Facebook Twitter

¹ას-1172-1434-09 19 თებერვალი, 2010 წელი

ას-1172-1434-09 ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ლ. ლაზარაშვილი, თ. თოდრია

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი –თ. ს-ძე

წარმომადგენელი---ლ. ს-ავა

მოწინააღმდეგე მხარე-ნ. ლ-შვილი

გასაჩივრებული განჩინება –თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 30 სექტემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი –ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 26 მარტის გადაწყვეტილებით ნ. ლ-შვილის სარჩელი მოპასუხე თ. ს-ძის მიმართ, ზიანის ანაზღაურების შესახებ დაკმაყოფილდა; მოპასუხე – თ. ს-ძეს დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურების სახით 8500 ლარის გადახდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 26 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ. ს-ძის წარმომადგენელმა ლ. ს-ავამ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 8 მაისის განჩინებით აპელანტს თ. ს-ძეს დაევალა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით 340 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის (დედნის) წარმოდგენა თბილისის სააპელაციო სასამართლოში განჩინების ასლის გადაცემიდან 7 დღის ვადაში; აპელანტს ასევე დაევალა ადვოკატის მოწმობის ასლი, ან უშუალოდ მხარის თ. ს-ძის მიერ ხელმოწერილი სააპელაციო საჩივრის წარმოდგენა თბილისის სააპელაციო სასამართლოში განჩინების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში.

2009 წლის 13 ივლისს თ. ს-ძემ განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელება. ხარვეზის შევსების მიზნით აპელანტმა წარადგინა მის მიერ ხელმოწერილი სააპელაციო საჩივარი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 20 ივლისის განჩინებით დაკმაყოფილდა აპელანტის თ. ს-ძის განცხადება ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ და მას 7 დღით გაუგრძელდა ვადა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 8 მაისის განჩინებით დადგენილი ხარვეზის შესავსებად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 30 სექტემბრის განჩინებით თ. ს-ძის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.

საქმის მასალებით დადგინდა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება აპელანტს თ. ს-ძეს მის მიერ მითითებულ მისამართზე (ქ.თბილისი, ... ქ. 12, ბინა 6) ჩაბარდა 2009 წლის 26 ივლისს სსს კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან ხარვეზის შევსების შესახებ განჩინება აპელანტს ჩაბარდა 2009 წლის 26 ივლისს, მისთვის ხარვეზის შესავსებად სასამართლოს მიერ დანიშნული 7 დღიანი ვადის ათვლა დაიწყო განჩინების ასლის გადაცემის მომდევნო დღიდან – 2009 წლის 27 ივლისიდან და საქართველოს სსკ-ის 61-ე მუხლის შესაბამისად, ამოეწურა 2009 წლის 3 აგვისტოს. აპელანტს სააპელაციო საჩივარში ხარვეზი უნდა შეევსო 2009 წლის 2 აგვისტოს ჩათვლით.

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ხარვეზის შევსების შესახებ განცხადებით აპელანტს სააპელაციო სასამართლოსათვის არ მიუმართავს.

აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა თ. ს-ძის წარმომადგენელმა ლ. ს-ავამ. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი 2009 წლის 31 ივლისს, ხოლო ხარვეზის გამოსწორების განჩინება ს-ძეს ჩაბარდა 2009 წლის 27 ივლისს, სადაც დადგენილი ჰქონდა ხარვეზის გამოსწორების 7 დღე. ს-ძემ სახელმწიფო ბაჟი გადაიხადა ხარვეზის განჩინების ჩაბარებიდან მეოთხე დღეს, ს-ავას განცხადებით, იგი სამსახურებრივი მივლინებით იმყოფებოდა გურიაში და შესაბამისად ხარვეზის დადგენის ვადაში ვერ მოახერხა ბაჟის გადახდის ქვითარის ჩაბარება, ანუ მას ჰქონდა საპატიო მიზეზი, თუ რატომ ვერ წარმოადგინა სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თ. ს-ძის წარმომადგენელმა ლ. ს-ავამ მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 30 სექტემბრის განჩინების გაუქმება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, განიხილა კერძო საჩივარი და თვლის, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის, თანახმად თუ სააპელაციო საჩივარზე ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება. ამავე კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადების შესაბამისად კი, თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, რომელზედაც შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა.

განსახილველ საქმეზე დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 20 ივლისის განჩინება აპელანტს თ. ს-ძეს მის მიერ მითითებულ მისამართზე (ქ.თბილისი, ... ქ. 12, ბინა 6) ჩაბარდა 2009 წლის 26 ივლისს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან ხარვეზის შევსების შესახებ განჩინება აპელანტს ჩაბარდა 2009 წლის 26 ივლისს, მისთვის ხარვეზის შესავსებად სასამართლოს მიერ დანიშნული 7 დღიანი ვადის ათვლა დაიწყო განჩინების ასლის გადაცემის მომდევნო დღიდან – 2009 წლის 27 ივლისიდან და საქართველოს სამოქალაო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ამოეწურა 2009 წლის 3 აგვისტოს. აპელანტს სააპელაციო საჩივარში ხარვეზი უნდა შეევსო 2009 წლის 2 აგვისტოს ჩათვლით.

საკასაციო პალატა თვლის, რომ ვინაიდან აპელანტმა თ. ს-ძემ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეავსო ხარვეზი სააპელაციო პალატამ მართებულად დატოვა სააპელაციო საჩივარი განუხილველად.

პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის განმარტებას, რომ ს-ძემ სახელმწიფო ბაჟი გადაიხადა ხარვეზის განჩინების ჩაბარებიდან მეოთხე დღეს, ხოლო იგი სამსახურებრივი მივლინებით იმყოფებოდა გურიაში და შესაბამისად ხარვეზის დადგენის ვადაში ვერ მოახერხა ბაჟის გადახდის ქვითარის ჩაბარება. განჩინებაში მითითებული მოქმედება –ანუ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრის წარდგენა სასამართლოში აპელანტის მიერ არ შესრულებულა. შესაბამისად საკასაციო პალატა თვლის, რომ მხარემ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეავსო ხარვეზი და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად დაკარგა აღნიშნული საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მესამე ნაწილი განსაზღვრავს იმ გარემოებებს, რომელთა არსებობისას მხარეს გარკვეული საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობა საპატიოდ ეთვლება.

აღნიშნული მუხლის შინაარსიდან გამომდინარე კერძო საჩივრის ავტორის მიერ სასამართლოსათვის მტკიცებულების სახით წარმოდგენილ გაზეთ ,,გურია” –ნიუსის რედაქტორის ცნობას, საკასაციო პალატა ვერ განიხილავს ხარვეზის შეუვსებლობის საპატიო მიზეზად, ვინაიდან საქმის მასალებით არ ირკვევა, მივლინებაში გამგზავრებამდე არსებობდა თუ არა სახელმწიფო ბაჟის ქვითრის სასამართლოში წარდგენის დამაბრკოლებელი გარემოება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კერძო საჩივარი უსაფუძვლოა, რის გამოც არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

თ. ს-ძის წარმომადგენლის ლ. ს-ავას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 30 სექტემბრის განჩინება;

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.