Facebook Twitter

ას-1136-1400-09 21 იანვარი, 2010 წელი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

რ. ნადირიანი, თ. თოდრია

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი –ტ. ლ-ავა, (მოპასუხე)

წარმომადგენელი--- მ. მ-შვილი

მოწინააღმდეგე მხარე – სს ,,ბანკი ...” (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 10 ნოემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორი მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილებით სს „ბანკი ...“ სარჩელი დაკმაყოფილდა; შეწყდა 2008 წლის 20 ივნისს სესხის 21-49-00391 ხელშეკრულება სს „ბანკი ...სა და მ. ა-ოვას შორის; მ. ა-ოვას და ტ. ლ-ავას მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ დავალიანების თანხის 3288.68 აშშ დოლარის და სახ.ბაჟის 165.99 ლარის გადახდა.

დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ტ. ლ-ავას წარმომადგენელმა მ. მ-შვილმა და მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 10 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.

პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეებს გაეგზავნათ კანონით დადგენილი წესით და მოპასუხე ტ. ლ-ავას ოჯახის წევრს (შვილს ი. ლ-ავას) ჩაბარდა 2009 წლის 13 ოქტომბერს მისამართზე ქ.სამტრედია ... ქ.¹45.

დადგენილია, რომ ტ. ლ-ავას წარმომადგენელმა სააპელაციო საჩივარი გააგზავნა სამტრედიის რაიონულ სასამართლოში ფოსტის მეშვეობით 2007 წლის 31 ოქტომბერს.

პალატამ მიიჩნია, რომ სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 6 ოქტომბრის დასაბუთებული გადაწყვეტილების გასაჩივრების ბოლო ვადას წარმოადგენდა 27 ოქტომბერი. ტ. ლ-ავას წარმომადგენლის მიერ სააპელაციო საჩივარი სამტრედიის რაიონულ სასამართლოში ნაცვლად 2009 წლის 27 ოქტომბრისა შეტანილი იქნა 2009 წლის 31 ოქტომბერს, ანუ სააპელაციო საჩივრის შეტანის 14 დღიანი ვადის დარღვევით. პალატამ მიიჩნია, რომ სსსკ-ის 369-ე მუხლისა სააპელაციო საჩივარი დაუშვებელია და უნდა დარჩეს განუხილველი.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 10 ნოემბრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივარა ტ. ლ-ავას წარმომადგენელმა მ. მ-შვილმა.

კერძო საჩივრის ავტორების განმარტებით სააპელაციო საჩივარი შეტანილია გასაჩივრების კანონით დადგენილ ვადაში. კერძოდ 2009 წლის 28 ოქტომბერს, რასაც ადასტურებს საჩივარზე თანდართული ქვითრი.

სამტრედიის რაიონული გადაწყვეტილება გასაჩივრებულ იქნა ფოსტის მეშვეობით 2009 წლის 26 ოქტომბერს სამტრედიის რაიონულ სასამართლოში იმავე დღეს ტელეფონით აცნობა მოსამართლის თანაშემწეს რომ სააპელაციო საჩივარი ფოსტით გაიგზავნა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კერძო საჩივრის ავტორი ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის განჩინების გაუქმებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატა გაეცნო ტ. ლ-ავას კერძო საჩივარს და თვლის, რომ საქმეზე წარმოდგენილი კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმეზე დადგენილია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის განჩინებით ტ. ლ-ავას სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.

საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებას და მიიჩნევს, რომ ტ. ლ-ავას მხრიდან ადგილი ჰქონდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსით განსაზღვრული საპროცესო ვადების დარღვევას.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის შესაბამისად სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა შეადგენს 14 დღეს. ამავე კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვერულია მისი დასაწყისი. საქმის მასალებით დადგენილია, რომ სამტრედიის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ტ. ლ-ავას ოჯახის წევრს ჩაბარდა 2009 წლის 13 ოქტომბერს (ს.ფ.82) შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადა ამოიწურა 2009 წლის 27 ოქტომბერს, ხოლო სააპელაციო საჩივარი ფოსტის მეშვეობით გამოიგზავნა 2009 წლის 31 ოქტომბერს (ს.ფ. 104).

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ. საჩივარი და საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება.

მითითებული ნორმიდან გამომდინარე, ტ. ლ-ავამ დაკარგა საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება, ვინაიდან მან კანონით დადგენილ ვადაში არ წარადგინა სააპელაციო საჩივარი. შესაბამისად საპელაციო სასამართლომ სწორად დატოვა განუხილველი მ. ა-ოვას სააპელაციო საჩივარი.

რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის განმარტებას იმის თაობაზე, რომ მან სააპელაციო საჩივარი ფოსტის მეშვეობით გააგზავნა სამტრედიის რაიონულ სასამართლოში კანონით დადგენილ ვადაში, რაც დასტურდება მის მიერ კერძო საჩივარზე თანდართული ქვითრით საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან წარმოდგენილი მტკიცებულებიდან არ ირკვევა თუ რა დანიშნულებისაა იგი, რისთვის ან ვის მიერ ხდება მისი გამოყენება, ანუ მასზე არ არის მითითებული რაიმე საიდენტიფიკაციო ნიშანი.

ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ გასაჩივრებული განჩინება მიღებულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით. შესაბამისად არ არსებობს მისი გაუქმების და კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 369-ე, 63-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ტ. ლ-ავას წარმომადგენლის მ. მ-შვილის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 10 ნოემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.