¹ას-1189-1450-09 23 თებერვალი, 2010წ.
ას-1189-1450-09 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
ლ. ლაზარაშვილი (მომხსენებელი), ნ. კვანტალიანი
სხდომის მდივანი _ ლ. სანიკიძე
კერძო საჩივრის ავტორი (მოპასუხე) _ ლ. თ-ძე (წარმომადგენელი გიორგი თითბერიძე)
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ თ. ქ-აია
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 29 ოქტომბრის განჩინება
სარჩელის დავის საგანი _ თანასაკუთრებაში არსებული ქონების გაყოფა, თანასაკუთრებაში არსებული ქონების ღირებულების ანაზღაურება
კერძო საჩივრის დავის საგანი _ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილებით თ. ქ-აიას სარჩელი მოპასუხე ლ. თ-ძის მიმართ, რომლითაც იგი მოითხოვდა მოპასუხესთან თანაცხოვრების პერიოდში შეძენილი მოძრავი ნივთების თანაბრად გაყოფასა და ამ ნივთების ღირებულების ნახევარის ანაზღაურებას, არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლომ საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით დაადგინა, რომ თ. ქ-აიასა და ლ. თ-ძეს შორის რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა 1984 წლის 14 ოქტომბერს; მოსარჩელისათვის განქორწინების თაობაზე იმთავითვე ცნობილი იყო, სწორედ ამ გარემოებას ეფუძნებოდა მისი 2002 წლის 26 დეკემბრის სარჩელი ქონების გაყოფის შესახებ, აგრეთვე 2004 წლის 24 მაისს განხილული სარჩელი შვილის სააქტო ჩანაწერში ცვლილებების შეტანის შესახებ.
საქალაქო სასამართლომ მიუთითა მხარეთა შორის ქორწინების შეწყვეტის პერიოდში მოქმედი საქართველოს სსრ საქორწინო და საოჯახო კოდექსის 22-ე მუხლის ბოლო აბზაცზე, ამავე კოდექსის მე-80 მუხლზე, რომელთა თანახმად, განქორწინებულ მეუღლეთა საერთო თანასაკუთრების ქონების გაყოფის თაობაზე მოთხოვნებისათვის დადგენილია სასარჩელო ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა; სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა იწყება სარჩელის უფლების წარმოშობის დღიდან; სარჩელის უფლება წარმოიშობა იმ დღეს, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი უფლების დარღვევა.
საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ მან ხანდაზმულობის ვადის გასვლამდე მიმართა სასამართლოს სარჩელით, იმის გამო, რომ განქორწინების მოწმობა აიღო 2005 წელს. ამასთან დაკავშირებით სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო სამართლის კოდექსის მე-80 მუხლი კონკრეტულ შემთხვევაში სამწლიანი ხანდაზმულობის ვადის ათვლას უკავშირებდა არა განქორწინების მოწმობის აღებას, არამედ _ განქორწინების რეგისტრაციის შესახებ დაინტერესებული პირის მიერ შეტყობას, ვინაიდან განქორწინების მოწმობის აღება მხარის სურვილზე იყო დამოკიდებული და საჭიროების არარსებობის შემთხვევაში შეიძლება მხარეს არც აეღო.
ამდენად, საქალაქო სასამართლომ თ. ქ-აიას სარჩელი ლ. თ-ძის მიმართ ხანდაზმულად მიიჩნია, რის გამოც იგი არ დააკმაყოფილა (ტომი I, ს.ფ. 96-100).
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ. ქ-აიამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება (ტომი I, ს.ფ. 110-117).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 9 სექტემბრის განჩინებით თ. ქ-აიას სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.
საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათზე დაყრდნობით (ს.ფ. 105) სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილება აპელანტს ჩაჰბარდა 2008 წლის 12 ივლისს. რამდენადაც კანონმდებელი გასაჩივრების ვადის დენის დაწყებას უკავშირებს მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტს, სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის ათვლა დაიწყო სწორედ 2008 წლის 12 ივლისიდან, მიუხედავად იმისა, რომ საქმეში ასევე მოიპოვებოდა თ. ქ-აიას ხელწერილი დასახელებული გადაწყვეტილების მის მიერ 2008 წლის 22 ივლისს ჩაბარების თაობაზე.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველ ნაწილზე, ამავე კოდექსის მე-60, 61-ე მუხლებზე და დაასკვნა, რომ მოცემულ შემთხვევაში აპელანტს სააპელაციო საჩივარი უნდა შეეტანა 2008 წლის 28 ივლისის ოცდაოთხ საათამდე. იმის გათვალისწინებით, რომ თ. ქ-აიამ საქალაქო სასამართლოში სააპელაციო საჩივარი წარადგინა 2008 წლის 5 აგვისტოს, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მან დაარღვია სააპელაციო საჩივრის აღძვრის საპროცესო კანონმდებლობით იმპერატიულად დადგენილი 14-დღიანი ვადა. აღნიშნული გარემოება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 374-ე მუხლებიდან გამომდინარე სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენდა (ტომი I, ს.ფ. 127-129).
სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა თ. ქ-აიამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და მისი სააპელაციო საჩივრის არსებითად განხილვა (ტომი I, ს.ფ. 132).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2008 წლის 12 ნოემბრის განჩინებით თ. ქ-აიას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 9 სექტემბრის განჩინება.
საკასაციო სასამართლომ არ გაიზიარა კერძო საჩივრის ავტორის განმარტება იმის შესახებ, რომ კურიერმა მასზე გადასაცემი ბარათი დაუტოვა მისი მეზობლის _ დ. გ-ძის ოჯახს, ხოლო კერძო საჩივრის ავტორს გადასცეს დაგვიანებით, ვინაიდან აღნიშნულის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი მის მიერ წარდგენილი არ ყოფილა. საქმის მასალებით დასტურდებოდა, რომ თ. ქ-აიას საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ჩაჰბარდა 2008 წლის 12 ივლისს (ტომი I, ს.ფ. 143-146).
2009 წლის 12 თებერვალს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა თ. ქ-აიამ, რომელმაც მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 9 სექტემბრის განჩინების გაუქმება.
საქმეზე წარმოების განახლების მოთხოვნას განმცხადებელი აფუძნებდა იმ გარემოებას, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილება პირადად მას არ ჩაჰბარებია, შესაბამისად, საფოსტო გზავნილის ჩაბარების დასტურზე არსებული ხელმოწერა მას არ ეკუთვნის. 12 ივლისს თ. ქ-აია იმყოფებოდა თბილისში სამკურნალოდ, გადაწყვეტილება კი ჩაჰბარდა მისი მეზობლის ოჯახს მისთვის გადასაცემად, რომელთაც აღნიშნული გზავნილი გადასცეს დაგვიანებით. თბილისში ყოფნის პერიოდში თვითონ მიაკითხა თბილისის საქალაქო სასამართლოს და 2008 წლის 22 ივლისს ჩაიბარა გადაწყვეტილება (ტომი II, ს.ფ. 3, 16).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 23 აპრილის განჩინებით თ. ქ-აიას განცხადება არ დაკმაყოფილდა, რაც ამ უკანასკნელმა კერძო საჩივრით გაასაჩივრა (ტომი II, ს.ფ. 64-66, 69-91).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 23 ივლისის განჩინებით თ. ქ-აიას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 23 აპრილის განჩინება (ტომი II, ს.ფ. 102-106).
2009 წლის 12 ივნისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას კვლავ მიმართა განცხადებით თ. ქ-აიამ, რომელმაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის შესაბამისად მოითხოვა ამავე სასამართლოს 2008 წლის 9 სექტემბრის განჩინების გაუქმება და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება.
