენილი წესით გაფრთხილებული არ ყოფილან. ლ. დ-იასათვის სააპელაციო საჩივრის განხილვის თარიღის შეტყობინება სასამართლომ ყველა აპელანტის გაფრთხილებად არასწორად მიიჩნია, ვინაიდან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 77-ე მუხლის შესაბამისად, ლ.დ-იასათვის ნ. ფ-იასა და ხ. ქ-შვილს საკუთარი სახელით მოქმედების უფლებამოსილება არ მიუნიჭებიათ. სადავო ურთიერთობაზე არ უნდა გავრცელდეს არც ამავე კოდექსის 73-ე და 74-ე მუხლების პირველი ნაწილები, ვინაიდან ადრესატის ოჯახის წევრისათვის სასამართლო უწყების ჩაბარება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როცა თავად გამოსაძახებელი პირი არსებულ მისამართზე არ იმყოფება, ხოლო სატელეფონო შეტყობინების გამოყენება შესაძლებელია სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე, რაც მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს. აღსანიშნავია, რომ ა. და მ. დ-იების არასრულწლოვანების გამო, კერძო საჩივარი შეტანილ იქნა კანონიერი წარმომადგენლის მიერ მათი სახელითაც. 2009 წლის 23 ოქტომბერს ლ. დ-იამ აპელანტ ხ.ქ-შვილის კუთვნილ ნომერზე, რომლითაც დროებით თავად სარგებლობდა, მობილურ ტელეფონზე მიიღო ლ.ს-შვილის მიერ გაგზავნილი ორი ტექსტური შეტყობინება სააპელაციო საქმეზე მიღებული განჩინების მისაღებად ორი დღის ვადაში სასამართლოში გამოცხადების თაობაზე. 2009 წლის 26 ოქტომბერს ხ.ქ-შვილი გამოცხადდა სააპელაციო სასამართლოში, დაუკავშირდა ტექსტურ შეტყობინებაში მითითებულ პიროვნებას _ ს-შვილს და ჰკითხა უნდა გამოცხადებულიყო თუ არა მომდევნო დღეს საქმის განხილვაზე. დასახელებულმა პირმა განუმარტა, რომ აპელანტი პროცესზე არ უნდა მისულიყო, ხოლო შეტყობინებაში აღნიშნული სასამართლო განჩინება მიუვიდოდა ფოსტით.

მოცემული საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ სააპელაციო სასამართლოში ლ., ა. და მ. დ-იების, ნ. ფ-იასა და ხ. ქ-შვილის სააპელაციო საჩივრის განხილვა დაინიშნა 2009 წლის 27 ოქტომბერს, რის შესახებაც აპელანტ ლ. დ-იასა და ქ. თ-ძეს ეცნობა სატელეფონო შეტყობინებით. აღნიშნულზე შედგა სათანადო აქტები.

სასამართლოს მიერ დადგენილ დროს აპელანტები საქმის განხილვაზე არ გამოცხადდნენ და არც თავისი გამოუცხადებლობის მიზეზის შესახებ სასამართლოს არ აცნობეს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. დ-იას, ნ. ფ-იასა და ხ. ქ-შვილის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. მითითებული ნორმა შესაძლებლობას აძლევს სააპელაციო სასამართლოს, იხელმძღვანელოს საქმის პირველი ინსტანციის წესით განხილვისათვის განსაზღვრული წესებით, თუ სადავო ურთიერთობა სცდება კანონმდებლის მიერ სააპელაციო სასამართლოსათვის სპეციალურად დადგენილ ნორმათა რეგულირების სფეროს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ. ამავე კოდექსის 229-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, თუ მოპასუხე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ. დასახელებული ნორმებიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია, განუხილველად დატოვოს სააპელაციო საჩივარი სასამართლო სხდომაზე აპელანტის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობისას მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც საქმის განხილვის დრო გამოუცხადებელ მხარეს კანონით დადგენილი წესით ეცნობა.

განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო იზიარებს კერძო საჩივრის ავტორთა მოსაზრებას, რომ სააპელაციო საჩივრის განხილვის თარიღი აპელანტ ნ. ფ-იასა და ხ. ქ-შვილს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით გათვალისწინებული წესით არ ჩაბარებიათ, კერძოდ, აპელანტებისათვის საქმის განხილვის დროის შეტყობინებად სააპელაციო პალატამ ჩათვალა საქმის მასალებში წარმოდგენილი აქტი ლ. დ-იასათვის პროცესის დროისა და ადგილის თაობაზე ტელეფონით შეტყობინების შესახებ. სხვა აპელანტებისათვის კი საქმის განხილვის დანიშვნის ინფორმაცია სასამართლოს არ მიუწოდებია. ამასთან, ზემოხსენებული აქტით არ ირკვევა, რომ ლ.დ-იას სასამართლო პროცესის თარიღის დანარჩენი აპელანტებისათვის შეტყობინების ვალდებულება დაკისრებოდა.

დასაბუთებულია კერძო საჩივრის არგუმენტი, რომ ლ.დ-იასათვის სააპელაციო საჩივრის განხილვის დროის თაობაზე შეტყობინება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 77-ე მუხლისა და 74-ე მუხლების პირველი ნაწილის საფუძველზე აღნიშნული ინფორმაციის ნ. ფ-იასა და ხ. ქ-შვილისათვისაც შეტყობინებულად მიჩნევის საფუძველი ვერ გახდება, ვინაიდან აპელანტებს ლ. დ-იასათვის სასამართლოში თავიანთი სახელით საქმის წარმოება არ მიუნდიათ, აპელანტთა რაოდენობა მოცემულ საქმეზე ათზე მეტი არ არის, ხოლო რაც შეეხება ამავე კოდექსის 74-ე მუხლს, იგი არეგულირებს სასამართლო უწყების ჩაბარების წესს იმ მხარისათვის, რომელსაც სასამართლო უწყება გაეგზავნა, თუმცა ადრესატი შესაბამის მისამართზე არ აღმოჩნდა. განსახილველ შემთხვევაში კი სააპელაციო პალატას აპელანტ ნ.ფ-იასა და ხ.ქ-შვილისათვის სასამართლო უწყების ჩაბარება საქმეში მითითებულ მისამართზე არ უცდია.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კანონით დადგენილი წესით საქმის განხილვის დროისა და ადგილის შეუტყობინებლობის პირობებში აპელანტთა გამოუცხადებლობის საბაბით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებით სააპელაციო პალატამ დაარღვია მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით მხარეთათვის მინიჭებული საპროცესო უფლებები საქმის განხილვაში მონაწილეობის მიღებისა და სასამართლოს მიერ საპროცესო მოქმედებათა შეტყობინების შესახებ. აღნიშნული კი გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ლ. დ-იას, ნ. ფ-იასა და ხ. ქ-შვილის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 27 ოქტომბრის განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.