ას-113-111-2011 17 მარტი, 2011 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თ. თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვ. როინიშვილი, მ. სულხანიშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ ნ. თ-ძე
მოწინააღმდეგე მხარე _ დ. დ-ძე
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 9 იანვრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი _ სახელმწიფო ბაჟის დაბრუნება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2010 წლის 29 დეკემბერს ნ. თ-ძემ განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას და აღნიშნა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 30 ნოემბრის განჩინებით ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 23 ივლისის განჩინება, რომლითაც განუხილველად იქნა დატოვებული მისი განცხადება სააღსრულებო ფურცლის გაცემის თაობაზე. განცხადებლის განმარტებით, დ. დ-ძის მიმართ ზიანის ანზღაურების თაობაზე სარჩელის აღძვრიდან _ 2007 წლიდან მოყოლებული სხვადასხვა ინსტანციების სასამართლოებში მან გადაიხადა სახელმწიფო ბაჟები და ვინაიდან არც პირველი ინსტანციის სასამართლომ და არც სააპელაციო სასამართლომ არ განიხილა არსებითად მისი განცხადებები და შუამდგომლობები, განმცხადებელმა მოითხოვა გადახდილი ბაჟების სრულად დაბრუნება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 9 იანვრის განჩინებით ნ. თ-ძეს უარი ეთქვა განცხადების მიღებაზე.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მიხედვით, შესაბამისი ინსტანციის სასამართლო მსჯელობს მხოლოდ ამ ინსტანციებისათვის განსაზღვრული და გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ფარგლებში და, ვინაიდან განსახილევველ შემთხვევაში, ნ. თ-ძეს კერძო საჩივარის განხილვისათვის სახელმწიფო ბაჟი არ გადაუხდია (სახელმწიფო ბაჟის სხვადსხვა დროს გადახდილი აქვს პირველი ინსტანციის სასამართლოში), შესაბამისად, სამოქალქო საპროცესო კოდექსის 186.1 მუხლის «ა» და «ე» ქვეპუნქტებიდან გამომდინარე, ნ. თ-ძის განცხადება სააპელაციო სასამართლოს განსჯადი არ იყო და იგი მიღებას არ ექვემდებარებოდა.
სააპელაციო სასამართლოს დასახელებული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ნ. თ-ძემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. თ-ძის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 9 იანვრის განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:
განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით ირკვევა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 23 ივლისის განჩინებიით ნ. თ-ძის განცხადება სააღსრულებო ფურცლის გაცემის თაობაზე დარჩა განუხილველად, რომელზეც კერძო საჩივარი წარადგინდა ნ. თ-ძემ.
საქმის მასალებით ასევე ირკვევა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 4 ოქტომბრის განჩინებით, ნ. თ-ძე, როგორც სოციალურიად დაუცველი პირი, «სახელმწიფო ბაჟის შესახებ» საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის «მ1» ქვეპუნქტის შესაბამისად, გათავისუფლდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან და მისი კერძო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული.
დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 30 ნოემბრის განჩინებით ნ. თ-ძის კერძო საჩივარი, სარჩელის დასაშვებად ცნობისა და საქმის განხილვის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
საქმის მასალებით თანახმად, ნ. თ-ძეს პირველი ინსტანციის სასამართლოში საჩივრისათვის სხვადასხვა დროს, კერძოდ, 2010 წლის 13 აპრილს გადახდილი აქვს 50 ლარი, 2007 წლის 13 ივნისს გადახდილი აქვს 240 ლარი და ასევე 50 ლარი (ს.ფ. 112-113).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7 მუხლის თანახმად, თუ არ არსებობს სამოქალაქო საპროცესო ნორმა, რომელიც არეგულირებს სასამართლო წარმოების დროს წარმოშობილ ურთიერთობას, სასამართლო იყენებს საპროცესო სამართლის იმ ნორმას, რომელიც აწესრიგებს მსგავს ურთიერთობას (კანონის ანალოგია), ხოლო თუ ასეთი ნორმაც არ არსებობს, სასამართლო ემყარება სამოქალაქო საპროცესო სამართლის ზოგად პრინციპებს (სამართლის ანალოგია).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186.1 მუხლის ა» და «ე» ქვეპუნქტების თანახმად, მოსამართლე არ მიიღებს სარჩელს, თუ სარჩელი არ ექვემდებარება სასამართლო უწყებას ან არ არის კონკრეტული სასამართლოს განსჯადი.
ამავე კოდექსის 53.4 მუხლის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო ინსტანცია დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილევლად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის.
განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას მასზე, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მიხედვით, შესაბამისი ინსტანციის სასამართლო მსჯელობს მხოლოდ ამ ინსტანციებისათვის განსაზღვრული და გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ფარგლებში და, ვინაიდან განსახილვველ შემთხვევაში, ნ. თ-ძეს კერძო საჩივირის განხილვისათვის სახელმწიფო ბაჟი არ გადაუხდია, ზემოაღნიშნული მუხლების შესაბამისად, მისი განცხადება, როგორც სააპელაციო სასამართლოს არაგანსჯადი, მიღებული ვერ იქნებოდა.
ამასთან, იმ დადგენილი გარემოების გათვალისწინებით, რომ კერძო საჩივრის ავტორს სახელმწიფო ბაჟი სხვადასხვა დროს გადახდილი აქვს პირველი ინსტანციის სასამართლოში, საკასაციო სასამართლო მხარეს განუმარტავს, რომ სახელმწიფო ბაჟის დაბრუნების შესახებ განცხადებით მას შეუძლია მიმართოს განსჯად სასამართლოს _ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.
ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი და იგი უცვლელად უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ. თ-ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 9 იანვრის განჩინება.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.