ას-1136-1025-2010 23 დეკემბერი, 2010 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვ. როინიშვილი, თ. თოდრია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ მ. კ-ძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ გ. კ-ძე, უ. ბ-კი, ნოტარიუსი ქ.ო-ძე (მოპასუხეები)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 20 ოქტომბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი _ იპოთეკის ხელშეკრულების გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ. კ-ძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში გ. კ-ძის, უ. ბ-კისა და ნოტარიუს ქ.ო-ძის მიმართ მემკვიდრედ ცნობის, სამკვიდროს მიღების ვადის გაგრძელებისა და იპოთეკის ხელშეკრულების გაუქმების შესახებ შემდეგი საფუძვლებით: 2009 წლის 9 ივლისს მოპასუხეებმა დადეს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც იპოთეკით დაიტვირთა მოსარჩელის დედის _ ე. კ-ძის სახელზე რიცხული უძრავი ქონება. აღნიშნული გარიგება უკანონოდ დამოწმებულ იქნა სანოტარო წესით.
გ. კ-ძემ სადავო გარიგება დადო ე.კ-ძის მიერ გაცემული მინდობილობის საფუძველზე, თუმცა ხელშეკრულების გაფორმებისას მარწმუნებელი უკვე გარდაცვლილი იყო. სადავო უძრავი ნივთის კანონიერი მემკვიდრეა მ. კ-ძე.
მოპასუხე გ. კ-ძემ სარჩელი ცნო, ხოლო უ.ბ-კიმ მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 7 მაისის გადაწყვეტილებით მ. კ-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 20 ოქტომბრის განჩინებით მ. კ-ძის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად და მასვე დაუბრუნდა სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 ლარი შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მ.კ-ძის სააპელაციო საჩივარს რამდენჯერმე განესაზღვრა ხარვეზი, აპელანტს დაევალა სააპელაციო საჩივრის საგნის ღირებულების განსაზღვრა და სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა. მ. კ-ძემ წარადგინა 150 ლარის გადახდის ამსახველი ქვითარი, უარი განაცხადა სასარჩელო მოთხოვნაზე მემკვიდრედ ცნობისა და სამკვიდროს მიღების ვადის გაგრძელების თაობაზე და მიიჩნია, რომ იპოთეკის ხელშეკრულების გაუქმების შესახებ მისი მოთხოვნა არ განეკუთვნებოდა ქონებრივ დავათა რიგს.
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილით, 374-ე მუხლით და ჩათვალა, რომ აპელანტს ხარვეზი არ გამოუსწორებია, რის გამოც იგი უნდა დარჩეს განუხილველად.
სააპელაციო სასამართლოს მითითებული განჩინება მ. კ-ძემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო პალატამ აპელანტს სახელმწიფო ბაჟის ოდენობა არასწორად დაუდგინა და არ გაითვალისწინა, რომ იგი უძრავი ნივთის საკუთრებაზე არ დავობდა. აპელანტი ასაჩივრებდა მარტოოდენ იპოთეკის ხელშეკრულების კანონიერებას. ამასთან, სასამართლომ არასწორად არ გაითვალისწინა, რომ მხარე ითხოვდა მისი ზემოხსენებული მოსაზრების გაუზიარებლობის შემთხვევაში ხარვეზის შესავსებად ვადის გაგრძელებას.
აღსანიშნავია, რომ სააპელაციო პალატამ სახელმწიფო ბაჟის საკითხი გადაწყვიტა უკანონოდ, პირველი ინსტანციის სასამართლოსაგან განსხვავებულად, რითაც დაარღვია მხარის უფლებები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. კ-ძის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამავე მუხლის მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.
დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომელიც ხარვეზის შესავსებად უნდა განხორციელდეს და საპროცესო ვადას, რომლის განმავლობაშიც აპელანტი ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში დადგენილი მოქმედებები. სასამართლოს მიერ მითითებული ვადის გასვლის შემდეგ კი სააპელაციო საჩივარი დარჩება განუხილველად.
მოცემულ შემთხვევაში აპელანტ მ.კ-ძეს არაერთხელ დაუდგინა ხარვეზი და დაევალა სააპელაციო საჩივრის საგნის ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტისა და მის შესაბამისად გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ქვითრის წარდგენა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება ხარვეზის შესავსებად ვადის გაგრძელების შესახებ მხარეს გაეგზავნა და 2010 წლის 29 სექტემბერს ჩაბარდა აპელანტის მეუღლეს, რაც მ.კ-ძეს სადავოდ არ გაუხდია. მას ხარვეზი უნდა გამოესწორებინა 5 დღის ვადაში _ 2010 წლის 4 ოქტომბრის ჩათვლით. აღნიშნულის სანაცვლოდ 2010 წლის 4 ოქტომბერს მ.კ-ძემ განცხადებით მიმართა სასამართლოს, წარადგინა მხოლოდ 150 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, სარჩელისა და სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა შეამცირა და მოითხოვა მხოლოდ სადავო იპოთეკის ხელშეკრულების გაუქმება, რაც, მხარის აზრით, არაქონებრივ დავათა კატეგორიას განეკუთვნებოდა.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ მ.კ-ძეს სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი არ გამოუსწორებია, რის გამოც მისი სააპელაციო საჩივარი მართებულად დარჩა განუხილველად, კერძოდ, აპელანტს სააპელაციო საჩივრის საგნის ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტი და მის შესაბამისად გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ქვითარი 5-დღიან ვადაში არ წარუდგენია.
დაუსაბუთებელია მ.კ-ძის არგუმენტი, რომ სასამართლომ სახელმწიფო ბაჟის გადახდა არასწორად დაუდგინა, ვინაიდან თავად აპელანტის მითითებით, იგი ითხოვდა იპოთეკის ხელშეკრულების გაუქმებას, რაც ქონებრივ დავათა კატეგორიას განეკუთვნება. აღნიშნული სააპელაციო პალატამ მხარეს ნათლად განუმარტა და რამდენჯერმე გაუგრძელა ვადა ხარვეზის შესავსებად.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს ძალაში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მ. კ-ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 20 ოქტომბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.
სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.