ას-1171-1037-10 9 დეკემბერი, 2010 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
მ. სულხანიშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ ზ. გ-ძე
მოწინააღმდეგე მხარე _ ... საჯარო სკოლის დირექტორი ე. მ-ძე
გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 18 ოქტომბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ საქმის წარმოების განახლება
დავის საგანი – შემცირებული სამუშაო საათების აღდგენა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ზ. გ-ძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ტყიბულის რაიონის სოფელ ... საჯარო სკოლის დირექტორ ე. მ-ძის მიმართ შემცირებული სამუშაო საათების აღდგენის მოთხოვნით.
ტყიბულის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 2 დეკემბრის განჩინებით ზ.გ-ძის სარჩელი ტყიბულის რაიონის სოფელ ... საჯარო სკოლის დირექტორ ე.მ-ძის მიმართ, როგორც სასამართლოსადმი უწყებრივად არაქვემდებარე, არ იქნა მიღებული სასამართლოს წარმოებაში, რაზეც კერძო საჩივარი შეიტანა მოსარჩელის წარმომადგენელმა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 15 იანვრის განჩინებით მოცემული კერძო საჩივარი გადაეცა ამავე სასამართლოს განსჯად სამოქალაქო საქმეთა პალატას.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 10 თებერვლის განჩინებით ზ.გ-ძის წარმომადგენელ ვ.პ-ძის კერძო საჩივარი დარჩა განუხილველად სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო.
ზ. გ-ძემ განცხადებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა ამავე სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 10 თებერვლის განჩინების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით ზ.გ-ძის განცხადება დარჩა განუხილველად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი განცხადების შეტანის ერთთვიანი ვადის დარღვევის გამო.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ზ.გ-ძემ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 19 ნოემბრის განჩინებით მოცემულ კერძო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის, ასევე 39-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ზ. გ-ძეს დაევალა ხარვეზის დადგენის შესახებ საკასაციო სასამართლოს განჩინების ჩაბარებიდან 3 (სამი) დღის ვადაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის “გ” და “ვ” ქვეპუნქტების შესაბამისად შედგენილი კერძო საჩივრის წარმოდგენა სადაც მიეთითებოდა გასაჩივრებული განჩინების ზუსტი დასახელება და ის სამართლებრივი საფუძვლები, რაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და მხარის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველია, ასევე, სახელმწიფო ბაჟის _ 50 ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედნის წარმოდგენა.
ხარვეზის დადგენის შესახებ საკასაციო სასამართლოს 2010 წლის 19 ნოემბრის განჩინება ზ.გ-ძეს გაეგზავნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით და ადრესატს ჩაბარდა 2010 წლის 26 ნოემბერს.
ხარვეზის გამოსწორების მიზნით, 2010 წლის 1 დეკემბერს ზ.გ-ძემ განცხადებით მომართა სასამართლოს, წარმოადგინა სახელმწიფო ბაჟის _ 50 ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედანი, ასევე დაზუსტებული განცხადება და თანდართული მასალები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ზ. გ-ძის კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
დასახელებული ნორმა წარმოადგენს ერთგვარ სამოქალაქო-სამართლებრივ სანქციას იმ მხარის მიმართ, რომელმაც დაარღვია კანონითა თუ სასამართლო განჩინებით დადგენილი საპროცესო ვადა. აღნიშნული ვადის დარღვევით განხორციელებულ საპროცესო მოქმედებას იურიდიული შედეგი აღარ მოჰყვება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომი ინსტანციის სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ კერძო საჩივარი არ უპასუხებს მოცემულ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, კერძო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ კერძო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 19 ნოემბრის განჩინებით წარმოდგენილ კერძო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის, ასევე 39-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ზ. გ-ძეს დაევალა ხარვეზის დადგენის შესახებ საკასაციო სასამართლოს განჩინების ჩაბარებიდან 3 (სამი) დღის ვადაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის “გ” და “ვ” ქვეპუნქტების შესაბამისად შედგენილი კერძო საჩივრის წარმოდგენა, სადაც მიეთითებოდა გასაჩივრებული განჩინების ზუსტი დასახელება და ის სამართლებრივი საფუძვლები, რაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და მხარის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველია, ასევე სახელმწიფო ბაჟის _ 50 ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედნის წარმოდგენა.
საქმის მასალებით დასტურდება და არც კერძო საჩივრის ავტორი ხდის სადავოდ, რომ ხარვეზის დადგენის შესახებ საკასაციო სასამართლოს 2010 წლის 19 ნოემბრის განჩინება ზ.გ-ძეს გაეგზავნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით და ადრესატს ჩაბარდა 2010 წლის 26 ნოემბერს (იხ. ტ.II, ს.ფ.31).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. დასახელებული ნორმა სასამართლოს უდგენს ალტერნატიულ ვალდებულებას, სასამართლო შეტყობინება საპროცესო მოქმედების შესრულების დროის შესახებ აცნობოს ნორმაში მითითებულ სუბიექტთაგან ერთ-ერთს _ მხარეს ან მის წარმომადგენელს და მითითებულთაგან ერთ-ერთისათვის, ასევე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის შესაბამისად მხარის არყოფნის შემთხვევაში, მისი ოჯახის სრულწლოვანი წევრისათვის სასამართლო შეტყობინების ჩაბარება საპროცესო ვადის დენის დაწყების საფუძველია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად კი, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. დასახელებული ნორმების თანახმად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი სამდღიანი ვადის დენა დაიწყო 2010 წლის 27 ნოემბერს და ამოიწურა ამავე წლის 29 ნოემბერს, ხოლო საქმეში წარმოდგენილი განცხადებებით დასტურდება, რომ ზ.გ-ძემ სასამართლოს მომართა 2010 წლის 1 დეკემბერს (იხ. ტ.II, ს.ფ.32; 35) _ ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადის დარღვევით, რაც მისი კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
ზ. გ-ძეს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ 2010 წლის 1 დეკემბერს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 50 ლარი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 185-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელის (კერძო საჩივრის) განუხილველად დატოვების შემთხვევაში სახელმწიფო ბაჟი ექვემდებარება მთლიანად დაბრუნებას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ზ. გ-ძის კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
ზ. გ-ძეს დაუბრუნდეს მის მიერ 2010 წლის 1 დეკემბერს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 50 ლარი
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.