¹ას-1129-1393-09 4 თებერვალი, 2010წ.
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე)
რ. ნადირიანი (მომხსენებელი), თ. თოდრია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ა. ა-ი
მოწინააღმდეგე მხარე – გ. ა-ევა
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 5 ნოემბრის განჩინება
დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 13 მაისის გადაწყვეტილებით გ. ა-ევას სარჩელი მოპასუხე ა. ა-ის მიმართ ზიანის ანაზღაურების, კერძოდ, მოსარჩელის კუთვნილი წილი სამკვიდრო ქონების გაყიდვით მიყენებული ზიანის - 50 000 ლარის ანაზღაურების თაობაზე დაკმაყოფილდა, მოპასუხე ა. ა-ის გ. ა-ევას სასარგებლოდ დაეკისრა 50 000 ლარის გადახდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. ა-იმ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა სააპელაციო პალატის 2009 წლის 5 ნოემბრის განჩინებით ა. ა-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად გასაჩივრების ვადის გაშვების გამო.
აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ა. ა-ის წარმომადგენელმა მ. ბ-მა, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის განხილვის განახლება იმ მოტივით, რომ გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადა არ დაურღვევია, ვინაიდან მან სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოში კანონით დადგენილ ვადაში შეიტანა, ვინაიდან მას, როგორც წარმომადგენელს, გასაჩივრებული გადაწყვეტილება მიუხედავად მრავალი მოთხოვნისა, ჩაჰბარდა მხოლოდ 2009 წლის 6 ოქოტომბერს და, შესაბამისად, სასამართლოს ვადის ათვლა მითითებული თარიღიდან უნდა დაეწყო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 417-ე მუხლის საფუძველზე, აღნიშნული კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადმოაგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, საქმის ზეპირი განხილვის გარეშე, შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ ა. ა-ის წარმომადგენელ მ. ბ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა არის 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება ამ გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.
ამავე კოდექსის 75-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადრესატმა ან ამ კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულმა სუბიექტმა, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული გამონაკლისისა, უარი განაცხდა უწყების მიღებაზე, მისი მიმტანი პირი სათანადო აღნიშვნას აკეთებს უწყებაზე, რომელიც სასამართლოს უბრუნდება. ასეთ შემთხვევაში უწყება ადრესატისათვის ჩაბარებულად ითვლება და სასამართლოს შეუძლია განიხილოს საქმე. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სუბიექტის უარის შემთხვევაში სასამართლო უწყება არ ჩაითვლება მოპასუხისათვის ჩაბარებულად, თუ მას პირველად ეგზავნება უწყება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა უწყება გაგზავნილი იქნა მოპასუხის მიერ პასუხში (შესაგებელში) მითითებულ მისამართზე.
როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 13 მაისის გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებაზე ა. ა-ის ოჯახის წევრებმა უარი განაცხადეს 2009 წლის 15 მაისს (ს.ფ. 180), ხოლო მისმა წარმომადგენელმა კი გადაწყვეტილების ასლი ჩაიბარა 2009 წლის 6 ოქტომბერს. ზემოაღნიშნული მუხლების შესაბამისად, უწყება ჩაბარებულად ითვლება 2009 წლის 15 მაისს, მაშინ, როდესაც ა.ი ა-ის ოჯახის წევრებმა უარი განაცხადეს გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებაზე. ა. ა–ის წარმომადგენელმა სააპელაციო საჩივარი აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ შეიტანა 2009 წლის 16 ოქტომბერს, ანუ კანონით დადგენილი გასაჩივრების 14-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ, რადგანაც სააპელაციო საჩივრის შეტანის ბოლო ვადა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების მეორე ნაწილების თანახმად, იყო 2009 წლის 29 მაისი.
ა. ა-ის წარმომადგენელი მ. ბ-ანი განმარტავს, რომ, ვინაიდან მას, როგორც წარმომადგენელს, გასაჩივრებული გადაწყვეტილება მიუხედავად მრავალი მოთხოვნისა, ჩაჰბარდა მხოლოდ 2009 წლის 6 ოქტომბერს, სასამართლოს ვადის ათვლა მითითებული თარიღიდან უნდა დაეწყო. აღნიშნულ მოსაზრებას საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს, ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენელისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ უწყება სწორად ჩათვალა ჩაბარებულად 2009 წლის 15 მაისს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, ადგილი არ აქვს სამოქალაქო საპროცესო კდოექსის 75-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებულ გამონაკლის შემთხვევას, ვინაიდან, მართალია სასამართლოს მიერ უწყება პირველად იყო გაგზავნილი მხარისათვის, მაგრამ იგი გაგზავნილ იქნა მის მიერ შესაგებელში მითითებულ მისამართზე. (ს.ფ. 42).
ამდენად, ა. ა-ის მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 13 მაისის გადაწყვეტილება გასაჩივრებულია გასაჩივრების კანონით დადგენილი წესის დარღვევით და შესაბამისად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ აღნიშნული საჩივარი სწორად ცნო დაუშვებლად და არ არსებობს განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ა. ა-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა სააპელაციო პალატის 2009 წლის 5 ნოემბრის განჩინება;
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.