¹ას-1169-1431-09 25 მარტი, 2010 წ.
ქ .თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე)
თ. თოდრია (მომხსენებელი), ლ. ლაზარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – სს “გ.” (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს “ს.” (მოსარჩელე)
დავის საგანი – უკანონო ხელშეშლის აღკვეთა
გასაჩივრებული სასამართლოს განჩინებები – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 22 ივლისის განჩინება, ამავე სასამართლოს 2009 წლის 28 ოქტომბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინებების გაუქმება
აღწერილობითი ნაწილი
სს „გ.“ დირექტორმა სარჩელით მიმართა გარდაბნის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე სს „სოფლმომარაგების“ მიმართ და მოითხოვა სს „გ.“ ტერიტორიაზე გამავალ სს „ს.“ კუთვნილი 520 გრძივი მეტრი რკინიგზის მათ საკუთრებაში გადაცემა 4000 ლარად.
2007 წლის 13 ივნისს სს „ს.“ სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა სს „გ.“ მათი კუთვნილი რკინიგზის სარგებლობაში ხელშეშლის აკრძალვა.
2007 წლის 18 სექტემბრის განჩინებით სს „გ.“ წარმომადგენლების შუამდგომლობა სასარჩელო განცხადებისა და თანდართული დოკუმენტების გამოთხოვის თაობაზე დაკმაყოფილდა, სს „გ.“ სარჩელი განუხილველად იქნა დატოვებული და საქმის წარმოება გაგრძელდა, სს „ს.“ სარჩელის გამო, სს „გ.“ მიმართ უკანონო ხელშეშლის კუთვნილი რკინიგზის სარგებლობაში აღკვეთის შესახებ.
გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებით სს „ს.“ სარჩელი და სს „გ.“ მიმართ უკანონო ხელშეშლის აღკვეთის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს „ს.“ დირექტორმა და მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სს „ს.“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, სს „ს.“ სარჩელი დაკმაყოფილდა, სს „გ.“ აეკრძალა სს „ს.“ მისი კუთვნილი რკინიგზის ხაზით სარგებლობაში ხელშეშლა, რომელიც გადის სს „გ.“ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე.
სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული საჯარო რეესტრის ამონაწერით დადასტურებულად მიიჩნია, რომ გარდაბნის რაიონის სოფელ .... მდებარე 5303 მეტრი რკინიგზის ხაზი წარმოადგენდა სს „ს.“ საკუთრებას. აღნიშნული რკინიგზის ხაზის სადავო მონაკვეთი გადიოდა სს „გ.“ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთზე.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს „გ.“, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2009 წლის 30 აპრილის განჩინებით სს “გ.” საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩა განხილველად.
2009 წლის 1 ივნისს სს “გ.” გენერალურმა დირექტორმა ზ. თ-შვილმა განცხადებით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილების განმარტება, კერძოდ, განმარტება იმის შესახებ, თუ რა იგულისხმება რკინიგზის ხაზით სარგებლობაში.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 22 ივლისის განჩინებით სს “გ.” გენერალური დირექტორის ზ. თ-შვილის განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილების განმარტების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი არ შეიცავს ურთიერთგამომრიცხავ ან შეუსაბამო დებულებებს. განმცხადებელმა ვერ დაადასტურა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ბუნდოვანება და ვერ დაასაბუთა, თუ რა უშლის ხელს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების იმ შინაარსით და იმ ფარგლებში აღსრულებას, როგორც ეს ამავე გადაწყვეტილებითაა დადგენილი.
სს “გ.” კერძო საჩივარი შეიტანა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 22 ივლისის განჩინებაზე. მან აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი მოითხოვს განმარტებას. სასამართლომ უნდა განმარტოს, რა იგულისხმება რკინიგზის ხაზით სარგებლობის ხელშეშლაში, კერძოდ, გაატაროს რკინიგზის შემადგენლობა და ტვირთები, თუ სარგებლობაში იგულისხმება რკინიგზის ხაზის აღება სს “გ.” კუთვნილი მიწის ნაკვეთიდან და სწორედ ინფრასტრუქტურის მოშლაში არ უნდა შეუშალოს ხელი სს “გ.” სს “ს.”, რითაც ზიანი მიადგება სს “გ.”, რადგან მას ჩვეულებრივი სამეურნეო საქმიანობისათვის ესაჭიროება რკინიგზის ხაზის სარგებლობა.
