ას-1137-1026-2010 11 იანვარი, 2011 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თ. თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვ. როინიშვილი, მ. სულხანიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – რ. ჩ-ძე
მოწინააღმდეგე მხარე _ შპს “მუდმივმოქმედი არბიტრაჟი “თ.”-ს არბიტრი ქ. ტ-ძე და ს. მ-შვილი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 29 სექტემბრის განჩინება
დავის საგანი _ საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ბათილად ცნობა
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ საჩივრის დასაშვებობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს “მუდმივმოქმედი არბიტრაჟი “თ.”-ს 2009 წლის 30 დეკემბრის დაუსწრებელი საარბიტრაჟო გადაწყვეტილებით საარბიტრაჟოO პრეტენდენტის ს. მ-შვილის საარბიტრაჟო პრეტენზია დაკმაყოფილდა, მოპასუხე რ. ჩ-ძეს პრეტენდენტის _ ს. მ-შვილის სასარგებლოდ, დაეკისრა სესხის ძირითადი თანხის _ 13 000 აშშ დოლარის გადახდა, თანხის გადახდევინება განისაზღვრა ხაშურში, ... I ჩიხი, ¹9-ში მდებარე, რ. ჩ-ძის სახელზე რიცხული უძრავი ქონების იძულებით საჯარო აუქციონზე რეალიზაციის გზით. მასვე დაეკისრა პრედენდენტის მიერ გადახდილი საარბიტრაჟოO მოსაკრებელი _ 195 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარებში.
2010 წლის 20 აგვისტოს რ. ჩ-ძემ საჩივრით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოპასუხეების _ შპს “მუდმივმოქმედი არბიტრაჟი “თ.”-ს არბიტრის ქ. ტ-ძისა და ს. მ-შვილის მიმართ და მოითხოვა შპს “მუდმივმოქმედი არბიტრაჟი “თ.”-ს 2009 წლის 30 დეკემბრის დაუსწრებელი საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმება.
სარჩელის თანახმად, 2008 წლის 27 აგვისტოს ს. მ-შვილსა და რ. ჩ-ძეს შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, ს. მ-შვილმა რ. ჩ-ძეს სამი თვის ვადით ასესხა 13000 აშშ დოლარი ყოველთვიურად 7% სარგებლის დარიცხვითა და გადახდით. სესხის უზრუნველსაყოფად, დაიტვირთა რ. ჩ-ძის საკუთრებაში არსებული, ქ. ხაშურში, ... I ჩიხი, ¹9-ში მდებარე უძრავი ქონება. იმის გამო რომ რ. ჩ-ძე არ ცნობდა 13000 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულებას, ს. მ-შვილმა მიმართა შპს “მუდმივმოქმედ არბიტრაჟ თ.”-ს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო თანხის გადახდევინების შესახებ. შპს “მუდმივმოქმედი არბიტრაჟი “თ.”-ს 2009 წლის 30 დეკემბრის დაუსწრებელი საარბიტრაჟო გადაწყვეტილებით ს. მ-შვილის საარბიტრაჟო პრეტენზია დაკმაყოფილდა. მოსარჩელის განმარტებით, არბიტრაჟის გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების არაკანონიერებაზე მიუთითებდა ის გარემოება, რომ საქმის განხილვაზე რ. ჩ-ძე, საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა დაცვით მოწვეული არ ყოფილა და, შესაბამისად, სხდომის დღისა და დროის შესახებ მისთვის ცნობილი ვერ იქნებოდა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან შპს “მუდმივმოქმედი არბიტრაჟი “თ.”-მ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას დაარღვია “კერძო არბიტრაჟის შესახებ” კანონის 25.1-ე, 24.2-ე და 35-ე მუხლის “ე” ქვეპუნქტის მოთხოვნები, მოითხოვა გასაჩივრებული დაუსწრებელი საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 29 სექტემბრის განჩინებით რ. ჩ-ძის საჩივარი შპს “მუდმივმოქმედი არბიტრაჟი თ.”-ს 2009 წლის 30 დეკემბრის დაუსწრებელი საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ დარჩა განუხილველად საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმების, კანონით დადგენილი გასაჩივრების ვადის დარღვევის გამო.
აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა რ. ჩ-ძემ, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილევლად დაბრუნება თბილისის სააპელაციო სასამართლოსათვის იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლომ ისე მიიღო განჩინება, რომ არ შეუმოწმებია, თუ როდის ჩაჰბარდა მას საფოსტო გზავნილი და ვინ მიიღო კორესპონდენცია. ამასთან, სასამართლოს არ უნდა ეხელმძღვანელა საჩივრის განხილვის დროს მოქმედი კანონმდებლობით, ვინაიდან საარბიტრაჟო გადაწყვეტილება მიღებული იყო 2009 წლის 30 დეკემბერს და მასზე ვერ გავრცელდებოდა 2010 წლის 1 იანვრიდან ამოქმედებული “არბიტრაჟის შესახებ” კანონით დადგენილი წესი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ რ. ჩ-ძის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
მითითებული კანონის დანაწესი განსაზღვრავს კერძო საჩივრის შეტანის პირობებს და ადგენს, რომ კერძო საჩივრის შეტანა დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც ეს პირდაპირაა მითითებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსში.
მოცემულ შემთხვევაში რ. ჩ-ძე კერძო საჩივრით ითხოვს სააპელაციო სასამართლოს იმ განჩინების გაუქმებას, რომლითაც რ. ჩ-ძის საჩივარი “მუდმივმოქმედი არბიტრაჟი თ.”-ს 2009 წლის 30 დეკემბრის დაუსწრებელი საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ დარჩა განუხილველად.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 35612 მუხლის თანახმად, არბიტრაჟთან დაკავშირებულ საქმეებს სასამართლო განიხილავს ამ კოდექსით დადგენილი წესებით, მხოლოდ “არბიტრაჟის შესახებ” საქართველოს კანონით პირდაპირ გათვალისწინებილ შემთხვევებში. ამავე კოდექსის 35624 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, “არბიტრაჟის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული საფუძვლით საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გასაჩივრება ხდება სასამართლოში საჩივრის შეტანის გზით.
დასახელებული ნორმებიდან გამომდინარე, არბიტრაჟთან დაკავშირებული დავების სასამართლოში განხილვა ხდება სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობისა და “არბიტრაჟის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თინა ქალდანის წარმომადგენელ დ. გ-ის კერძო საჩივარი დაუშვებელია, რადგან არც სამოქალაქო საპროცესო კოდექსი და არც “არბიტრაჟის შესახებ” საქართველოს კანონი გასაჩივრებულ განჩინებაზე (საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ) კერძო საჩივრის შეტანის შესაძლებლობას არ ითვალისწინებს. მითითებული კი, როგორც ზემოთ აღინიშნა, კერძო საჩივრის დასაშვებობის აუცილებელი წინაპირობაა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე მუხლით, 35613 მუხლის მესამე ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
რ. ჩ-ძის კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.