Facebook Twitter

ას-1177-1043-2010 10 იანვარი, 2011 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თ. თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვ. როინიშვილი, მ. სულხანიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ზ. მ-შვილი

მოწინააღმდეგე მხარე – ხ. ნ-ია

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 22 ოქტომბრის განჩინება

დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილებით ხ. ნ-იას სარჩელი ზ. მ-შვილის მიმართ არასრულწლოვანი შვილის სარჩოდ, ყოველთვიურად 200 ლარის დაკისრების თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ზ. მ-შვილს არასრულწლოვანი შვილის _ 2001 წლის 4 ივნისს დაბადებული ა. მ-შვილის სასარგებლოდ, დაეკისრა ალიმენტის გადახდა, ყოველთვიურად 170 ლარის ოდენობით სარჩელის აღძვრის მომენტიდან _ 2010 წლის 15 ივლისიდან მის სრულწლოვანებამდე.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზ. მ-შვილმა, მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით ალიმენტის შემცირება, კერძოდ, შვილის სარჩენად მისთვის, ყოველთვიურად, ნაცვლად 170 ლარისა, 90 ლარის დაკისრება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 22 ოქტომბრის განჩინებით ზ. მ-შვილის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო.

სასამართლომ მიიჩნია, რომ, ვინაიდან აპელანტი ითხოვდა ყოველთვიურად გადასახდელად დაკისრებული ალიმენტის შემცირებას 80 (170-90) ლარით, სააპელაციო საგნის ღირებულება სსკ-ის 41.1-ე მუხლის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, შეადგენდა 960 (80X12) ლარს, რაც კანონით დადგენილ 1000 ლარზე ნაკლები იყო, შესაბამისად, სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი განუხილველად დატოვა.

აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ზ. მ-შვილმა და მოითხოვა მისი გაუქმება იმ მოტივით, რომ დავა არაქონებრივი იყო და სასამართლოს მისი სააპელაციო საჩივარი, დაუშვებლობის მოტივით, განუხილველად არ უნდა დაეტოვებინა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ ზ. მ-შვილის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 1000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს.

მითითებული მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, სააპელაციო საჩივრის ღირებულების განსაზღვრისას სააპელაციო სასამართლო ხელმძღვანელობს სარჩელით, რომელშიც ჩამოყალიბებულია მოსარჩელის მოთხოვნა, გასაჩივრებული გადაწყვეტილებითა და კანონით. კანონი ქონებრივი დავის შემთხვევაში, სააპელაციო საჩივრის დასაშვებობისათვის გარკვეულ შეზღუდვას აწესებს, კერძოდ, სააპელაციო საჩივრის საგნის ღირებულება უნდა აღემატებოდეს 1000 ლარს.

კერძო საჩივრის ავტორი გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად უთითებს იმ გარემოებაზე, რომ საალიმენტო დავა არაქონებრივი ხასიათისაა, რის გამოც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს საჩივარი განუხილველად არ უნდა დაეტოვებინა, რასაც საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს. საპროცესო კანონმდებლობით, ალიმენტის შესახებ დავები ქონებრივ-სამართლებრივ დავებს განეკუთვნება, რომელთან დაკავშირებულ საჩივრებზე დავის საგნის განსაზღვრის წესი პირდაპირ ჩამოყალიბებულია სამოქალაქო საპროცესო 41.1-ე მუხლის “გ” ქვეპუნქტში, რომლის თანახმად, ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელის დავის საგნის ფასი განისაზღვრება _ ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით.

განსახილველ შემთხვევაში, როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, ზ. მ-შვილი სააპელაციო საჩივრით ასაჩივრებს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებას, რომლითაც მას, არასრულწლოვანი შვილის _ 2001 წლის 4 ივნისს დაბადებული ა. მ-შვილის სარჩენად, დაეკისრა ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 170 ლარის ოდენობით მის სრულწლოვანებამდე. სააპელაციო საჩივრის თანახმად, იგი ითხოვდა ახალი გადაწყვეტილების მიღებით მისთვის, შვილის რჩენა-აღზრდისათვის ყოველთვიურად 90 ლარის დაკისრებას, რაც ცხადყოფს, რომ აპელანტმა სადავოდ გახადა ალიმენტის ოდენობა 80 ლარის ნაწილში. ვინაიდან ალიმენტი შემცირდა 80 ლარით, შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის საგნის ღირებულება უნდა გამოანგარიშდეს 80 ლარის ერთ წელზე (12 თვეზე) გაანგარიშებით, რაც არ აღემატება 1000 ლარს.

აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას სააპელაციო საჩივრის დაუშვებლობის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობის თაობაზე, ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის “გ” ქვეპუნქტის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ სწორად განსაზღვრა ზ. მ-შვილის სააპელაციო საჩივრის ღირებულება 960 (80X12) ლარით, და მართებულად დატოვა იგი განუხილველად დაუშვებლობის გამო, რის გამოც არ არსებობს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 22 ოქტომბრის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ზ. მ-შვილის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 22 ოქტომბრის განჩინება.

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.