განმცხადებელი ახლად აღმოჩენილად მიიჩნევდა იმ გარემოებას, რომ გადაწყვეტილება ჩაჰბარდა არა პირადად მას, არამედ _ სხვა პირს. მისი მითითებით, მტკიცებულება (შინაგან საქმეთა სამინისტროს ბორჯომის რაიონული სამმართველოს გამომძიებლის მიერ შედგენილი გასაუბრების ოქმები), რომლითაც დადასტურდებოდა ხსენებული გარემოება, მისთვის ხელმისაწვდომი გახდა მოგვიანებით, საქმის განხილვის და გადაწყვეტილების მიღების შემდეგ _ 2009 წლის 18 მაისს, როდესაც მან მოიპოვა აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით წარმოებული მოკვლევის მასალები, კერძოდ, გასაუბრების ოქმების ქსეროასლები (ტომი II, ს.ფ. 110-113).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 29 ოქტომბრის განჩინებით თ. ქ-აიას განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 9 სექტემბრის განჩინება და საქმის წარმოება განახლდა თ. ქ-აიას სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების სტადიიდან.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, ამ მუხლის პირველი ნაწილის “ვ” ქვეპუნქტში აღნიშნული საფუძვლით (თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას) საქმის განახლება დასაშვებია, თუ მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა, საქმის განხილვის და გადაწყვეტილების მიღების დროს მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, კანონის ზემომითითებული ნორმის მიხედვით, საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ ორი ძირითადი პირობის არსებობისას, კერძოდ, იმ შემთხვევაში, როდესაც ახლად აღმოჩენილი გარემოება არსებობდა გადაწყვეტილების გამოტანამდე, მაგრამ აღნიშნულის თაობაზე ცნობილი არ იყო და მეორე, განმცხადებლისათვის ამ ფაქტის თაობაზე მოგვიანებით გახდა ცნობილი და მას, ბრალის გარეშე, საქმის სასამართლოში განხილვის დროს არ შეეძლო, მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე.
მოცემულ შემთხვევაში ახლად აღმოჩენილ გარემოებას წარმოადგენდა ის, რომ გადაწყვეტილება ჩაჰბარდა არა თ. ქ-აიას, არამედ სხვა პირს, რაც არსებობდა გადაწყვეტილების გამოტანამდე, რომლის თაობაზეც განმცხადებლისათვის, მართალია, ჯერ კიდევ საქმის სასამართლოში განხილვის დროს იყო ცნობილი, მაგრამ მტკიცებულება (გასაუბრების ოქმები), რომლითაც დადასტურდებოდა ხსენებული გარემოება, მისთვის ხელმისაწვდომი გახდა მოგვიანებით, საქმის განხილვის და გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, 2009 წლის 18 მაისს (შინაგან საქმეთა სამინისტროს ბორჯომის რაიონული სამმართველოს 2009 წლის 18 მაისის ¹32/1-10/1415 განცხადებით, რომელსაც თან ერთვოდა გასაუბრების ოქმები).
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლომ თ. ქ-აიას მოთხოვნა საქმის წარმოების განახლების შესახებ საფუძვლიანად მიიჩნია და დააკმაყოფილა (ტომი II, ს.ფ. 157-160).
სააპელაციო სასამართლოს დასახელებული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ლ. თ-ძემ (წარმომადგენელი გ. თ-ძე), რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ უგულებელყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის იმპერატიული დანაწესი, რაც იმაში მდგომარეობს, რომ რაიმე სახის მტკიცებულების წარდგენა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს საქმის წარმოების განახლების საფუძველი, როდესაც მისი წარდგენა მხარისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას განაპირობებს. თ. ქ-აიას განცხადება მის მიერ გზავნილის ჩაუბარებლობის თაობაზე ვერანაირად ვერ გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას, რამდენადაც საქმის მასალები ამის საფუძველს არ იძლეოდა.
კერძო საჩივრის ავტორი არასწორად მიიჩნევს თ. ქ-აიას მითითებას იმის შესახებ, რომ თითქოს მან მოწინააღმდეგე მხარესთან განქორწინების ფაქტი შეიტყო მხოლოდ 2005 წელს. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილებითა და მისი უცვლელად დატოვების შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 20 ივლისის განჩინებით, რომლებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსაც მოცემულ საქმეზე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლიდან გამომდინარე გააჩნია პრეიუდიციული მნიშვნელობა, დადგენილია, რომ მხარეთა შორის ქორწინების შეწყვეტის ფაქტი თ. ქ-აიასათვის ცნობილი იყო ჯერ კიდევ 1989 წელს.
