¹ას-1170-1432-09 28 იანვარი, 2010 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე)
რ. ნადირიანი (მომხსენებელი), თ. თოდრია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – მ. ქ-ძე
მოწინააღმდეგე მხარე – გ. ჩ-ძე
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 20 ოქტომბრის განჩინება
დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილებით გ. ჩ-ძის სარჩელი მოპასუხე მ. ქ-ძის მიმართ თანხის დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდა, მ. ქ-ძეს გ. ჩ-ძის სასარგებლოდ დაეკისრა 6600 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარისა და 808 ლარის გადახდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხე მ. ქ-ძემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 27 ნოემბრის განჩინებით მ. ქ-ძის შუამდგომლობა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ არ დაკმაყოფილდა და აპელანტს დაევალა სააპელაციო საჩივრის ხარვეზის შესავსებად, განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ქვითრის წარმოდგენა 264 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარისა და 32,32 ლარის ოდენობით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 20 ოქტომბრის განჩინებით მ. ქ-ძის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო.
აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მ. ქ-ძემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ხარვეზის შევსებულად ჩათვალა იმ საფუძვლით, რომ მართალია მას სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი უშუალოდ სასამართლოში არ წარმოუდგენია, მაგრამ ნამდვილად დროულად გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი, რისთვისაც ხარვეზი შევსებულად უნდა ჩათვლილიყო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 417-ე მუხლის საფუძველზე, აღნიშნული კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადმოაგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, საქმის ზეპირი განხილვის გარეშე, შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ მ. ქ-ძის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი არ მიიღება და, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის შესაბამისად, დარჩება განუხილველად.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ხარვეზის შევსების შესახებ განჩინების ასლი მ. ქ-ძეს გაეგზავნა და ჩაჰბარდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით, კერძოდ, 2009 წლის 2 ოქტომბერს ჩაჰბარდა დედამისს _ ე. თ-შვილს (ს.ფ.176). შესაბამისად, განჩინების შევსების ბოლო ვადა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 60-61-ე მუხლების თანახმად, იყო 2009 წლის 12 ოქტომბერი. ხოლო მ. ქ-ძემ ხარვეზი გამოასწორა 2009 წლის 16 ოქტომბერს, ანუ სასამართლოს მიერ განსაზღვრული საპროცესო მოქმედების _ ხარვეზის გამოსწორების ვადის გასვლის შემდეგ.
კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ მან ბაჟი დროულად გადაიხადა, რის გამოც სასამართლოს ხარვეზი შევსებულად უნდა ჩაეთვალა, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს, ვინაიდან სასამართლოს განჩინებით, აპელანტს დაევალა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა სასამართლოში, შესაბამისად, ის გარემოება, რომ მ. ქ-ძემ დროულად გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი, არ ნიშნავს სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში საპროცესო მოქმედების შესრულებას _ ხარვეზის შევსებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო, სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივარი მართებულად დატოვა განუხილველად და, შესაბამისად, არ არსებობს ამ განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მ. ქ-ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 20 ოქტომბრის განჩინება;
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.