¹ას-1165-1427-09 11 მარტი, 2010 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე)
რ. ნადირიანი (მომხსენებელი), თ. თოდრია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – შპს “ტ. ჯ.”
მოწინააღმდეგე მხარე – შპს “რ. ს.”
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 30 ოქტომბრის განჩინება
დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილებით შპს “რ. ს.” სარჩელი შპს “ტ. ჯ.” მიმართ მიწოდებული საწვავის ღირებულების აუნაზღაურებელი თანხის 29233.4 ლარის მოპასუხისათვის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა.
აღნიშნული განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს “ტ. ჯ.”, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 29 სექტემბრის განჩინებით შპს “ტ. ჯ.” დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შევსება, კერძოდ, 1169.33 ლარის ოდენობით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ქვითრის წარმოდგენა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 30 ოქტომბრის განჩინებით შპს “ტ. ჯ.” სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო.
აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა შპს “ტ. ჯ.” დირექტორმა მ.ძ-ამ, მოითხოვა მისი გაუქმება იმ საფუძვლით, რომ კომპანია უკიდურესად მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში იმყოფება, რის გამოც ვერ მოხერხდა თანხების დროულად ჩარიცხვა ხარვეზის შესავსებად, შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებით დაირღვა მათი უფლება გაესაჩივრებინათ პირველი ინსტანციის უკანონო გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 417-ე მუხლის საფუძველზე, აღნიშნული კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადმოაგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, საქმის ზეპირი განხილვის გარეშე, შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ შპს “ტ. ჯ-ის” კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება და, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის შესაბამისად, დარჩება განუხილველად.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ხარვეზის შევსების შესახებ განჩინების ასლი შპს “ტ. ჯ.” გაეგზავნა და ჩაჰბარდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით, კერძოდ, 2009 წლის 5 ოქტომბერს ჩაჰბარდა ორგანიზაციის ბუღალტერს ნ.ს-ეს (ტII ს.ფ.6), შესაბამისად, განჩინების შევსების ბოლო ვადა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 60-61-ე მუხლების თანახმად, იყო 2009 წლის 15 ოქტომბერი. აპელანტმა ხარვეზი სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში არ გამოასწორა და არც რაიმე შუამდგომლობა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, კერძო საჩივრის ავტორის განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ კომპანია უკიდურესად მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში იმყოფება, რის გამოც ვერ მოხერხდა თანხების დროულად ჩარიცხვა ხარვეზის შესავსებად, ვერ იქნება გაზიარებული, რადგან კერძოO საჩივრის ავტორს არც სააპელაციო საჩივარში და არც შემდგომ მისი ქონებრივი მდგომარეობის თაობაზე რაიმე დოკუმენტი ან რაიმე შუამდგომლობა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის მიხედვით სახელმწიფო ბაჟის ოდენობის შემცირების ან მისი გადახდის გადავადების თაობაზე არ წარმოუდგენია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო, სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივარი მართებულად დატოვა განუხილველად და, შესაბამისად, არ არსებობს ამ განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
შპს “ტ. ჯ.” დირექტორ მ. ძ-ას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 30 ოქტომბრის განჩინება;
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.