¹ას-1155-1032-2010 06 იანვარი, 2011 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პ. ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვ. როინიშვილი, ნ. კვანტალიანი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ დ. ჩ-ძე
მოწინააღმდეგე მხარე _ ც. გ-იანი
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 8 ოქტომბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა
დავის საგანი _ არბიტრაჟის გადაწყვეტილების გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2009 წლის 7 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა ც. გ-იანმა მოპასუხეების _ მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟის შპს «...-ისა» და დ. ჩ-ძის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა დასახელებული არბიტრაჟის 2009 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმება (ტომი I, ს.ფ. 2-12).
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილებით ც. გ-იანის სარჩელი დაკმაყოფილდა და გაუქმდა მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟის შპს «...-ის» გადაწყვეტილება (ტომი 1, ს.ფ. 176-180).
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა დ. ჩ-ძემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (ტომი 1, ს.ფ. 190-198).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 8 ოქტომბრის განჩინებით დ. ჩ-ძის სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად, ამავე განჩინებით აპელანტს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდა მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 150 ლარი.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მის მიერ მიღებული 2010 წლის 12 ივლისისა და 20 სექტემბრის განჩინებებით აპელანტ დ. ჩ-ძეს სააპელაციო საჩივარში არსებული ხარვეზის შესავსებად განესაზღვრა 10-10 დღიანი საპროცესო ვადა, კერძოდ, დაევალა 5000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდა და გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის სასამართლოში დედნის სახით წარდგენა. სააპელაციო სასამართლოს განჩინებებითYაპელანტს განემარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმება, რომლითაც დ. ჩ-ძის პრეტენზია დაკმაყოფილდა და მოწინააღმდეგე მხარეს მის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა: სესხის ძირითადი თანხა _ 40 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში, აგრეთვე, 120 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში ყოველდღიურად 2009 წლის 4 მარტიდან საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულებამდე. მოცემული დავა, სააპელაციო სასამართლოს მიერ მიჩნეულ იქნა ქონებრივი ხასიათის დავად, რამდენადაც სააპელაციო საჩივრის განხილვის ინტერესი მიმართული იყო აპელანტის ქონებრივი უფლებების აღდგენისაკენ, რომლის ოდენობაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის «ა» და «დ» ქვეპუნქტების საფუძველზე განისაზღვრება საარბიტრაჟო გადაწყვეტილებით (რაც გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილებით) დაკისრებული თანხის ოდენობით.
გარდა ზემოაღნიშნულისა, ხარვეზის დადგენისა და საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ განჩინებებით აპელანტს განემარტა, რომ 2010 წლის 12 ივლისის განჩინებით დადგენილი ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში მისი სააპელაციო საჩივარი არ მიიღებოდა და დარჩებოდა განუხილველად. მიუხედავად ამისა, აპელანტმა 1.10.2010წ. განცხადებაში აღნიშნა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი არ ავალდებულებდა სახელმწიფო ბაჟის სახით გადაეხადა 150 ლარზე მეტი. შესაბამისად, მან სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი არ შეავსო.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის მეორე წინადადებაზე, ამავე კოდექსის 374-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომელთა თანახმად, თუ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება; თუ სააპელაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს მთლიანად დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებული ვითარება _ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობა, კანონის ზემოთ დასახელებული ნორმების მიხედვით იძლეოდა საფუძველს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებისათვის. ამასთან, აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დაბრუნებას ექვემდებარებოდა (ტომი 2, ს.ფ. 19-22).
სააპელაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა დ. ჩ-ძემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება.
კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, განსახილველ სააპელაციო საჩივარზე 5000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის დაკისრება, რაც განხორციელდა ხარვეზის შევსების შესახებ განჩინებით, უკანონოა. აღნიშნულს კერძო საჩივრის ავტორი იმით ასაბუთებს, რომ მოცემული დავა განეკუთვნება არაქონებრივ დავათა კატეგორიას და შესაბამისად სააპელაციო საჩივარზე გადახდილ უნდა იქნეს სახელმწიფო ბაჟი მხოლოდ 150 ლარის ოდენობით. კერძო საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავა არსებითად არ იხილება. ამდენად, სააპელაციო საჩივრის განხილვის ინტერესი მიმართულია არა ქონებრივი უფლებების აღდგენისაკენ, არამედ არბიტრაჟის გადაწყვეტილების ძალაში დატოვებისაკენ, რაც კანონის თანახმად პროცესუალური ხასიათის დავაა (ტომი 2, ს.ფ. 27-28).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ დ. ჩ-ძის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 8 ოქტომბრის განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კერძო საჩივრის ავტორის მსჯელობას იმის შესახებ, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო საჩივრის დავის საგნის ღირებულება უნდა განისაზღვროს არაქონებრივ მოთხოვნაზე კანონით დადგენილი სახელმწიფო ბაჟის ოდენობის შესაბამისად.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ქონებრივ-სამართლებრივი დავების დროს, მიუხედავად იმისა, თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა უდევს მას საფუძვლად, საპროცესო მოთხოვნა მიმართულია ფულად თანხაზე, ფულადი ღირებულების მქონე ნივთებზე, ან უფლებებზე. საპროცესო მოთხოვნა განხილულ უნდა იქნეს ქონებრივ-სამართლებრივად იმ შემთხვევებში, როცა მას საფუძვლად ქონებრივი ხასიათის სამართლებრივი ურთიერთობა უდევს, მიუხედავად იმისა, თუ რა სახის სარჩელი იქნა სასამართლოში წარდგენილი (აღიარებითი, მიკუთვნებითი თუ სამართლებრივი ურთიერთობის შეცვლისკენ მიმართული). ქონებრივ-სამართლებრივი ურთიერთობა არის ყველა ის ურთიერთობა, რომლის მიზანს წარმოადგენს მოგების მიღება ფულადი თანხით, ან ფულადი ღირებულების მქონე საგნების შენარჩუნება. არაქონებრივ-სამართლებრივი დავების გამიჯვნა ქონებრივ-სამართლებრივი დავებისაგან ხდება გამორიცხვის მეთოდით და მოიცავს ყველა იმ შემთხვევას, რომელიც ქონებრივ-სამართლებრივ დავას არ წარმოადგენს. არაქონებრივ-სამართლებრივია ყველა დავა, როდესაც საქმე ეხება მხოლოდ პირად ან მის სოციალურ გარემოსთან დაკავშირებულ უფლებებს ყოველგვარი ეკონომიკური სარჩულის გარეშე.
მოცემულ შემთხვევაში დ. ჩ-ძე სააპელაციო საჩივრით ასაჩივრებს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილებას, რომლითაც დაკმაყოფილდა ც. გ-იანის სარჩელი და გაუქმდა მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟის შპს «...-ის» 2009 წლის 5 ივნისის ¹01/09-05 გადაწყვეტილება (ტომი 1, ს.ფ. 176-180, 190-198). არბიტრაჟის დასახელებული გადაწყვეტილებით დ. ჩ-ძის პრეტენზია დაკმაყოფილდა და მოპასუხე ც. გ-იანს მის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა სესხის ძირითადი თანხა _ 40 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში, აგრეთვე, 120 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში ყოველდღიურად 2009 წლის 4 მარტიდან საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულებამდე. აპელანტის მოთხოვნას წარმოადგენს თბილისის საქალაქო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ც. გ-იანის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. არსებულ ვითარებაში ვერ იქნება გაზიარებული კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრება, რომ მისი ინტერესი ქონებრივი უფლებების აღდგენისაკენ არ არის მიმართული. პირიქით, სააპელაციო საჩივრის განხილვის ინტერესი სწორედ იმ ქონებრივი უფლებების აღდგენას ისახავს მიზნად, რომელიც აპელანტმა არბიტრაჟის გადაწყვეტილების შედეგად მოიპოვა და რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით გაუქმებულია. ამდენად, სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას საფუძვლად ქონებრივ-სამართლებრივი ურთიერთობა უდევს და, შესაბამისად, დავა ქონებრივ-სამართლებრივი ხასიათისაა.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ დ. ჩ-ძის სააპელაციო საჩივრის დავის საგნის ღირებულება სწორად განსაზღვრა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის «ა» და «დ» ქვეპუნქტების გათვალისწინებით. მითითებული საპროცესო ნორმების თანახმად, ფულის გადახდევინების შესახებ სარჩელის დავის საგნის ფასი განისაზღვრება გადასახდელი თანხით, ხოლო ვადიანი გასაცემის ან გადასახდელის შესახებ სარჩელის დავის საგნის ფასი _ არა უმეტეს სამი წლის განმავლობაში გასაცემი ან გადასახდელი თანხების ერთობლიობით. აღნიშნული ნორმისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილის «ბ» და «ბ.ა» ქვეპუნქტების თანახმად, სააპელაციო სასამართლომ დ. ჩ-ძის სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობად სწორად განსაზღვრა 5000 ლარი.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ განსახილველ შემთხვევაში ასევე სწორად გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილი, რომლის თანახმად, თუ სააპელაცო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას უნიშნავს ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.
მოცემულ შემთხვევაში აპელანტ დ. ჩ-ძეს სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზი არ შეუვსია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ამ ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს მისთვის დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სახეზეა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გამოტანისას კანონი არ დაურღვევია, რის გამოც გასაჩივრებული განჩინება უცვლელად დატოვებას ექვემდებარება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დ. ჩ-ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 8 ოქტომბრის განჩინება.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.