ას-1185-1046-2010 10 იანვარი, 2011 წელი,
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვ. როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მ. სულხანიშვილი, ლ. მურუსიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – მ. ჯ-ევი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 20 ივლისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ა. ა-ევამ, ზ. ჯ-ევმა, ჟ. მ-ევამ და ს. რ-იანმა სარჩელი აღძრეს სასამართლოში შპს „თ.-ს“ მიმართ უკანონოდ გათავისუფლების შედეგად სამუშაოზე აღდგენის, განაცდურისა და კუთვნილი გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურების მოთხოვნით.
მოსარჩელეები მიუთითებენ, რომ ისინი ჯეროვნად და კეთილსინდისიერად ასრულებდნენ სამუშაოს და უკანონოდ იქნენ გათავისუფლებულნი. რაც შეეხება შვებულებას, განმარტავენ, რომ ხელმძღვანელები არ აძლევდნენ უფლებას ესარგებლად კუთვნილი დასვენებით.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
2009 წლის 2 მარტის გადაწყვეტილებით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ ა. ა-ევის, ჟ. მ-ევასა და მ. ჯ-ევის სარჩელი არ დააკმაყოფილა. სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელეები არ ასრულებდნენ ხელმძღვანელი პირების მითითებას, თავს არიდებდნენ ვალლდებულების შესრულებას, რაც მათი გათავისუფლების კანონიერი საფუძველია. რაც შეეხება განაცდური შვებულების ანაზღაურებას, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეებს არ მოუთხოვიათ მოპასუხისგან ანაზღაურებად შვებულებაში გასვლა.
აღნიშნული გადაწყვეტილება, ა. ა-ევამ, მ. ჯ-ევმა და ჟ. მ-ევამ გაასაჩივრეს სააპელაციო წესით და მისი გაუქმება მოითხოვეს.
2010 წლის 17 ივნისის განჩინებით ა. ა-ევასა და ჟ. მ-ევას სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო, იმ მიზეზით, რომ მათ დარღვეული ჰქონდათ გასაჩივრების 14 დღიანი ვადა; ხოლო მ. ჯ-ევს დაევალა განჩინების ასლის გადაცემიდან 7 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის წარმოდგენა.
აღნიშნული განჩინება სააპელაციო სასამართლოს მიერ კანონით დადგენილი წესით გაგზავნილ იქნა მ. ჯ-ევისათვის 2010 წლის 1 ივლისს (ს.ფ. 313) და ჩაბარებული იქნა მისი მეუღლე _ ე. ჯ-ვასათვის ამავე წლის 5 ივლისს (ს.ფ. 319).
2010 წლის 20 ივლისის განჩინებით მ. ჯ-ევის სააპელაციო საჩივარი სამუშაოზე აღდგენის მოთხოვნის ნაწილში დარჩა განუხილველად ხარვეზის შეუვსებლობის გამო.
სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 20 ივლისის განჩინებაზე, მ. ჯ-ევმა შეიტანა კერძო საჩივარი და მის გაუქმება მოითხოვა.
კერძო საჩივრის ავტორმა განმარატა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 20 ივლისის განჩინება მას არ ჩაბარებია და შესაბამისად იგი ამ განჩინებით დადგენილ ხარვეზს ვერ შეავსებდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ჯ-ევის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
იმავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივარს არ დააკმაყოფილებს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არ აქვს ადგილი. აღნიშნული მუხლიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია დააკმაყოფილოს კერძო საჩივარი თუ მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება არასწორია.
მოცემულ შემთხვშევაში სააპელაციო სასამართლოს განჩინება არსებითად სწორია გამომდინარე საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილიდან, კერძოდ, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს, თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.
მ. ჯ-ევს სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა სახელმწიფო ბაჟის გადახდა. საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, მას სასამართლოში უნდა წარედგინა 150 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, რისთვისაც მას განესაზღვრა 7 დღიანი ვადა, აპელანტისათვის მიცემული ვადა უშედეგოდ გავიდა.
საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე სრუწლოვან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობდნენ, როგორც მოწინააღმდეგე მხარეები. უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება, დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ვალდებულია, უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ჩაბარება ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაითვლება უწყების ჩაბარებად ადრესატისთვის, რაც დასტურდება ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.
მოცემულ შემთხვშევაში განჩინების ასლი ხარვეზის დადგენის შესახებ, ჩაიბარა მ. ჯ-ევის მეუღლემ, რაც დასტურდება საქმეში არსებული დოკუმენტით. აღნიშნული საკმარისია იმისათვის რომ განჩინების ასლი ჩაითვალოს მ. ჯ-ევისთვის ჩაბარებულად.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დასაბუთებული, კანონიერია და მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 368-ე, 63-ე, 74-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. ჯ-ევის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. მოცემულ საქმეზე უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 20 ივლისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.