Facebook Twitter

ას-1176-1042-2010 21 დეკემბერი, 2010 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

მ. სულხანიშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ შ. მ-შვილი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ შ. ბ-შვილი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 20 ოქტომბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების იპოთეკის საგნის რეალიზაციის გზით შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შ. ბ-შვილმა სარჩელი აღძრა სასამართლოში შ. მ-შვილის მიმართ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების დავალდებულების მოთხოვნით, კერძოდ, მოპასუხისათვის სესხის ძირითადი თანხის _ 13000 ევროს დაკისრების მოთხოვნით, ხოლო ვალდებულების უზრუნველსაყოფად მოსარჩელემ მოითხოვა იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაცია.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

თელავის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილებით შ.ბ-შვილის სარჩელი შ.მ-შვილის მიმართ დაკმაყოფილდა, შ.მ-შვილს შ.ბ-შვილის სასარგებლოდ დაეკისრა 13000 ევროს ეკვივალენტი ლარის გადახდა და მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით მოხდა თელავის რაიონის სოფელ კისისხევში მდებარე იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაცია.

რაიონული სასამართლო გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 20 ოქტომბრის განჩინებით შ. მ-შვილის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა შ. მ-შვილმა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 19 ნოემბრის განჩინებით შ.მ-შვილის კერძო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” პუნქტის შესაბამისად, დაევალა სახელმწიფო ბაჟის _ 50 ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედნის წარმოდგენა.

ხარვეზის დადგენის შესახებ საკასაციო სასამართლოს 2010 წლის 19 ნოემბრის განჩინება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით გაეგზავნა შ.მ-შვილს საქმეში მის მიერ მითითებულ მისამართზე და ადრესატს ჩაბარდა 2010 წლის 27 ნოემბერს.

ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილ ვადაში შ.მ-შვილს დაკისრებული საპროცესო საპროცესო მოქმედება არ განუხორციელებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ შ. მ-შვილის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 401-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა კერძო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

დასახელებული მუხლიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მან დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილი ადგენს, რომ საპროცესო კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან კერძო საჩივრის შეუსაბამობის შემთხვევაში, სასამართლო საჩივრის ავტორს დაუდგენს ხარვეზს და დაუწესებს იმ საპროცესო მოქმედებას, რაც ხარვეზის გამოსწორებისათვისაა სავალდებულო. სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში დადგენილი საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობა კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 19 ნოემბრის განჩინებით შ.მ-შვილის კერძო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” პუნქტის შესაბამისად, დაევალა სახელმწიფო ბაჟის _ 50 ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედნის წარმოდგენა.

ხარვეზის დადგენის შესახებ საკასაციო სასამართლოს 2010 წლის 19 ნოემბრის განჩინება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით გაეგზავნა შ.მ-შვილს საქმეში მის მიერ მითითებულ მისამართზე და ადრესატს ჩაბარდა 2010 წლის 27 ნოემბერს (იხ. ტ.II, ს.ფ.27).

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. დასახელებული ნორმის თანახმად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი სამდღიანი ვადის დენა დაიწყო 2010 წლის 28 ნოემბერს და ამოიწურა ამავე წლის 30 ნოემბერს. ამ ვადის განმავლობაში მხარეს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსათვის, რაც შ.მ-შვილის კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

შ. მ-შვილის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 20 ოქტომბრის განჩიებაზე დარჩეს განუხილველად.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.