¹ას-1141-1405-09 28იანვარი, 2010 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
რ. ნადირიანი, თ. თოდრია
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – თ. ვ-ძე
მოწინააღმდეგე მხარე – სს,,--- ბანკი”
გასაჩივრებული განჩინება –ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 5 ნოემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება დასაქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსთვის ხელახლა განსახილველად
დავის საგანი – თანხების დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
სს „--- ბანკმა“ სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების – თ. ვ-ძის და ც. მ-ძის მიმართ საკრედიტო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე დავალიანებების 11019.47 აშშ დოლარის გადახდის შესახებ.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილებით სს „--- ბანკის“ სარჩელი დააკმაყოფილა; თ. ვ-ძეს სს „--- ბანკის“ სასარგებლოდ დაეკისრა თანხის 11019.47 აშშ დოლარის გადახდა. ასევე დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 550 ლარის გადახდა და პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე სესხის დარჩენილი ძირითადი თანხის 10465.78 აშშ დოლარის 0.2%, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2009 წლის 10 ივლისიდან სესხის სრულ დაფარვამდე.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ. ვ-ძემ და მოითხოვა სსსკ-ის 85-ე მუხლის საფუძველზე აპელანტი თ. ვ-ძის არასათანადო მოპასუხედ ცნობა და მის ნაცვლად სათანადო მოპასუხედ საქმეში გ. ჯ-შვილის ჩაბმა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 5 ნოემბრის განჩინებით თ. ვ-ძის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.
თ. ვ-ძის სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი, კერძოდ კი ხარვეზის შევსების მიზნით დაევალა სახელმწიფოს ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტისა და თ. უ-ძეზე გაცემული მინდობილობის წარმოდგენა, სადაც ასახული იქნებოდა , რომ თ. უ-ძეს გააჩნდა სასამართლო აქტების ჩაბარების უფლებამოსილება.
აღნიშნული ხარვეზის გამოსასწორებლად აპელანტს 2009 წლის 16 ოქტომბრის ხარვეზის განჩინებით განესაზღვრა ვადა, განჩინების ასლის ჩაბარებიდან 7 დღე და განემარტა, რომ თუ აღნიშნულ ვადაში ხარვეზს არ შეავსებდა, საჩივარი დარჩებოდა განუხილველი.
საქმეზე წარმოდგენილი სასამართლოს გზავნილითა და საფოსტო განყოფილებიდან დაბრუნებული შეტყობინებით ირკვევა, რომ თ. ვ-ძეს და მის წარმომადგენელს 2009 წლის 16 ოქტომბრის ხარვეზის განჩინების ასლი გაეგზავნათ და ჩაბარდათ კანონით დადგენილი წესით. კერძოდ, თ. ვ-ძეს გაეგზავნა 2009 წლის 20 ოქტომბერს და ჩაბარდა 2009 წლის 22 ოქტომბერს სიდედრს – ვ. კ-ძეს, თ. უ-ძეს გაეგზავნა 2009 წლის 20 ოქტომბერს და ჩაბარდა პირადად 2009 წლის 23 ოქტომბერს.
შესაბამისად პალატამ მიიჩნია, რომ სააპელაციო საცივრის ავტორს ხარვეძის გამოსასწორებლად ვადა ჰქონდა 2009 წლის 29 ოქტომბრის ჩათვლით, ხოლო ხარვეზი მან გამოასწორა 2009 წლის 30 ოქტომბერს, ერთი დღის ვადის დარღვევით.
აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა თ. ვ-ძემ.
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, რადგან მისთვისაც და მისი ადვოკატისთვისაც უცნობი იყო ის ფაქტი, რომ წინა დღით სასამართლო კურიერმა ანალოგიური დოკუმენტი ჩააბარა ფაქტიურად შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე პიროვნებას, ვადის ათვლა დაიწყო მისი ადვოკატისთვის განჩინების ჩაბარების დღიდან. გამოთვლით კი მე-7 დღე უწევდა 30 ოქტომბერს. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, 23-დან 30 ოქტომბრამდე უმთავრესად დაკავებული იყო სახელმწიფო ბაჟისათვის განკუთვნილი თანხის მოძიებით და ამ პერიოდში ქუთაისში არ ყოფილა.
