Facebook Twitter

¹ას-1158-1420-09 1 მარტი, 2010 წ.

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ლ. ლაზარაშვილი, ნ. კვანტალიანი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – შპს “ჯ. მ.” დირექტორი ო. ბ-ძე

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 9 ნოემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

შპს “ჯ. მ.” დირექტორმა ო. ბ-ძემ ბათუმის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა, მოპასუხედ შპს “ბ. ს. ბ.” დაასახელა და მისთვის 300 385 აშშ დოლარი ეკვივალენტი ლარის დაკისრება მოითხოვა.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ 2009 წლის 6 ივლისს, სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელის გამოუცხადებლობის გამო, მოპასუხის შეუამდგომლობის საფუძველზე დაუსწრებელი გადაწყვეტილება მიიღო, რომლის ძალითაც შპს “ჯ. მ.” დირექტორ ო. ბ-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, გაუქმდა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2003 წლის 5 მარტის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება, შპს “ბ. ს. ბ.” საკუთრებაში არსებულ უძრავ-მოძრავ ქონებას ყადაღა მოეხსნა.

მოსარჩელემ აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე კანონით დადგენილ ვადაში საჩივარი შეიტანა და მისი გაუქმება მოითხოვა. საჩივრის ავტორის მტკიცებით, სასამართლო სხდომის შესახებ იმდენად გვიან ეცნობა, რომ დროულად გამოცხადება ვეღარ მოასწრო.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 15 სექტემბრის განჩინებით შპს “ჯ. მ.” დირექტორ ო. ბ-ძის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და იმავე სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.

2009 წლის 15 ოქტომბერს შპს “ჯ. მ.” დირექტორმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას სააპელაციო საჩივრით მიმართა, დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მისი უცვლელად დატოვების შესახებ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 15 სექტემბრის განჩინების გაუქმების მოთხოვნით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 21 ოქტომბრის განჩინებით აპელანტს სახელმწიფო ბაჟის სახით 7 000 ლარის ჩარიცხვის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენა დაევალა და ხარვეზის შესავსებად 10-დღიანი ვადა მიეცა.

იმავე სასამართლოს 2009 წლის 9 ნოემბრის განჩინებით შპს “ჯ. მ.ს” დირექტორ ო. ბ-ძის სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა. სააპელაციო სასამართლოს მტკიცებით, მხარეს ხარვეზის განჩინება 2009 წლის 22 ოქტომბერს ჩაბარდა, შესაბამისად, ხარვეზის შევსების ვადა 1 ნოემბერს ამოიწურა, სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი კი მხარეს ამ ვადაში არ წარუდგენია.

შპს “ჯ. მ.” დირექტორმა ო. ბ-ძემ საქართველოს უზენაეს სასამართლოს კერძო საჩივრით მიმართა. მისი მტკიცებით, შპს “ჯორჯია მარკეტინგს” სახელმწიფო ბაჟის გადახდის საშუალება არ გააჩნდა, რის შესახებაც სასამართლოს აცნობა და ბაჟის განაწილვადება მოითხოვა, სააპელაციო სასამართლომ კი მისი შუამდგომლობა უკანონოდ არ დააკმაყოფილა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 9 ნოემბრის განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის არსებითად განხილვა მოითხოვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთებულობა და მიიჩნია, რომ შპს “ჯ. მ.” დირექტორ ო. ბ-ძის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ პასუხობს კანონით დადგენილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 21 ოქტომბრის განჩინებით აპელანტს სახელმწიფო ბაჟის სახით 7 000 ლარის ჩარიცხვის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენა დაევალა და ხარვეზის შესავსებად 10-დღიანი ვადა მიეცა. საქმეში არსებული შეტყობინების ფურცლით (ტ. III ს.ფ. 82) დასტურდება, რომ შპს “ჯ. მ.” დირექტორ ო. ბ-ძეს აღნიშნული განჩინება 2009 წლის 22 ოქტომბერს ჩაბარდა, შესაბამისად, მას ხარვეზის შევსების ვადა 2 ნოემბრამდე ჰქონდა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

საქმიდან ირკვევა, რომ კერძო საჩივრის ავტორს ხარვეზი სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეუვსია, თუმცა სასამართლოს სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ შუამდგომლობით მიმართა. შუამდგომლობისათვის დართული კონვერტით დასტურდება, რომ იგი 2009 წლის 3 ნოემბერს ფოსტით გაიგზავნა (ტ. V ს.ფ. 90).

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.

იმისათვის, რომ სააპელაციო სასამართლოს მხარის შუამდგომლობა განეხილა, იგი საპროცესო ვადის ბოლო დღის (2009 წლის 2 ნოემბრის) 24 საათამდე უნდა ყოფილიყო სასამართლოსათვის წარდგენილი, ან ფოსტისათვის ჩაბარებული. განსახილველ შემთხვევაში კი, კერძო საჩივრის ავტორმა შუამდგომლობა სასამართლოს საპროცესო ვადის ამოწურვის შემდეგ წარუდგინა, ამდენად, სააპელაციო სასამართლო სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ აპელანტის მოთხოვნაზე ვეღარ იმსჯელებდა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება კანონიერი და დასაბუთებულია, შესაბამისად, კერძო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 284-ე, 368-ე, 63-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

შპს “ჯ. მ.” დირექტორ ო. ბ-ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

მოცემულ საქმეზე უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 9 ნოემბრის განჩინება;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.