¹ას-1134-1398-09 1 მარტი, 2010წ.
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე)
რ. ნადირიანი (მომხსენებელი), თ. თოდრია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – გ. ი-შვილი
მოწინააღმდეგე მხარე – შპს “ი. ს. ი. ტ.”
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 2 ნოემბრის განჩინება
დავის საგანი – საქმის წარმოების განახლება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2009 წლის 19 მაისს შპს “ი. ს. ი. ტ.” წარმომადგენელმა ა. ბ-აიამ სარჩელით მიმართა ქობულეთის რაიონულ სასამართლოს გ. ი-შვილის მიმართ და მოითხოვა ზიანის ანაზღაურების სახით მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხისათვის 196 328 ლარის დაკისრება და გ. ი-შვილის საზოგადოებიდან გარიცხვა.
ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 4 ივნისის განჩინებით შპს “ი. ს. ი. ტ.” სარჩელი გ. ი-შვილის მიმართ საზოგადოებაზე მიყენებული ზიანის ანაზღაურებისა და საზოგადოებიდან მისი გარიცხვის თაობაზე, როგორც არაუფლებამოსილი პირის მიერ აღძრული, დატოვებულ იქნა განუხილევლად მოპასუხის წარმომადგენლის შუამდგომლობის საფუძველზე.
აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა შპს “ი. ს. ი. ტ.” წარმომადგენელმა, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება პირველი ინსტანციის სასამართლოში არსებითი განხილვის მიზნით იმ საფუძვლით, რომ შპს “ი. ს. ი. ტ.” პარტნიორები თანახმანი იყვნენ შპს “ი. ს. ი. ტ.” დავა ეწარმოებინა გ. ი-შვილის წინააღმდეგ საზოგადოებაზე მიყენებული ზიანის ანაზღაურებისა და მოპასუხის საზოგადოებიდან გარიცხვის თაობაზე, რის დასადასტურებლადაც კერძო საჩივარს დაურთო შპს “ი. ს. ი. ტ.” პარტნიორების წერილობითი განცხადებები.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 4 აგვისტოს განჩინებით შპს “ი. ს. ი. ტ.” წარმომადგენელის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 4 ივნისის განჩინება და შპს “ი. ს. ი. ტ.” სარჩელი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა რაიონულ სასამართლოს.
2009 წლის 15 ოქტომბერს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართეს გ. ი-შვილმა და მისმა წარმომადგენლებმა და მოითხოვეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 4 აგვისტოს განჩინების ბათილდ ცნობა და საქმის წარმოების განახლება იმ საფუძვლით, რომ შპს “ი. ს. ი. ტ.” კერძო საჩივრი სააპელაციო სასამართლომ კანონდარღვევით განიხილა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 2 ნოემბრის განჩინებით გ. ი-შვილისა და მისი წარმომადგენლების განცხადება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 4 აგვისტოს განჩინების ბათილად ცნობის თაობაზე დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო.
აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა გ. ი-შვილმა მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის განსახილველად დაბრუნება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო პალატის სხვა შემადგენლობისათვის.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 417-ე მუხლის საფუძველზე, აღნიშნული კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადმოაგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, საქმის ზეპირი განხილვის გარეშე, შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ გ. ი-შვილის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები.
აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ ისეთ საქმეებზე, რომელთა წარმოება დამთავრდა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით. ასეთ განჩინებებს განეკუთვნება განჩინება საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ (სსკ-ის 272-ე მუხლი) და განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ (სსკ-ის 275-ე მუხლი), ანუ განჩინებები, რომლითაც მთავრდება საქმის წარმოება. იგივე უნდა ითქვას სააპელაციო და საკასაციო ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებებზე და განჩინებებზე, რომლითაც მთავრდება საქმის წარმოება და არა ისეთ განჩინებებზე, რომლითაც მთავრდება სააპელაციო ან საკასაციო წარმოება.
სასამართლო ინსტანციების ყველა სხვა განჩინება არ შეიძლება იყოს საქმის განახლების მიზნით ბათილად ცნობის თუ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გაუქმების ობიექტი, რადგან მათი მეშვეობით ხდება არა საქმის წარმოების დამთავრება, არამედ ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულება, საქმის განხილვასთან დაკავშირებული ცალკეული საკითხების გადაწყვეტა.
განსახილველ შემთხვევაში, გ. ი-შვილმა გაასაჩივრა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის ისეთი განჩინება, რომლითაც საქმე არსებითად არ გადაწყვეტილა, განხილულ იქნა მხოლოდ მოწინააღმდეგე მხარის კერძო საჩივარი, რომლის დაკმაყოფილების შედეგად საქმე განსახილევლად დაუბრუნდა პირველი ინსტანციის სასამართლოს. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ აღნიშნული არ განეკუთვნება იმ განჩინებათა რიგს, რომლის ბათილად ცნობა და, შესაბამისად, საქმის წარმოების განახლება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით შესაძლებელია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ განცხადება საქმის წარმოების განახლების თაობაზე, როგორც დაუშვებელი, მართებულად დატოვა განუხილველად და, შესაბამისად, არ არსებობს ამ განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
გ. ი-შვილის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 2 ნოემბრის განჩინება;
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.