ას-1164-1033-2010 10 იანვარი, 2011 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თ. თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვ. როინიშვილი, მ. სულხანიშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ გ. ბ-ძე
მოწინააღმდეგე მხარე _ მ. ე-ავა, ა. ბ-ძე, აჭარის სააღსრულებო ბიურო
გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 13 ოქტომბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
გ. ბ-ძემ სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მ. ე-ავას, ა. ბ-ძისა და აჭარის სააღსრულებო ბიურსო მიმართ აღსრულების შეჩერებისა და ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების შესახებ.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 23 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით გ. ბ-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 3 აგვისტოს განჩინებით გ. ბ-ძის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ძალში დარჩა ამავე სასამართლოს 2010 წლის 23 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
აღნიშნული განჩინება და დაუსწრებელი გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. ბ-ძემ, მოითხოვა მათი გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 7 სექტემბრის განჩინებით აპელანტს სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5-დღის ვადაში სადავო ქონების საბაზრო ღირებულების 4%-ის შესაბამისად, გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დამადასტურებელი დოკუმენტის (დედნის სახით) სასამართლოში წარმოდგენა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით, სასამართლოს მიერ დადგენილ საპროცესო ვადაში, ხარვეზის შეუვსებლობის გამო, გ. ბ-ძის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა გ. ბ-ძემ და მოითხოვა მისი გაუქმება და ხარვეზის შეუვსებლობის საპატიოდ ჩათვლა იმ საფუძვლით, რომ, ვინაიდან იმყოფებოდა შორეულ ნაოსნობაში, ხარვეზის შევსება ვერ შეძლო.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ, საქმის ზეპირი განხილვის გარეშე, შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ გ. ბ-ძის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი არ მიიღება და, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის შესაბამისად, დარჩება განუხილველად.
საქმის მასალებით ირკვევა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 7 სექტემბრის განჩინებით აპელანტს სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5-დღის ვადაში სადავო ქონების საბაზრო ღირებულების 4%-ის შესაბამისად, გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დამადასტურებელი დოკუმენტის (დედნის სახით) წარმოდგენა. ამავე განჩინებით აპელანტს განემარტა, რომ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველად. საქმის მასალებით ირკვევა ასევე, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხარვეზის შევსების შესახებ სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 7 სექტემბრის განჩინების ასლი გ. ბ-ძეს ჩაჰბარდა 2010 წლის 16 სექტემბერს, რაც დასტურდება საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათზე აპელანტის მეუღლის _ მ. კ-ძის ხელმოწერით (იხ. ტომი 2, ს.ფ. 17). აღნიშნული გარემოება კერძო საჩივრის ავტორს სადავოდ არ გაუხდია. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების თანახმად, ხარვეზის შესავსებად, სასამართლოს მიერ დანიშნული 5 დღიანი ვადის დენა დაიწყო 2010 წლის 17 სექტემბერს და ამოიწურა ამავე წლის 21 სექტემბერს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში გ. ბ-ძეს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც ხარვეზის გამოსწორების ვადის გაგრძელების თაობაზე რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსათვის, რის გამოც მისი სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
კერძო საჩივრის ავტორი გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად და ხარვეზის შეუვსებლობის საპატიო მიზეზად უთითებს იმ გარემოებაზე, რომ იმყოფებოდა შორეულ ნაოსნობაში. აღნიშნულს საკასაციო სასამართლო ვერ მიიჩნევს ხარვეზის შეუვსებლობის საპატიო მიზეზად და, შესაბამისად, კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძვლად, ვინაიდან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. განსახილველ შემთხვევაში, გ. ბ-ძემ ვერ უზრუნველყო შესაბამისი მტკიცებულებებით დაესაბუთებინა ის გარემოება, რომ სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის პერიოდში, იგი იმყოფებოდა შორეულ ნაოსნობაში, მით უფრო, რომ, როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო საჩივარს თავად გ. ბ-ძე აწერს ხელს (იხ. ს.ფ.116-117), რაც იძლევა საკმარის საფუძველს მისი არგუმენტის დაუსაბუთებლობის შესახებ. გარდა ამისა, თუ შორეულ ნაოსნობაში გამგზავრებას აპირებდა, აპელანტი ვალდებული იყო წინასწარ ეცნობებინა სასამართლოსათვის აღნიშნულის თაობაზე, რაც კერძო საჩივრის ავტორს არ გაუკეთებია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს ის საპროცესო მოქმედებები, რაც მას სასამართლომ დაავალა, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედებათა შესრულების უფლებას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობით, გ. ბ-ძემ დაკარგა მისთვის მინიჭებული საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება, შესაბამისად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ მისი სააპელაციო საჩივარი სწორად დატოვა განუხილველად და არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
გ. ბ-ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 13 ოქტომბრის განჩინება.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.