Facebook Twitter

¹ას-119-113-10 18 მარტი, 2010 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ლ. ლაზარაშვილი, თ. თოდრია

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი –ჯ. ნ-შვილი

მოწინააღმდეგე მხარე- ზ. კ-ია

გასაჩივრებული განჩინება –თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 18 იანვრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი –დავალიანების გადახდევინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 09 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ჯ. ნ-შვილის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ზ. კ-იას შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ჯ. ნ-შვილმა

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 18 იანვრის განჩინებით ჯ. ნ-შვილის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.

პალატამ დადგენილად მიიჩნია, შემდეგი გარემოებები:

გასაჩივრებული გადაწყვეტილება ჯ. ნ-შვილის მეუღლეს ბ. მ-ავას ჩაბარდა 2009 წლის 26 ნოემბერს(ტ.I სფ 227).

აპელანტმა სააპელაციო საჩივარი შეიტანა 2009 წლის 11 დეკემბერს, სააპელაციო საჩივრის შეტანის კანონით დადგენილი 14 დღიანი ვადის გასვლის შემდეგ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 18 იანვრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ჯ. ნ-შვილმა.

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით სააპელაციო სასამართლოს მიღებული განჩინება საქმეზე თანდართული საფოსტო გზავნილის მიხედვით არ არის უკანონო, მაგრამ ფაქტობრივი გარემოება ფოსტის მუშაკების მიერ არის შეცვლილი, რის საფუძველზეც მოითხოვა განჩინების გაუქმება.

ჯ. ნ-შვილის განცხადებით 2009 წლის 27 ნოემბერს სასამართლო გადაწყვეტილება ჩაიბარა მისმა მეუღლემ ბ. მ-ავამ, იმ მოტივით რომ ის არ იყო სახლში, ხელმოწერა ბ. მ-ავამ გააკეთა საფოსტო გზავნილი 384-ზე, კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით მითითებული საფოსტო გზავნილი ფოსტის მუშაკს რ-ძეს წინასწარ ჰქონდა შევსებული და ჩაბარების თარიღად მიუთითა 26-11-2009, იმ მოტივით, რომ მისი განრიგის მიხედვით ეს საფოსტო გზავნილი უნდა ჩაებარებინა 26 ნოემბერს, ხოლო საფოსტო გზავნილი ფოსტის მუშაკმა სახლში მიუტანია 2009 წლის 27 ნოემბერს და ჩააბარა ბ. მ-ავას, რომელმაც ხელი მოაწერია საფოსტო გზავნილზე თავისი პირადობის მოწმობის ნომერიც ჩაწერა, მაგრამ წელი, რიცხვი და თვე არ ჩაუწერია, ამისთვის ყურადღება არ მიუქცევია.

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით საფოსტო გაზავნილზე არსებული ხელმოწერა გააკეთაA ბ. მ-ავამ, მაგრამ რეალურად ეს მოხდა არა 26 ნოემბერს არამედ 27 ნოემბერს, მას წელი, თვე და რიცხვი საფოსტო გზავნილზე არ გაუკეთებია.

კერძო საჩივრის ავტორი ასევე განმარტავს, რომ სასამართლოში წარდგენილი საფოსტო გზავნილის კანონიერების გადასამოწმებლად მივიდა ფოსტაში ... ქუჩა ¹25-ში, სადაც ფოსტის მუშაკი

ესაუბრა ზემოაღნიშნულ გარემოებების თაობაზე. ფოსტის უფროსმა ნ. მ-შვილმა კი განუმარტა, რომ იგი ფიზიკურ და კერძო სამართლის იურიდიულ პირებს არ მისცემს წერილობით პასუხს, თუ იქნება მოსამართლის დავალება, გამოცხადდებოდა სასამართლოში ან წარადგენდა წერილობით დასტურს, რომ ფოსტის მუშაკის მიერ გზავნილის შევსებისას დაშვებულია მექანიკური შეცდომა, რეალურად საფოსტო გზავნილი 384 ჯ. ნ-შვილის ოჯახს ჩაბარდა 2009 წლის 27 ნოემბერს და არა 26 ნოემბერს.

აღნიშნულიდან გამომდინარე კერძო საჩივრის ავტორმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატა გაეცნო წარმოდგენილ კერძო საჩივარს და საქმის მასალებს და მიიჩნია რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 09 ოქტომბრის გადაწყვეტილება ჯ. ნ-შვილის მეუღლეს ბ. მ-ავას ჩაბარდა 2009 წლის 26 ნოემბერს (ტ.I სფ 227).

აპელანტმა სააპელაციო საჩივარი შეიტანა 2009 წლის 11 დეკემბერს სააპელაციო საჩივრის შეტანის კანონით დადგენილი 14 - დღიანი ვადის გასვლის შემდეგ.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის შესაბამისად სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადას შეადგენს 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებულმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე სრულწლოვან წევრს, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობენ, როგორც მოწინააღმდეგე მხარეები უწყების მიმღები ვალდებულია, უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი თუ გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება, დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ვალდებულია, უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ჩაბარება ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაითვლება უწყების ჩაბარებად ადრესატისათვის, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.

მითითებული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ ჯ. ნ-შვილმა გადაწყვეტილება ჩაიბარა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, ხოლო სააპელაციო საჩივარი წარადგინა კანონმდებლობით დადგენილი 14 დღიანი ვადის გასვლის შემდგომ და შესაბამისად, სააპელაციო პალატა უფლებამოსილი იყო დაეტოვებინა სააპელაციო საჩივარი განუხილველი დაუშვებლობის გამო.

რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის განმარტებას, რომ ფოსტის მუშაკის მიერ გზავნილის შევსებისას დაშვებულია მექანიკური შეცდომა, რეალურად საფოსტო გზავნილი 384 ჯ. ნ-შვილის ოჯახის წევრს ჩაბარდა 2009 წლის 27 ნოემბერს და არა 26 ნოემბერს, აღნიშნულის საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, რაიმე მტკიცებულება მხარის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა, ხოლო საქმის მასალებით დასტურდება, რომ სასამართლო გზავნილი თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ჩაბარდა 2009 წლის 26 ნოემბერს (ტ.I სფ 227).

შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ეყრდნობა საქმის მასალებში არსებული გზავნილის მონაცემებს და თვლის, რომ ჯ. ნ-შვილმა გაუშვა სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება ქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ რადგან მხარემ კანონით გათვალისწინებულ ვადაში არ შეიტანა სააპელაციო საჩივარი შესაბამის სასამართლოში, დაკარგა აღნიშნული საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ჯ. ნ-შვილის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 18 იანვრის განჩინება დარჩეს უცვლელად;

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.