საქმე ¹ას-1171-1433-09 25 იანვარი, 2010 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე)
მოსამართლეები:
ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი), ლ. ლაზარაშვილისაქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ ნ. და ე. კ-ძეების წარმომადგენელი მ. გ-შვილი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ ნ. ს-უა, მ. ნ-შვილი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 8 ოქტომბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ვალდებულების შესრულება იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის აუქციონზე რეალიზაციის გზით
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ნ. ს-უამ და მ. ნ-შვილმა განცხადებით მიმართეს სასამართლოს ე. კ-ძის მიმართ გადახდის ბრძანების მიღების მოთხოვნით, 2000 წლის 30 ოქტომბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, თითოეული განმცხადებლის სასარგებლოდ, ქ.თბილისში, ... ქ¹24ა-ში მდებარე იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის აუქციონზე რეალიზაციის გზით 3000-3000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის დაკისრების შესახებ.
ქ.თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001 წლის 7 ნოემბრის გადახდის ბრძანებით მოთხოვნა დაკმაყოფილდა, ე. კ-ძეს დაეკისრა ნ. ს-უას სასარგებლოდ 3000 აშშ დოლარის, ხოლო მ. ნ-შვილის სასარგებლოდ ასევე 3000 აშშ დოლარის ანაზღაურება.
ო. კ-ძემ შესაგებლით (პროტესტით) მიმართა სასამართლოს, მოითხოვა გადახდის ბრძანების გაუქმება, განცხადების სასარჩელო წესით განხილვა და აღნიშნა, რომ გადახდის ბრძანების მიღების დროისათვის ე. კ-ძე გარდაიცვალა.
ქ.თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002 წლის 15 ივლისის განჩინებით ე. კ-ძის უფლებამონაცვლედ საქმეში ჩაბმულ იქნა ო. კ-ძე. ამავე სასამართლოს 2002 წლის 3 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ნ. ს-უასა და მ. ნ-შვილის მოთხოვნა დაკმაყოფილდა, ო.კ-ძეს მოსარჩელეთა სასარგებლოდ დაეკისრა იპოთეკის საგნის რეალიზაციის გზით 3000-3000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ანაზღაურება.
რაიონული სასამართლოს დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანა ო.კ-ძემ, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.
ქ.თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002 წლის 6 ნოემბრის განჩინებით ო.კ-ძის საჩივარი დარჩა განუხილველად.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003 წლის 17 დეკემბრის განჩინებით აღნიშნულ განჩინებაზე შეტანილი კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ამავე სასამართლოს 2003 წლის 12 სექტემბრის განჩინებით კი, ო. კ-ძის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნენ მისი არასრულწლოვანი შვილები ნ. და ე. კ-ძეები და მათი კანონიერი წარმომადგენელი _ დედა მ. გ-შვილი.
ნ. და ე. კ-ძეების კანონიერმა წარმომადგენელმა მ. გ-შვილმა განცხადებით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002 წლის 3 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
ქ.თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 14 აპრილის განჩინებით განცხადება არ დაკმაყოფილდა, რაც მ.გ-შვილმა გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 8 ოქტომბრის განჩინებით მ. გ-შვილის სააპელაციო საჩივარი თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 14 აპრილის განჩინებაზე დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილით და დაადგინა, რომ ქ.თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 14 აპრილის განჩინების ასლი მ. გ-შვილს პირადად ჩაბარდა 2004 წლის 19 ივნისს. ამავე კოდექსის 2004 წლის რედაქციის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე პალატამ მიიჩნია, რომ მ.გ-შვილს სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა ჰქონდა 2004 წლის 19 ივლისამდე, მოცემულ შემთხვევაში კი სააპელაციო საჩივარი მხარემ შეიტანა 2004 წლის 19 აგვისტოს, ერთთვიანი ვადის გასვლის შემდეგ.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ნ. და ე. კ-ძეების წარმომადგენელმა მ. გ-შვილმა შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით: სასამართლოს 2004 წლის 14 აპრილის განჩინება მხარეს არ ჩაბარებია, ვიდრე 2004 წლის 19 ივლისს თავად არ მიაკითხა სასამართლოს განჩინების ჩასაბარებლად. გადასცა რა მითითებული განჩინების დაუმოწმებელი ასლი, სასამართლოს თანამშრომელმა უკანვე გამოართვა იგი მხარეს და შეადგინა აქტი. აღელვებისაგან მ.გ-შვილმა სადავო განჩინების ჩაბარების ხელწერილზე მისი ჩაბარების თარიღად არასწორად მიუთითა 19 ივნისი. ამდენად, მას სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა არ დაურღვევია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. გ-შვილის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა განსახილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2004 წლის რედაქციის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა ერთი თვე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება ამ გადაწყვეტილების ასლის მხარეებისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან მისი მხარისათვის ამ კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად გადაგზავნის დრო. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის შეტანა დასაშვებია მხარის მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ასლის მიღებიდან მხოლოდ ერთი თვის განმავლობაში და აღნიშნული ვადა აითვლება გასაჩივრებული გადაწყვეტილების ჩაბარების მომენტიდან.
მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებში წარმოდგენილია აპელანტ მ.გ-შვილის მიერ ხელმოწერილი ხელწერილი, რომლის მიხედვით ქ.თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 14 აპრილის გასაჩივრებული განჩინების ასლი მხარეს პირადად ჩაბარდა 2004 წლის 19 ივნისს, რაც ასევე გაზიარებულ იქნა სააპელაციო პალატის მიერ.
საკასაციო სასამართლო ეთანხმება კერძო საჩივრის ავტორის მითითებას, რომ გასაჩივრებული განჩინება დაუსაბუთებელია, ვინაიდან სასამართლოს სრულად არ გამოუკვლევია საქმეში არსებული დოკუმენტები, კერძოდ:
მოცემული საქმის მასალებში ქ.თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 14 აპრილის განჩინებას (საქმე ¹2/730-04, ტ.3 ს.ფ. 49-50) მოსდევს ამავე სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის წამყვანი სპეციალისტის _ შ.გ-შვილის მიერ 2004 წლის 19 ივლისს შედგენილი აქტი (ამავე ტომის ს.ფ. 51), რომლის თანახმად 2004 წლის 19 ივლისს მ.გ-შვილს მოცემული საქმე გადაეცა გასაცნობად, საიდანაც მან ამოხია 49-50 გვერდზე მდებარე 2004 წლის 14 აპრილის განჩინება. მითითებული აქტის მიხედვით, საქმეში იყო სულ 50 გვერდი (ფურცელი). მ.გ-შვილის მიერ 2004 წლის 19 ივნისით დათარიღებული სადავო ხელწერილი გადანომრილია, როგორც საქმის ფურცელი 52, რაც იმაზე მეტყველებს, რომ 2004 წლის 19 ივლისის აქტის შედგენამდე აღნიშნული ხელწერილი საქმეს არ ერთვოდა.
ამდენად, საკასაციო სასამართლო არადამაჯერებლად მიიჩნევს სააპელაციო პალატის მითითებას, რომ ქ.თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 14 აპრილის სადავო განჩინების ასლი მ.გ-შვილს 2004 წლის 19 ივლისს ჩაბარდა და თვლის, რომ სააპელაციო პალატას ზემოხსენებული გარემოებებისათვის შეფასება არ მიუცია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საქმის ხელახლა განმხილველმა სასამართლომ განჩინების კვლევით ნაწილში მითითებული გარემოებების გათვალისწინებით უნდა განსაზღვროს მ.გ-შვილის სააპელაციო საჩივრის შეტანის ერთთვიანი ვადის ათვლის მომენტი და იმსჯელოს, სააპელაციო საჩივრის 2004 წლის 19 აგვისტოს შეტანით დაარღვია თუ არა მხარემ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის იმჟამინდელი რედაქციის დანაწესი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ნ. და ე. კ-ძეების კანონიერი წარმომადგენლის _ მ. გ-შვილის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 8 ოქტომბრის განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს მ.გ-შვილის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.