Facebook Twitter

¹ას-1176-1437-09 1 მარტი, 2010წ.

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე)

რ. ნადირიანი (მომხსენებელი), თ. თოდრია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – შ. ჯ-ძე

მოწინააღმდეგე მხარე – შპს “დ.”

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 20 ნოემბრის განჩინება

დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილებით შპს “დ.” სარჩელი შ. ჯ-ძისა და ვ. შ-შვილის მიმართ თანხის გადახდის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს შპს “დ.” სასარგებლოდ დაეკისრათ 170 000 აშშ დოლარის ეკვივალენტის გადახდა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შ. ჯ-ძემ, მოითხოვა მისი გაუქმება ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა სააპელაციო პალატის 2009 წლის 9 ოქტომბრის განჩინებით შ. ჯ-ძეს სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ქვითრის წარმოდგენა 5000 ლარის ოდენობით

2009 წლის 22 ოქტომბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა შ. ჯ-ძის წარმომადგენელმა მ. ს-ძემ და მოითხოვა სამოქალაქო კოდექსის 47-ე მუხლის საფუძველზე, შ. ჯ-ძის გათავისუფლება სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 30 ოქტომბრის განჩიენბით შ. ჯ-ძის წარმომადგენელ მ. ს-ძის განცხადება აპელანტის სახელმწიფო ბიუჯეტის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა და შ. ჯ-ძეს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა ხუთი დღით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 10 ნოემბრის განჩინებით შ. ჯ-ძის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო.

აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა შ. ჯ-ძის წარმომადგენელმა მ. ს-ძემ და მოითხოვა მისი გაუქმება იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ არ არსებობდა შ. ჯ-ძის სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან გათავისუფლების საფუძველი, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი იყო უტყუარი მტკიცებულებები მისი მძიმე მატერიალური მდგომარეობის შესახებ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 417-ე მუხლის საფუძველზე, აღნიშნული კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადმოაგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, საქმის ზეპირი განხილვის გარეშე, შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ შ. ჯ-ძის წარმომადგენელ მ. ს-ძის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი არ მიიღება და, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის შესაბამისად, დარჩება განუხილველად.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ განჩინების ასლი შ. ჯ-ძესა და მის წარმომადგენელს გაეგზავნათ და ჩაჰბარდათ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით, კერძოდ, მ. ს-ძეს 2009 წლის 11 ნოემბერს (ტII ს.ფ 42), ხოლო შ. ჯ-ძეს, კერძოდ მის მეუღლეს _ ნ. ჯ-ძეს 2009 წლის 12 ნოემბერს (ტ.II ს.ფ.43). შესაბამისად, განჩინების შევსების ბოლო ვადა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 60-61-ე მუხლების თანახმად, იყო 2009 წლის 16 ნოემბერი. სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში შ. ჯ-ძემ ხარვეზი არ გამოასწორა და არც რაიმე შუამდგომლობა სასამართლოში არ წარუდგენია, რის გამოც მისი სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შ. ჯ-ძე უნდა გათავისუფლებულიყო სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ვინაიდან უტყუარი მტკიცებულებები წარუდგინეს სასამართლოს მისი ქონებრივი მდგომარეობის შესახებ. აღნიშნულს საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს, ვინაიდან მითითებული მუხლის გათვალისწინებით, სასამართლოს შეუძლია სახელმწიფო ხარჯებისაგან მთლიანად ან ნაწილობრივ გაათავისუფლოს მხარე მისი ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, რომლის მტკიცების ტვირთი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, ეკისრება მხარეს. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ შ. ჯ-ძემ ვერ წარმოადგინა რაიმე ისეთი უტყუარი მტკიცებულება, რომელიც საფუძვლად დაედებოდა მის გათავისუფლებას სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო, სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივარი სწორად დატოვა განუხილველად და, შესაბამისად, არ არსებობს ამ განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

შ. ჯ-ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 20 ნოემბრის განჩინება;

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.