Facebook Twitter

¹ას-1119-1383-09 25 თებერვალი, 2010 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე)

რ. ნადირიანი (მომხსენებელი), თ. თოდრია

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ ინდ.მეწარმე “თ. კ-ძე”

მოწინააღმდეგე მხარე _ სს “ე-ა”

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 3 ნოემბრის განჩინება

დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილებით სს “ე-ს” სარჩელი ინდ. მეწარმე “თ. კ-ძის” მიმართ მოპასუხის მიერ მოხმარებული ელეტქროენერგიის ღირებულების 5422,31 ლარისა და სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის დაკისრების დაკისრების თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხე ინდ. მეწარმე “თ. კ-ძეს” მოსარჩელე სს “ე-ს” სასარგებლოდ დაეკისრა მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების 2522,03 ლარისა და გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 75,66 ლარის ანაზღაურება, ხოლო მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე 2900,28 ლარისა და გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 87,04 ლარის ანაზღაურების ნაწილში.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ და მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 24 სექტემბერს სს “ე-სა” და ინდ. მეწარმე “თ. კ-ძის” სააპელაციო საჩივრები მიღებულ იქნა წარმოებაში. ამავე სასამართლოს 2009 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით 2009 წლის 3 ნოემბერს 11 საათზე დაინიშნა სასამართლოს მთავარი სხდომა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 3 ნოემბრის განჩინებით სს “ე-სა” და ინდ. მეწარმე “თ. კ-ძის” სააპელაციო საჩივრები დარჩა განუხილველად სასამართლო სხდომაზე მხარეთა გამოუცხადებლობის გამო.

აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ინდ. მეწარმე “თ. კ-ძემ”, რომლითაც მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 3 ნოემბრის განჩინების გაუქმება იმ საფუძვლით, რომ სასამართლო სხდომის დროისა და დღის შესახებ მისთვის ცნობილი არ ყოფილა, ვინაიდან არც მას და არც მის წარმომადგენელს სასამართლო უწყება არ ჩაჰბარებიათ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების განხილვის, კერძო საჩივრის შემოწმების შედეგად თვლის, რომ ინდ. მეწარმე “თ. კ-ძეს” კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილედეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 231-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდება არც ერთი მხარე, რომლებსაც გაეგზავნათ შეტყობინება 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, სასამართლო გამოიტანს განჩინებას სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ, რასაც უკავშირდება 276-ე და 278-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგები.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 275-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ სასამართლო სხდომაზე არცერთი მხარე არ გამოცხადდება.

სამოქალაქო საპროცესო 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენელისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს.

მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ ინდ. მეწარმე “თ. კ-ძესა” და სს “ე-ს” სასამართლო უწყება სასამართლო სხდომის დროისა და ადგილის შესახებ, კანონით დადგენილი წესით ეცნობათ, კერძოდ, ინდ. მეწარმე “თ. კ-ძესა” და სს “ე-ს” სასამართლო უწყება ჩაჰბარდათ 2009 წლის 20 ოქტომბერს (ს.ფ.186-188), თუმცა სასამართლო სხდომაზე არც ერთი მხარე არ გამოცხადებულა და არც რაიმე საპატიო მიზეზი გამოუცხადებლობის შესახებ ან საქმის განხილვის გადადების თაობაზე სასამართლოსათვის არ უცნობებიათ. შესაბამისად, კერძოO საჩივრის ავტორის განმარტებას მასზედ, რომ უწყება კანონით დადგენილი წესით არ ჩაჰბარებია, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ინდ.მეწარმე “თ. კ-ძის” კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 3 ნოემბრის განჩინება;

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.