Facebook Twitter

ას-115-113-2011 19 აპრილი, 2011 წელი,

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნ. კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

პ. ქათამაძე, ბ. ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორები _ თ. ჩ-ძე, შ. ქ-ძე (მოსარჩელეები)

მოწინააღმდეგე მხარე _ მ. გ-ძე (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 8 დეკემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი _ სააღსრულებო ფურცლის გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თ. ჩ-ძემ განცხადებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სააღსრულებო ფურცლის გაუქმების შესახებ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 8 დეკემბრის განჩინებით თ. ჩ-ძის განცხადება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შეწყდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 13 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით თ. ჩ-ძისათვის დაკისრებული სახელმწიფო ბაჟის - 823 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდის თაობაზე დაწყებული სააღსრულებო წარმოება შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო შემდეგი გარემოებები; სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 13 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, აპელანტის გამოუცხადებლობის გამო, თ. ჩ-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, დარჩა უცვლელად ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2002 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილება. თ. ჩ-ძეს დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის გადახდა 823 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ოდენობით. დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაეგზავნა თ. ჩ-ძეს. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში, რაზეც გაიცა სააღსრულებო ფურცელი და 2006 წლის 20 სექტემბრის მიმართვით, აღსრულებისათვის გადაიგზავნა სააღსრულებო ბიუროში. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2007 წლის 14 სექტემბრის განჩინებით თ. ჩ-ძის საჩივარი დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე დასაშვებად იქნა ცნობილი, ხოლო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 5 დეკემბრის განჩინებით გაუქმდა ამავე სასამართლოს 2006 წლის 13 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განახლდა საქმის განხილვა. სააპელაციო სასამართლოს მიერ 2008 წლის 9 იანვარს გამოტანილ იქნა მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც თ. ჩ-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2002 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილება. თ. ჩ-ძეს დაეკისრა 823 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა. უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილებით თ. ჩ-ძის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილება სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც თ. ჩ-ძე გათავისუფლდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან. დანარჩენ ნაწილში განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ თ. ჩ-ძის განცხადება ნაწილობრივ დააკმაყოფილა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 13 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით თ. ჩ-ძისათვის დაკისრებული სახელმწიფო ბაჟის - 823 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდის თაობაზე დაწყებული სააღსრულებო წარმოება შეწყვიტა.

ზემოაღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანეს თ. ჩ-ძემ და შ. ქ-ძემ და მოითხოვეს მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით: სასამართლოს უნდა განეხილა 2006 წლის 22 ივნისს მიღებული განჩინება, რომლითაც გაუქმდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს 2005 წლის 8 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება. კერძო საჩივრის ავტორებმა მიუთითეს, რომ სასამართლო უწყება და სააღსრულებო ფურცელი არასწორ მისამართზე იქნა გაგზავნილი, კერძოდ, ვგ-ის ქ. 34/40-ში, ბინა ¹27-ში. აღნიშნული უწყებები კერძო საჩივრის ავტორებს არ მიუღიათ. მათ მიუთითეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლზე, რომლის მიხედვითაც მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე_78-ე მუხლებით დადგენილი წესით; გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, ასევე მიუთითეს ამავე კოდექსის 394-ე მუხლის «ბ» ქვეპუნქტზე, რომლითაც გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ სასამართლომ საქმე განიხილა ერთ-ერთი მხარის დაუსწრებლად, რომელსაც არ მიუღია შეტყობინება კანონით დადგენილი წესით ან მისი კანონიერი წარმომადგენლის გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თ. ჩ-ძისა და შ. ქ-ძის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. აღნიშნულიდან გამომდინარეობს, რომ, თუ კერძო საჩივარს განიხილავს საკასაციო სასამართლო, იგი ხელმძღვანელობს ამ სასამართლოში საქმეთა განხილვის წესებით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის «ბ» ქვეპუნქტის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება კანონიერია და მისი გაუქმების საფუძველი არ არსებობს, კერძოდ:

კერძო საჩივრის ავტორები მოითხოვენ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 8 დეკემბრის განჩინების გაუქმებას, თუმცა მიუთითებენ გარემოებებზე, რომლებიც ეხება ამავე სასამართლოს მიერ 2006 წლის 22 ივნისს მიღებულ განჩინებას, რომლითაც გაუქმდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს 2005 წლის 8 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განახლდა საქმის განხილვა. კერძო საჩივრის ავტორები უთითებენ, რომ მათ არასწორ მისამართზე _ ქ. ბათუმი, ვგ-ის ქ. 34/40-ის ბინა ¹27-ში, გაეგზავნათ სასამართლო უწყება სხდომის დანიშვნის შესახებ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ 2006 წლის 13 ივლისს მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება აპელანტი მხარის გამოუცხადებლობის გამო, რომლითაც თ. ჩ-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაასაჩივრეს თ.ჩ-ძემ და შ.ქ-ძემ, რაც სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 27 დეკემბრის განჩინებით დარჩა უცვლელი. დასახელებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების კანონიერება სასამართლო ინსტანციების მიერ არაერთხელ იქნა განხილული და ამჟამად კანონიერ ძალაშია, შესაბამისად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის კანონიერება საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანი ვერ იქნება. ამასთან, მოცემულ შემთხვევაში კერძო საჩივრის საგანს წარმოადგენს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 8 დეკემბრის განჩინება, რომელიც ეხება მხოლოდ სააღსრულებო ფურცლის გაუქმებას და არა დაუსწრებელი გადაწყვეტილების კანონიერებას.

ამდენად, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია და მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

თ. ჩ-ძისა და შ. ქ-ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 8 დეკემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.