Facebook Twitter

¹ას-113-107-2010 15 მარტი, 2010 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე თ. თოდრია

საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ვ. ა-შვილის კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 14 იანვრის განჩინებაზე, საქმეზე – ვ. ა-შვილის სარჩელის გამო ა. ქ-შვილისა და სს “ანაჯგუფის” მიმართ ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და აქციების დაბრუნების შესახებ. საკასაციო სასამართლომ

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 15 თებერვლის განჩინებით ვ. ა-შვილს განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში დაევალა სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის ჩარიცხვის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა. განჩინებით მას განემარტა, რომ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში კერძო საჩივარი განუხილველად დარჩებოდა. (ტ.III, ს.ფ. 141-142).

მოცემული განჩინება საქმეში მითითებულ მისამართზე კერძო საჩივრის ავტორს გაეგზავნა 2010 წლის 16 თებერვალს (ტ.III, ს.ფ. 143). კერძო საჩივრის ავტორს ხარვეზის განჩინება პირადად ჩაჰბარდა 2010 წლის 17 თებერვალს, თუმცა მას სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით საკასაციო პალატისათვის არ მიუმართავს (ტ.III, ს.ფ. 144).

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას; თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვ. ა-შვილის კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ვ. ა-შვილის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 14 იანვრის განჩინებაზე, დარჩეს განუხილველად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.