Facebook Twitter

ას-1113-1020-10 21 დეკემბერი, 2010 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

მაია სულხანიშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ ნ. ს-ძე

მოწინააღმდეგე მხარე _ დ. ბ-ძე

გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 29 სექტემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

დ. ბ-ძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ. ს-ძის მიმართ და მოითხოვა სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება _ მოპასუხისათვის 100000 აშშ დოლარის დაკისრება.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილებით დ.ბ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა, ნ.ს-ძეს დ.ბ-ძის სასარგებლოდ დაეკისრა 100000 აშშ დოლარის გადახდა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. ს-ძემ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 29 სექტემბრის განჩინებით ნ.ს-ძის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ნ. ს-ძის წარმომადგენელმა დ. შ-ძემ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 10 ნოემბრის განჩინებით ნ.ს-ძის წარმომადგენელ დ.შ-ძის კერძო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა სახელმწიფო ბაჟის _ 50 ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედნის, ასევე დ.შ-ძის ადვოკატის მოწმობის ასლის წარმოდგენა.

ხარვეზის დადგენის შესახებ საკასაციო სასამართლოს განჩინება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით გაეგზავნა და ჩაბარდა ნ.ს-ძეს 2010 წლის 9 დეკემბერს.

2010 წლის 14 დეკემბერს ბათუმის საფოსტო განყოფილების მეშვეობით ნ.ს-ძემ განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, წარმოადგინა სახელმწიფო ბაჟის _ 50 ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედანი და სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადის გაგრძელების შესახებ იმ საფუძვლით, რომ მან ვერ მოახერხა მის წარმომადგენელთან დაკავშირება და სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზი სრულად ვერ გამოასწორა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ს-ძის წარმომადგენელ დ. შ-ძის კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

დასახელებული ნორმა წარმოადგენს ერთგვარ სამოქალაქო-სამართლებრივ სანქციას იმ მხარის მიმართ, რომელმაც დაარღვია კანონითა თუ სასამართლო განჩინებით დადგენილი საპროცესო ვადა. აღნიშნული ვადის დარღვევით განხორციელებულ საპროცესო მოქმედებას იურიდიული შედეგი აღარ მოჰყვება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომი ინსტანციის სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ კერძო საჩივარი არ უპასუხებს მოცემულ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, კერძო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ კერძო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 10 ნოემბრის განჩინებით ნ.ს-ძის წარმომადგენელ დ.შ-ძის კერძო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა სახელმწიფო ბაჟის _ 50 ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედნის, ასევე დ.შ-ძის ადვოკატის მოწმობის ასლის წარმოდგენა.

ხარვეზის დადგენის შესახებ საკასაციო სასამართლოს განჩინება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით გაეგზავნა და ჩაბარდა ნ.ს-ძეს 2010 წლის 9 დეკემბერს (იხ.ს.ფ.96, ტ.II).

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. დასახელებული ნორმა სასამართლოს უდგენს ალტერნატიულ ვალდებულებას, სასამართლო შეტყობინება საპროცესო მოქმედების შესრულების დროის შესახებ აცნობოს ნორმაში მითითებულ სუბიექტთაგან ერთ-ერთს _ მხარეს ან მის წარმომადგენელს და მითითებულთაგან ერთ-ერთისათვის, ასევე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის შესაბამისად მხარის არყოფნის შემთხვევაში, მისი ოჯახის სრულწლოვანი წევრისათვის სასამართლო შეტყობინების ჩაბარება საპროცესო ვადის დენის დაწყების საფუძველია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად კი, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ სათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.

დასახელებული ნორმების თანახმად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი სამდღიანი ვადის დენა დაიწყო 2010 წლის 10 დეკემბერს და რადგანაც ვადის უკანასკნელი დღე ემთხვეოდა დასვენების დღეს _ კვირას, ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ამოიწურა მომდევნო პირველ სამუშაო დღეს _ 13 დეკემბერს, ორშაბათს. საქმეში წარმოდგენილი საფოსტო კონვერტით კი დასტურდება, რომ ნ.ს-ძემ ხარვეზის ნაწილობრივ გამოსწორებისა და საპროცესო ვადის გაგრძელების თხოვნით სასამართლოს მომართა 2010 წლის 14 დეკემბერს (იხ. ტ.II, ს.ფ.100) _ ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი სამდღიანი ვადის დარღვევით, რაც მისი კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

ნ. ს-ძეს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ 2010 წლის 13 დეკემბერს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 50 ლარი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 185-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელის (კერძო საჩივრის) განუხილველად დატოვების შემთხვევაში სახელმწიფო ბაჟი ექვემდებარება მთლიანად დაბრუნებას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ნ. ს-ძის კერძო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 29 სექტემბრის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.

ნ. ს-ძეს დაუბრუნდეს მის მიერ 2010 წლის 13 დეკემბერს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 50 ლარი

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.