კერძო საჩივრის ავტორი სადავოდ ხდის იმ გარემოებასაც, რომ განცხადების ავტორის მოსაზრება დოკუმენტის სიყალბის შესახებ არ არის განმტკიცებული კანონით განსაზღვრული წესით. ამასთან, იგი ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით არ გაითვალისწინა უზენაესი სასამართლოს 2009 წლის 23 ივლისის განჩინებაში მოყვანილი მითითებები. საკასაციო სასამართლომ აღნიშნული განჩინებით თ. ქ-აიას უარი უთხრა კერძო საჩივრის დაკმაყოფილებაზე (ტომი II, ს.ფ. 181-183).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მსჯელობას, რომ კერძო საჩივრის დაკმაყოფილების წინაპირობა არ არსებობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის საფუძველზე, რამდენადაც თ. ქ-აიას სარჩელი ხანდაზმულია და განცხადების დაკმაყოფილებისა და საქმის წარმოების განახლების პირობებშიც მხარისათვის სასარგებლო გადაწყვეტილება არ დადგება.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში საქმის არსებითი მხარე და თ. ქ-აიას სარჩელის საფუძვლიანობის საკითხი არ მოწმდება. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში საქმეზე წარმოება დასრულებულია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 9 სექტემბრის განჩინებით, რომლითაც თ. ქ-აიას სააპელაციო საჩივარი დატოვებულია განუხილველად გასაჩივრების ვადის გაშვების გამო და სწორედ ამ უკანასკნელ გარემოებასთან დაკავშირებული საკითხები მოწმდება. ამდენად, ამ შემთხვევაში კერძო საჩივრის საფუძვლიანობა არ არის დამოკიდებული იმ გარემოებაზე, სარჩელი არსებითად დასაკმაყოფილებელია თუ არა.
განმცხადებელი თ. ქ-აია ახლად აღმოჩენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ გადაწყვეტილება მას არ ჩაბარებია. საქმის მასალების თანახმად, მტკიცებულება (გასაუბრების ოქმები), რომლითაც აღნიშნული გარემოება დასტურდება, თ. ქ-აიასათვის ხელმისაწვდომი გახდა 2009 წლის 18 მაისს, საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების გამოტანის შემდგომ, როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტროს ბორჯომის რაიონული სამმართველოს 2009 წლის 18 მაისის ¹32/1-10/1415 წერილით თ. ქ-აიას ჩაჰბარდა მისი განცხადების ირგვლივ მოკვლეული მასალების, მათ შორის, გასაუბრების ოქმების ქსეროასლები. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ მათი წარდგენა ამ ეტაპზე განაპირობებდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის “ვ” ქვეპუნქტით საქმეზე წარმოების განახლებას.
მოცემულ შემთხვევაში თ. ქ-აია საქმეზე წარმოების განახლებას მოითხოვს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის “ვ” ქვეპუნქტის საფუძველზე, რომელიც საქმეზე წარმოების განახლებას არ უკავშირებს დაკუმენტის სიყალბის შესახებ სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული განაჩენის არსებობას. აღნიშნულს ითვალისწინებს ამავე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტი და მე-2 ნაწილი, რაც ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების სრულიად სხვა საფუძველია.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2008 წლის 12 ნოემბრის განჩინების არსებობა ასევე არ გამორიცხავს კერძო საჩივრის დაკმაყოფილების შესაძლებლობას. დასახელებული განჩინებით კერძო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა განპირობებული იყო საჩივარში მოყვანილი გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებების არარსებობით, რაც არ ნიშნავს, რომ შესაბამისი მტკიცებულებების არსებობის პირობებში, შემდგომში საქმეზე წარმოების განახლების შესაძლებლობა გამოირიცხება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო უცვლელად ტოვებს გასაჩივრებულ განჩინებას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ლ. თ-ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 29 ოქტომბრის განჩინება;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.