სს “გ.” გენერალურმა დირექტორმა ზ. თ-შვილმა ასევე განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმის წარმოების განახლება. მან მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეფუძნება გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილებას. გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 21 აპრილის განჩინებით განახლდა საქმის წარმოება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, გაუქმდა გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილება და საქმის წარმოება შეწყდა მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის თქმის გამო. აღნიშნული გარემოება წარმოადგენს ახლად აღმოჩენილ გარემოებას სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილებისათვის, რადგან გაუქმდა გადაწყვეტილება, რომელიც საფუძვლად დაედო 2008 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილებას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 28 ოქტომბრის განჩინებით სს “გ.” გენერალური დირექტორის - ზ. თ-შვილის განცხადება, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილება მიღებული იქნებოდა, მიუხედავად იმისა, იარსებებდა თუ არა გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილება, ვინაიდან ფაქტობრივი გარემოებების დადგენისას პალატის გადაწყვეტილება არ დაფუძნებია გარდაბნის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას, როგორც ერთადერთ მტკიცებულებას. პალატამ ფაქტობრივი გარემოებები დაადგინა ამონაწერით საჯარო რეესტრიდან ხაზოვან ნაგებობაზე, მიწის ნაკვეთისა და ხაზოვანი ნაგებობის აზომვითი ნახაზით, ასევე, მხარეთა ახსნა-განმარტებებით.
აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა სს “გ.” გენერალურმა დირექტორმა ზ. თ-შვილმა. მან აღნიშნა, გასაჩივრებულ განჩინებაში სააპელაციო პალატის აღნიშნული მსჯელობა არასწორია და დაუსაბუთებელი, ვინაიდან საჯარო რეესტრის დასახელებული მტკიცებულებები შედგენილია გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე, ხოლო მხარეთა ახსნა-განმარტებით არ შეიძლება დადგინდეს საკუთრების უფლება ხაზოვან ნაგებობაზე, მით უფრო, როდესაც ეს ნაგებობა, როგორც სასამართლომ დაადგინა, გადის სს „გ.“ კუთვნილ მიწის ნაკვეთზე და, შესაბამისად, იგი წარმოადგენს უძრავი ნივთის შემადგენელ ნაწილს, რომელიც სს „გ.“ საკუთრებაა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლი) ან, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ სასამართლო განაჩენი, გადაწყვეტილება, განჩინება ან სხვა ორგანოს დადგენილება, რომელიც საფუძვლად დაედო ამ გადაწყვეტილებას, გაუქმდა.
დადგენილია, რომ სს „გ.“ მოითხოვს, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმებას და საქმის წარმოების განახლებას.
საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო პალატის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილება მიღებული იქნებოდა, მიუხედავად იმისა, იარსებებდა თუ არა გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილება, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება, იმ ფაქტობრივი გარემოების დადგენისას, რომ სს „გ.“ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე გადის სს „ს.“ კუთვნილი 520 მეტრი რკინიგზის ხაზი, არ დაფუძნებია მხოლოდ რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას.
მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ გამოიკვლია და დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს: საჯარო რეესტრიდან ხაზობრივ ნაგებობაზე ამონაწერს, საჯარო რეესტრის ამონაწერს, მიწის ნაკვეთის და ხაზოვანი ნაგებობის აზომვით ნახაზებს, მხარეთა ახსნა-განმარტებებს.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საქმის წარმოების განახლება მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, თუ გაუქმდა გადაწყვეტილება, რომელიც გასაჩივრებული გადაწყვეტილების საფუძველია და ამ გადაწყვეტილების გარეშე გასაჩივრებული გადაწყვეტილება ვერ იქნებოდა მიღებული. მოცემულ შემთხვევაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილება არ დაფუძნებია გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილებას, რის გამოც აღნიშნული გადაწყვეტილებაზე მითითება ვერ ჩაითვლება ახლად აღმოჩენილ გარემოებად.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების საფუძველი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა ან სასამართლო აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით, განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გადაწყვეტილების განმარტება ხდება იმ შემთხვევაში, როცა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი არ არის გასაგებად ჩამოყალიბებული და ბუნდოვანია, რის გამოც შეუძლებელია გადაწყვეტილების აღსრულება.
მოცემულ შემთხვევაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქლაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სს “გ.” აეკრძალა ხელშეშლა სს “ს.” მისი კუთვნილი რკინიგზის ხაზით სარგებლობაში, რომელიც გადის სს “გ.” საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე.
საკასაციო პალატა თვლის, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი მოითხოვს განმარტებას, რის გამოც სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 22 ივლისის განჩინება გადაწყვეტილების განმარტების თაობაზე უნდა გაუქმდეს. სასამართლომ უნდა განმარტოს, რა იგულისხმება რკინიგზის ხაზით სარგებლობის ხელშეშლაში (გაატაროს რკინიგზის შემადგენლობა და ტვირთები, თუ სარგებლობაში იგულისხმება რკინიგზის ხაზის აღება სს “გ.” კუთვნილი მიწის ნაკვეთიდან და ა.შ.).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 22 ივლისის განჩინება გადაწყვეტილების განმარტების შესახებ და ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს. გარდა ამისა, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 28 ოქტომბრის განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი, რის გამოც სს “გ.” დირექტორ ზ. თ-შვილის კერძო საჩივარი ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმის წარმოების განახლების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სს “გ.” კერძო საჩივარი გადაწყვეტილების განმარტების თაობაზე დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 22 ივლისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს შესაბამის პალატას;
3. სს “გ.” კერძო საჩივარი ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმის წარმოების განახლების შესახებ არ დაკმაყოფილდეს;
4. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 28 ოქტომბრის განჩინება;
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.