კერძო საჩივრის ავტორის აზრით, მართალია, კანონი მტკიცედ ამბობს, რომ დოკუმენტაცია ჩაბარებულად ითვლება, თუ ერთ-ერთმა მხარემ ჩაიბარა იგი, მაგრამ როდესაც მხარემ ამის შესახებ არაფერი იცის, ეს არის იმის საფუძველი, რომ ჩაბარებულად არ უნდა ჩაითვალოს დოკუმენტი.
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, მისი სიდედრი ვერ მოახდენდა რეაგირებას განჩინებაზე, მან ფაქტიურად ჩაიბარა და არ გადასცა განჩინება მას. ამის მიზეზი კი მისი ხანდაზმულობით გამოწვეული ავადმყოფობაა. მისი განმარტებით იგი საქმის არსს სრულად მხოლოდ მაშინ ჩავწვდა, როცა 2009 წლის 5 ნოემბრის განჩინებას გაეცნო.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოსთვის.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა გაეცნო თ. ვ-ძის კერძო საჩივარს, საქმის მასალებს, და თვლის, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 5 ნოემბრის განჩინებით თ. ვ-ძის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.
როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, თ. ვ-ძეს სააპელაციო საჩივარზე განესაზღვა ვადა ხარვეზის შესავსების მიზნით. აღნიშნული გაჩინება აპელანტს ჩაბარდა 2009 წლის 22 ოქტომბერს (ს.ფ.96), კერძოდ კი განჩინება თ. ვ-ძეზე გადასაცემად ჩაიბარა მისმა სიდედრმა. მხარეს დადგენილ ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად თუ სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს, ხოლო 374-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას, რომ მისი მხრიდან ხარვეზის შეუვსებლობა განაპირობა იმ გარემოებამ, რომ შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე, ხანდაზმულმა სიდედრმა არ უზრუნველყო მისთვის ხარვეზის თაობაზე განჩინების გადაცემა.
საქართველოს სამოქლაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლი პირდაპირ განსაზღვარვს, რომ თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე სრულწლოვან წევრს, რაც ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად. შესაბამისად მოცემულ შემთხვევაში უწყების სიდედრითვის ჩაბარება, სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია უშუალოდ მხარისათვის ჩაბარებად. რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის აპელირებას, რომ მისი სიდედრი წარმოადგენდა შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე, სკლეროზით დაავადებულ პირს, აღნიშნულის თაობაზე მხოლოდ მხარის სიტყვიერ მითითებას სასამართლო ვერ გაიზიარებს. პირის შეზღუდულ ქმედუნარიანად ცნობას შესაბამისი სამართლებრივი პირობების არსებობა სჭირდება და მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით ხდება პირის ასეთად მიჩნევა. შესაბამისად თუ არსებობდა ასეთი გარემოება, შესაბამისად მხარე საქართველოს საოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად უფლებამოსილი იყო წარმოედგინა აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტი, რასაც კერძო საჩივრის ავტორის მხრიდან ადგილი არ ჰქონია.
აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა ასევე ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას, იმასთან დაკავშირებით რომ ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი ვადის ათვლა უნდა მომხდარიყო მისი წარმომადგენლისათვის თ. უ-ძისათვის განჩინების ჩაბარების დღიდან. ამასთან დაკავშირებით საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლი განსაზღვარვს, რომ უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვსის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს. კონკრეტულ შემთხვევაში, თ. ვ-ძეს (ოჯახის წევრს) განჩინება ჩაბარდა 22 ოქტომბერს და ხარვეზისთვის დადგენილი ვადის ათვლაც სწორედ აქედან დაიწყო. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ თ. ვ-ძემ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, რის გამოც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად დაკარგა აღნიშნული საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება.
ყოველივე ზემოარნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ თ. ვ-ძის მხრიდან ხარვეზის დროულად შეუვსებლობა წარმოადგენდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ სამართლებრივ საფუძველს.
. ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
თ. ვ-ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 05 ნოემბრის განჩინება
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.