ას-1131-1021-2010 8 ნოემბერი, 2010წ.
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატამ
შემადგენლობით:
მოსამართლე ლ. ლაზარაშვილი
განიხილა ა. ყ-შვილის კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 24 თებერვლის განჩინებაზე. საკასაციო სასამართლომ
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 24 თებერვლის განჩინებით ა. ყ-შვილის განცხადება სააღსრულებო ფურცლის გაცემის შესახებ არ დაკმაყოფილდა (ტ. 2, ს.ფ. 164-167).
2010 წლის 22 ოქტომბერს აღნიშნულ განჩინებაზე ა. ყ-შვილმა წარადგინა კერძო საჩივარი, რომლითაც მოითხოვა განჩინების გასაჩივრების ვადის აღდგენა და გასაჩივრებული განჩინების გაუქმება (ტ.2, ს.ფ. 185-186).
საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი კერძო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. ყ-შვილის შუამდგომლობა გასაჩივრების ვადის აღდგენის შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს და კერძო საჩივარი განუხილველად იქნეს დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანის ვადაა 12 დღე. ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის განჩინების გადაცემის მომენტიდან ან მხარისათვის სასამართლო სხდომაზე მისი გამოცხადებიდან, თუ სხდომას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან ამ კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 24 თებერვლის გასაჩივრებული განჩინება ა. ყ-შვილს ჩაჰბარდა 2010 წლის 26 თებერვალს (ტ.2, ს.ფ. 170). სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 60-61-ე მუხლების შესაბამისად, კერძო საჩივრის შეტანის კანონით დადგენილი საპროცესო ვადა მოცემულ შემთხვევაში ამოიწურა 2010 წლის 10 მარტს. კერძო საჩივრის ავტორის მიერ კერძო საჩივარი შეტანილია 2010 წლის 22 ოქტომბერს, ანუ განჩინების გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ, საჩივარი ან საბუთები, რომლებიც საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ არის შეტანილი, დარჩება განუხილველი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსი არ უშვებს კერძო საჩივრით გასაჩივრების გაშვებული ვადის აღდგენის შესაძლებლობას, კერძო საჩივარი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის, ამავე კოდექსის 420-ე მუხლისა და 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად.
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა. ყ-შვილის შუამდგომლობა კერძო საჩივრით გასაჩივრების ვადის აღდგენის შესახებ არ დაკმაყოფილდეს;
2. ა. ყ-შვილის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს საქმეთა სააპელაციო პალატის 2010 წლის 24 თებერვლის განჩინებაზე განუხილველად იქნეს დატოვებული;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.