Facebook Twitter

საქმე # 120100118002620131

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №281აპ-20 ქ. თბილისი

მ-ე დ, 281აპ-20 4 აგვისტო, 2020 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 27 ნოემბრის განაჩენზე სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორ ელიზავეტა დურგლიშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 27 ნოემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ.

სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორი ელიზავეტა დურგლიშვილი საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: დ. მ-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 19,344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და კანონიერი სასჯელის შეფარდებას.

2. ბრალდების შესახებ დადგენილებით დ. მ-ს, - დაბადებულს .... წელს, - ბრალად ედებოდა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობა, რაც გამოიხატა შემდეგში:

დ. მ-მ განიზრახა თ-ს მიმართულებით საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, იგი 2018 წლის 24 ივლისს, დაახლოებით 11:15 საათზე, მივიდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის N2 სამმართველოს (ა-ე) N1 სექტორის (ი-ა) დასაცავი მონაკვეთის მარჯვენა ფლანგზე, N254-255 სასაზღვრო რაიონში გამავალ ს-ს სახელმწიფო საზღვართან დაახლოებით 160 მეტრში და ცდილობდა ს-ნ თ-ს მიმართულებით სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას, რა დროსაც სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა აღკვეთეს დ. მ-ს მიერ ს-ნ თ-ს მიმართულებით ს-ს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის მცდელობა.

3. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 11 სექტემბრის განაჩენით დ. მ-ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 19,344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

დ. მ-ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გაუქმდა და ყადაღა უნდა მოეხსნას ი. მ-ს (პ/ნ ....) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე: ს-ს რაიონის სოფელ ხ-ი, საკადასტრო კოდი- ..... (2018 წლის 30 ივლისის №12/047-17წ განჩინება).

გამართლებულს განემარტა, რომ აქვს უფლება, მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ, რომელიც საჩივრით ითხოვდა გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და დ. მ-ს დამნაშავედ ცნობას წარდგენილ ბრალდებაში.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 27 ნოემბრის განაჩენით ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 11 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად. საქმე არ მოიცავს ისეთი სახის სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობდა სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას. სასამართლო აღნიშნავს, რომ მსგავს სამართლებრივ საკითხებზე არსებობს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა და ამასთან, ბრალდების მხარეს არ მიუთითებია გარემოებაზე, რომელიც დადგენილი პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღებას მიზანშეწონილს გახდიდა. პროკურორის მიერ გასაჩივრებულ განაჩენში დ. მ-ს ბრალად წარდგენილი ქმედება წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის 19,344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულს და ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა არარსებობის შემთხვევაში პირის მსჯავრდების დაუშვებლობასთან მიმართებით არსებობს ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა (მაგალითისთვის იხ. №480აპ-16). აქედან გამომდინარე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკისაგან და მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე სავარაუდო არ არის დადგენილი პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

7. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტი განამტკიცებს in dubio pro reo საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს, რაც ავალდებულებს სასამართლოს, სათანადოდ შეაფასოს მტკიცებულებები, სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული წინააღმდეგობები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

8. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენში დასაბუთებულია ის მოტივები, რომელთა საფუძველზეც სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტით ვერ დასტურდება დ. მ-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 19,344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენა.

9. სასამართლო ითვალისწინებს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება სასამართლოებს ავალდებულებს, ნათლად მიუთითონ საფუძვლები, რომლებსაც დაეყრდნენ გადაწყვეტილების მიღებისას. აღნიშნული ვალდებულება არ მოითხოვს მომჩივნების მიერ წარმოდგენილ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, ECtHR, no. 36755/06, § 31; 11/11/2011). სამართალწარმოების მხარეები უნდა ელოდნენ კონკრეტულ და მკაფიო პასუხებს იმ არგუმენტებზე, რომლებიც გადამწყვეტია სამართალწარმოების შედეგებისთვის (იხ.Tchankotadze v. Georgia, ECtHR,no. 15256/05, § 103, 21/06/2016; და Deryan v. Turkey, no. 41721/04, § 33, 21/07/2015).

10. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აკმაყოფილებს აღნიშნულ მოთხოვნებს.

11. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, ძალიან მწირი დასაბუთებაც საკმარისია კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის“ (Kuparadze v. Georgia, ECtHR, no. 30743/09, §76, 21/09/2017; იხ. ასევე, Tchaghiashvili v. Georgia, ECtHR, no. 19312/07, §34, 02/09/2014; Marini v. Albania, ECtHR, no. 3738/02, §106, 18/12/2007; and Jaczkó v. Hungary, ECtHR no. 40109/03, § 29, 18/07/2006).

12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

13. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორ ელიზავეტა დურგლიშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

მ. ვასაძე