ას-11-8-2011 10 მარტი, 2011 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: თ. თოდრია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ლ. ბ-იანი (მოსარჩელე)
წარმომადგენელი _ ნ. გ-ძე
მოწინააღმდეგე მხარე – სს «ო. თ.» (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალქო საქმეტა პალატის 2010 წლის 15 დეკემბრის განჩინება
დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 6 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ლ. ბ-იანის სარჩელი მოპასუხე სს «ო. თ-ს» მიმართ ფულადი ვალდებულების შესრულების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ. ბ-იანმა და მოითხოვა მისი გაუქმება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალქო საქმეტა პალატის 2010 წლის 15 დეკემბრის განჩინებით ლ. ბ-იანის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ლ. ბ-იანმა და მოითხოვა მისი გაუქმება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 10 იანვრის განჩინებით ლ. ბ-იანს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ქვითრის წარმოდგენა.
2011 წლის 31 იანვარს კერძო საჩივრის ავტორმა განცხადებით მიმართა საკასაციო პალატას და მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება იმ საფუძვლით, რომ არის დაზარალებული და მოტყუებული მეანაბრე.
საკასაციო პალატის 2011 წლის 1 თებერვლის განჩინებით ლ.ბ-იანის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა და კერძო საჩივრის ავტორს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადა 3 დღით.
2011 წლის 7 თებერვალს ლ. ბ-იანმა კვლავ მიმართა საკასაციო პალატას განცხადებით და მოითხოვა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-47-ე მუხლების შესაბამისად სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება.
საკასაციო პალატის 2011 წლის 14 თებერვლის განჩინებით ლ. ბ-იანის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა და კერძო საჩივრის ავტორს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადა 3 დღით.
2011 წლის 28 თებერვალს ლ. ბ-იანმა კვლავ მიმართა საკასაციო პალატას განცხადებით და მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება, როგორც დაზარალებული და მოტყუებული მეანაბრე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. ბ-იანის კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 10 იანვრის განჩინებით ლ. ბ-იანს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ქვითრის წარმოდგენა.
2011 წლის 31 იანვარს კერძო საჩივრის ავტორმა განცხადებით მიმართა საკასაციო პალატას და მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან იმ საფუძვლით, რომ არის დაზარალებული და მოტყუებული მეანაბრე.
კერძო საჩივრის ავტორს რამდენჯერმე გაუგრძელდა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადა, მაგრამ მან არ გამოასწორა ხარვეზი, კერძოდ, არ წარმოადგინა სახელმწიფო ბაჟის _ 50 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ პასუხობს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ, ვინაიდან სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზი არ იქნა შევსებული, კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 420-ე, 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლ. ბ-იანის კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.