Facebook Twitter

ას-112-110-2011 10 მარტი, 2011 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვ. როინიშვილი, თ. თოდრია

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორები _ გ. თ-ია, ს., გ. და მ. ა-იანები (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ სს “... ბანკი” (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 30 დეკემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების იპოთეკის საგნის რეალიზაციის გზით შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სს “... ბანკმა” სარჩელი აღძრა სასამართლოში გ. თ-იას, ს., მ. და გ. ა-იანების მიმართ ს. ა-იანისათვის 48252,2 აშშ დოლარისა და 2419,11 ლარის დაკისრების, ასევე დაკისრებული თანხის გადახდის უზრუნველსაყოფად მოპასუხეთა თანასაკუთრებაში არსებული ქ.თბილისში, ...... II შესახვევის ¹15-ში მდებარე იპოთეკით დატვირთული ¹12 ბინის რეალიზაციის მოთხოვნით.

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილებით სს “... ბანკის” სარჩელი დაკმაყოფილდა, რაც მოპასუხეებმა გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 30 დეკემბრის განჩინებით გ. თ-იას, ს., მ. და გ. ა-იანების სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილების ასლი ს., გ., მ. ა-იანებისა და გ. თ-იას წარმომადგენელ ბ.ხ-შვილს ჩაბარდა 2010 წლის 13 დეკემბერს. ამ უკანასკნელს მინიჭებული ჰქონდა უფლებამოსილება, სასამართლოში დაეცვა მარწმუნებელთა ინტერესები, მათ შორის, გაესაჩივრებინა სასამართლო გადაწყვეტილება. სააპელაციო საჩივარი მოცემულ საქმეზე შეტანილ იქნა 2010 წლის 28 დეკემბერს.

ამდენად, სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლით და მიიჩნია, რომ აპელანტებს სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლება ჰქონდა 2010 წლის 27 დეკემბრის ჩათვლით, შესაბამისად, მხარემ კანონით დადგენილი 14-დღიანი ვადა დაარღვია.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე გ. თ-იას, ს., მ. და გ. ა-იანების წარმომადგენელმა ბ. ხ-შვილმა შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო პალატამ არასწორად გამოთვალა სააპელაციო საჩივრის შეტანის 14-დღიანი ვადა. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ასლი აპელანტთა წარმომადგენელ ბ.ხ-შვილს ჩაბარდა 2010 წლის 13 დეკემბერს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის შესაბამისად, ზემოხსენებული 14-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო მომდევნო დღიდან _ 14 დეკემბრიდან და ამოიწურა 28 დეკემბერს, როდესაც მხარემ სააპელაციო საჩივარი შეიტანა სასამართლოში. ამდენად, აპელანტებს კანონით დადგენილი საპროცესო ვადა არ დაურღვევით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. თ-იას, ს., მ. და გ. ა-იანების წარმომადგენელ ბ. ხ-შვილის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა შეადგენს 14 დღეს. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისთვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისთვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად. მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივარი შეტანილ უნდა იქნეს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის გადაცემის მომენტიდან 14 დღის განმავლობაში. წინააღმდეგ შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი აღარ დაიშვება და დარჩება განუხილველად.

სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილების ასლი ს., გ., მ. ა-იანებისა და გ. თ-იას წარმომადგენელ ბ.ხ-შვილს ჩაბარდა 2010 წლის 13 დეკემბერს, რაც დასტურდება საქმის მასალებში წარმოდგენილი შპს “სკს-ს” გზავნილების ჩაბარების თაობაზე შეტყობინების ბარათითა და კერძო საჩივარში მხარის მითითებით.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივრის შეტანის 14-დღიანი ვადა 2010 წლის 13 დეკემბრის მომდევნო დღიდან _ 14 დეკემბრიდან სწორად აითვალა და ჩათვალა, რომ იგი ამოიწურა მე-14 დღეს _ 2010 წლის 27 დეკემბერს. სააპელაციო საჩივარი კი შეტანილ იქნა ამ ვადის გასვლის შემდეგ, 2010 წლის 28 დეკემბერს. აღნიშნული მოწმობს, რომ სააპელაციო საჩივრის შეტანის კანონით დადგენილი ვადა განსახილველ შემთხვევაში დაცული არ არის, რაც მოცემული სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობაა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

გ. თ-იას, ს., მ. და გ. ა-იანების წარმომადგენელ ბ. ხ-შვილის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 30 დეკემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.